Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანონო თევზჭერა საქართველოში


მიუხედავად აკრძალვისა, საქართველოში ხშირია უკანონო თევზჭერის შემთხვევები. ბრაკონიერები თევზებს თვითნაკეთი ელექტრონული აპარატებით ხოცავენ. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ წელს ბრაკონიერობის 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

8 სექტემბერს წალკის წყალსაცავზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბრაკონიერობის მორიგი ფაქტი გამოავლინა. იქ სახლართი ბადეებით მოპოვებული 25 კილო ხრამულის ჯიშის თევზი ამოიღეს.

გვაქვს შემთხვევები, როცა ფეთქებადი და მომწამვლელი ნივთიერებებით ხდება, თუმცა ეს ხშირი არ არის. უფრო ხშირია თვითნაკეთი ელექტრონული აპარატებიდან თევზჭერის ფაქტები. ასევე, სახლართი ბადეებით ხდება და აკრძალული ბადეიარაღებით...
ნელი კორკოტაძე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ მათი დეპარტამენტი 2013 წელს შეიქმნა და, აქედან მოყოლებული, დღემდე უკანონო თევზჭერის დაახლოებით 2 000 ფაქტი არის აღრიცხული. უშუალოდ წელს 412 ადმინისტრაციული და 85 სისხლის სამართლის დანაშაული გამოვლინდა. მისივე თქმით, დარღვევები ძირითადად მდინარეებსა და ტბებზე ხდება, ნაკლებად - ზღვაზე.

„გვაქვს შემთხვევები, როცა ფეთქებადი და მომწამვლელი ნივთიერებებით ხდება, თუმცა ეს ხშირი არ არის. უფრო ხშირია თვითნაკეთი ელექტრონული აპარატებიდან თევზჭერის ფაქტები. ასევე, სახლართი ბადეებით ხდება და აკრძალული ბადეიარაღებით“.

ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ კანონი დეტალურად მიუთითებს, თუ სად და როგორ შეიძლება თევზაობა. მაგალითად, მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია თევზჭერა საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, ასევე მდინარეთა შესართავებში. აკრძალვა მოქმედებს ტბებზეც. მაგალითად, ფარავნის ტბაზე 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მთლიანად არის აკრძალული თევზჭერა.

ნიკა ზურაბიშვილი, რომელიც სპორტული მეთევზეობით არის დაკავებული და გარემოსდაცვით აქტივობებშიც მონაწილეობს, ამბობს, რომ რეალურად უკანონო თევზჭერის შემთხვევები 3-4-ჯერ მეტია. უბრალოდ, რესურსების სიმწირის გამო, ზედამხედველობის ორგანოები ყველა ფაქტზე რეაგირებას ვერ ახერხებენ:

„რა ხდება, იცით? ისინი კი მუშაობენ, დაუზარლად მოდიან თითოეულ გამოძახებაზე, მაგრამ ცოტანი არიან. მაგალითად, კასპში და გორში, ამ ორ დიდ რაიონში, მხოლოდ და მხოლოდ ორი მანქანა აქვთ, ანუ ფიზიკურად ვერ ახერხებენ ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებას“.

როგორც კი ხედავენ, რომ „რეიდია“, წყალში ყრიან ნადავლსაც და ელექტროშოკურ მოწყობილობასაც და ვეღარაფერს უმტკიცებენ. ხედავენ, რომ ბრაკონიერობენ, მაგრამ პასუხისგებაში ვერ აძლევენ...
ნიკა ზურაბიშვილი

მისივე თქმით, კანონმდებლობაც არ არის სრულყოფილი. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობით, თუ ადამიანი ნადავლით ხელში არ დაიჭირეს, დანაშაული არ უმტკიცდება.

„როგორც კი ხედავენ, რომ „რეიდია“, წყალში ყრიან ნადავლსაც და ელექტროშოკურ მოწყობილობასაც და ვეღარაფერს უმტკიცებენ. ხედავენ, რომ ბრაკონიერობენ, მაგრამ პასუხისგებაში ვერ აძლევენ“.

ნიკა ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავადაც სახეზე ცნობს ბრაკონიერებს, მაგრამ არ შეუძლია დაუმტკიცოს, რომ თევზი უკანონოდ აქვთ მოპოვებული. რაც შეეხება თევზის რეალიზაციას, ამბობს, რომ ხშირად თევზს გარემოვაჭრეებს აბარებენ, ხოლო გარევაჭრობა საქართველოში ისედაც აკრძალულია და ამიტომ შეიძლებოდა დამნაშავეები ამ საბაბით მაინც დაეკავებინათ.

და კიდევ ერთი, არის თუ არა უკანონო გზით მოპოვებული თევზი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის საზიანო. ნელი კორკოტაძის განმარტებით, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს. მისი თქმით, თევზი კანონიერად მოპოვებული იქნება თუ უკანონოდ, საჭმელად მაინც ვარგისია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვეული არ არის მისი შენახვისა და გასაღების პირობები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG