Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება


სტუდენტების საპროტეტსო აქცია უკრაინაში
სტუდენტების საპროტეტსო აქცია უკრაინაში
უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ გრძელდება მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, მიუხედავად უკრაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ამ ხელშეკრულებას ვილნიუსის სამიტზე ხელი არ მოაწეროს.

აზაროვი ამ განცხადებით გამოვიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. აქცია უკვე მეოთხე დღეა გრძელდება, მისი მონაწილეები მოითხოვენ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას.

ამასთან, ოთხშაბათს აზაროვმა პოლიციას მოუწოდა მეტი სიმკაცრე გამოავლინოს დემონსტრანტების მიმართ: „სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცდილობს ხალხის ნების მშვიდობიანი გამოხატვა გადააქციოს ძალადობრივ დაპირისპირებად. სამართალდამცავმა სააგენტოებმა ამგვარი მცდელობა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა აღკვეთონ. ეს ჩვენი ხალხის უმრავლესობის ინტერესებში შედის“.
როგორც კი მივაღწევთ დონეს, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს ინტერესებთან, როცა შევთანხმდებით ნორმალურ პირობებზე, მაშინ ვილაპარაკებთ მის ხელმოწერაზე. ეს როდის მოხდება, მალე თუ არა? ამას დრო გვაჩვენებს. ჩემი სურვილია ეს დრო რაც შეიძლება მალე დადგეს...
ვიქტორ იანუკოვიჩი

ევროკავშირის მომხრე დემონსტრანტებმა ოთხშაბათს, დილით, დედაქალაქის ორ მცირე ზომის მოედანზე გაშლილი კარვები აიღეს და მთავარ, დამოუკიდებლობის მოედანზე გადაინაცვლეს, ცენტრალური აქციის კონსოლიდაციის მიზნით. პარალელურად, აქციის მონაწილეთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობას აგრძელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო. ტიმოშენკოს ქალიშვილის, ევგენიას ცნობით, დედამისი ბოლო ორი დღის მანძილზე მხოლოდ წყალს იღებს.

თავად პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა სამშაბათს, 26 ნოემბერს, ინტერვიუ მისცა უკრაინის ტელევიზიას და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„[ეს დოკუმენტები] არ უტოლდება ევროკავშირში გაწევრიანებას - აქამდე ჯერ არ მივსულვართ. ეს ხელშეკრულება ასოცირებას ეხება. როგორც კი მივაღწევთ დონეს, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს ინტერესებთან, როცა შევთანხმდებით ნორმალურ პირობებზე, მაშინ ვილაპარაკებთ მის ხელმოწერაზე. ეს როდის მოხდება, მალე თუ არა? ამას დრო გვაჩვენებს. ჩემი სურვილია ეს დრო რაც შეიძლება მალე დადგეს“.

და მაინც, რას მოუტანდა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება?

ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ამოქმედების შესახებ, არ განაპირობებს ევროკავშირის თანხების სწრაფ და მასშტაბურ შედინებას უკრაინის სხვადასხვა სექტორში. 2011-13 წლებში ევროკავშირმა უკრაინას, გრანტების სახით, 1 მილიარდ ევრომდე გამოუყო. ახლა, თუ კიევი მოახერხებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიღწევას 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის მიღებაზე, ევროკავშირი უკრაინას კიდევ 600 მილიონს მისცემს. მაგრამ ეს თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.

ასოცირების ხელშეკრულება სხვა ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ის უკრაინულ კომპანიებს გზას გაუხსნის ევროკავშირის ბაზრისკენ, რომელიც მოიცავს 500 მილიონ მომხმარებელს და რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 12.9 ტრილიონ ევროს უტოლდება. ეს ბაზარი გლობალური ეკონომიკის დაახლოებით მეხუთედს უდრის.

იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა მოგებას ნახავს უკრაინა ამ ხელშეკრულებით, ძალიან რთულია, თუმცა, რამდენიმე დამოუკიდებელი ეკონომიკური ანალიზის თანახმად, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთი ათწლეულის განმავლობაში შეიძლება 6 პროცენტზე მეტად გაიზარდოს. ამავე კვლევების მიხედვით, ტარიფების შემცირება და კონკურენციის ზრდა ფასების კლებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 12 პროცენტით გაზრდის მომხმარებელთა აქტივობას.
საპროტესტო აქცია კიევში
საპროტესტო აქცია კიევში

ხელშეკრულების ფარგლებში, უკრაინას ევროკავშირის 350-მდე კანონის დანერგვა მოუწევს. ამ კანონების ნაწილი გარემოს დაცვას და საგზაო უსაფრთხოებას ეხება, თუმცა ეკონომიკაზე ყველაზე დიდ გავლენას ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მოახდენს. გავრცელებული მონაცემებით, ხელშეკრულების თითქმის ხელმოწერისთანავე უკრაინელი ექსპორტიორები 500 მილიონამდე ევროს დაზოგავდნენ ევროკავშირის იმპორტის გადასახადებზე.

უკრაინაზე ამ ხელშეკრულებით ამოქმედებული სხვა კანონებიც იქონიებს დადებით გავლენას. მაგალითად, უკრაინას მოუწევს ევროკავშირთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ კარტელები და მონოპოლიები, თეორიულად, ეფექტურ კანონმდებლობას დაექვემდებარება.

ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნებოდა სავაჭრო პროცესში წარმოქმნილ უთანხმოებათა გადაჭრის მექანიზმი. ეს ახალი მექანიზმი დაეყრდნობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოდელს, თუმცა უფრო მკაცრ ვადებს დააწესებს საარბიტრაჟო პროცედურებზე - განსაკუთრებით, ენერგეტიკასთან დაკავშირებული დავების შემთხვევებში.
XS
SM
MD
LG