Accessibility links

logo-print

კრემლი: პუტინის სიტყვები „კონტექსტიდან იყო ამოღებული“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ (მარჯვნივ)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ (მარჯვნივ)

კრემლმა „კონტექსტის“ შეცვლაზე გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც გავრცელდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ, მისი ბრძანების შემთხვევაში, რუსეთის არმია კიევს ორ კვირაში აიღებს. პარალელურად, უკრაინის მთავრობის ძალებმა ახალი დანაკარგები განიცადეს სეპარატისტებთან ბრძოლაში, რომლებსაც, დასავლეთის განცხადებით, რუსეთი უმაგრებს ზურგს.

იტალიაში გამომავალმა გაზეთმა „რეპუბლიკამ“ 1 სექტემბერს გაავრცელა ცნობა, რომ პუტინმა ევროკომისიის აწ უკვე პოსტიდან მიმავალ პრეზიდენტს, ჟოზე მანუელ ბაროზუს, უთხრა, თუ მოვინდომებ, კიევს ორ კვირაში ავიღებო.

გაზეთი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ პუტინის მხრიდან ეს გაფრთხილება იყო პასუხი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების შესაძლებლობაზე.

გავრცელებული ცნობებით, პუტინის ეს განცხადება ბაროზუმ 30 აგვისტოს ევროკავშირის სამიტზე შეატყობინა ბლოკის ლიდერებს. ამ სამიტზე ევროკავშირი შეთანხმდა, რომ მოსკოვს სანქციებს გაუმკაცრებს, თუ რუსეთი თავის სამხედროებს არ გაიყვანს უკრაინიდან. გასულ კვირაში ნატომ გაავრცელა შეფასება, რომ უკრაინაში რუსეთის 1,000-ზე მეტი სამხედრო იმყოფება.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის უფროსმა მრჩეველმა იური უშაკოვმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ პუტინის სიტყვები „კონტექსტიდან იქნა ამოღებული და მათ სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა“.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, ეს მართლა ითქვა თუ არა, „სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურას არ შეეფერება“ კერძო საუბრის დეტალების გახმაურება.

პუტინის მიერ თითქოს ნათქვამი ეს ფრაზა ჯერჯერობით ბოლოა იმ განცხადებების სერიაში, რომლებმაც უკრაინასთან მიმართებით მისი მიზნების შესახებ შეშფოთება გააძლიერა.

მარტში რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირება მოახდინა, დღეს კი დასავლეთი არ იზიარებს რუსეთის მხრიდან მტკიცებას, რომ ის ზურგს არ უმაგრებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში - დონეცკსა და ლუგანსკში - მოქმედ პრორუსულად განწყობილ მეამბოხეებს.

31 აგვისტოს პუტინი გამოვიდა მოწოდებით განხილვას დაექვემდებაროს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის „სახელმწიფოებრიობის“ საკითხი, თუმცა მისმა პრესმდივანმა განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს მოსკოვის მხრიდან ამ - მეამბოხეების მიერ კონტროლირებული - რაიონების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.

უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ სეპარატისტების მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატება რუსეთის სამხედრო დახმარების შედეგია. გასულ თვეში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სეპარატისტები მარცხთან იყვნენ ახლოს.

მთავრობის ძალებმა 1 სექტემბერს დატოვეს ქალაქ ლუგანსკის გარეთ მდებარე საერთაშორისო აეროპორტი. უკრაინის არმიის პრესმდივანმა 2 სექტემბერს უარყო ცნობა, რომ დონეცკის აეროპორტს სეპარატისტები აკონტროლებენ.

არმიის კიდევ ერთმა პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა არმიის 15 წევრი და დაიჭრა 49. სეპარატისტების მიერ განცდილ დანაკარგზე მას არ უსაუბრია.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესმდივანმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ კონფლიქტის შედეგად უკრაინის ფარგლებში ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა ბოლო სამ კვირაში თითქმის გაორმაგდა და, სულ მცირე, 260,000-ს მიაღწია.

2,600-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც აპრილში ბრძოლა დაიწყო.

უკრაინის მთავრობა, ნატო და დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთმა სეპარატისტების დასახმარებლად საზღვრის მეორე მხარეს გაგზავნა სამხედროები, არტილერია და ტანკები.

მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს და უკრაინის მთავრობას სდებს ბრალს კომპრომისული გამოსავლის საპოვნელად გატარებული ზომებისთვის ძირის გამოთხრაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, „მნიშვნელოვანია“, რომ უკრაინის მთავრობამ და სეპარატისტებმა 1 სექტემბერს ბელორუსიაში გამართულ მოლაპარაკებებზე კონფლიქტის გადაჭრის გზები განიხილეს.

თუმცა 2 სექტემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა დასავლეთს დასდო ბრალი კიევში „ომის პარტიის“ მხარდაჭერაში:

„ძალიან სამწუხაროა, რომ განწყობები, რომლებიც კიევში ომის პარტიის პოზიციების გამყარებას ემსახურება, აქტიურადაა წაქეზებული ვაშინგტონიდან, ევროპის ზოგიერთი დედაქალაქიდან და სულ უფრო ხშირად ბრიუსელიდან, ნატოს შტაბბინიდან, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, საბაბით თუ უსაბაბოდ, გამოდის განცხადებებით, რომლებიც საერთოდ არ ეხება მის კომპეტენციას“.

ანალიტიკოსების აზრით, ლავროვს ნაწილობრივ მხედველობაში ჰქონდა უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ ქვეყანამ უარი უნდა თქვას მიუმხრობლის სტატუსზე და ნატოში გაწევრიანება უნდა დაისახოს მიზნად.

XS
SM
MD
LG