Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი და კიევი გაზის თაობაზე შეთანხმდნენ


მიუხედავად ორმხრივი დაძაბული ურთიერთობისა, კიევმა და რუსეთმა, ევროკავშირის შუამავლობით, მოახერხეს გადამწყვეტი ხელშეკრულების ხელმოწერა გაზის სფეროში. დოკუმენტი გარანტიაა იმისა, რომ ზამთარში რუსეთიდან უკრაინას გაზი მიეწოდება.

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება 2015 წლის მარტამდე მოქმედებს. მას ხელი მოაწერეს უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრებმა იური პროდანმა და ალექსანდრ ნოვაკმა და, მათთან ერთად, ევროკომისარმა ენერგეტიკის სფეროში გიუნტერ იოტინგერმა, რომელიც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„ეს, ალბათ, ბრძნულად და კარგად მოქმედი სამეზობლო პოლიტიკის პირველი ნიშანი და პირველი ნაპერწკალია იმისა, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის განიმუხტოსო“, თქვა იოტინგერმა.

ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ, რომელიც ტოვებს თანამდებობას და რომელიც მეთვალყურეობას უწევდა ხელმოწერას, ასევე შეაქო დოკუმენტი:

„პოლიტიკურმა პასუხისმგებლობამ, თანამშრომლობის ლოგიკამ, ეკონომიკის მარტივმა გაგებამ გაიმარჯვა. ეს ევროპის კონტინენტზე საერთო ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახლა ხალხს ევროპაში ზამთარში სიცივე აღარ ემუქრება“.

მორიგება ხანგძლივ მოლაპარაკებასა და დისკუსიას მოჰყვა. რუსეთი უკრაინისგან ძველი დავალიანების გადახდასაც მოითხოვს. რუსეთის პირობა ამ შეთანხმების გაფორმებისთვის იყო კიევის თანხმობა, რომ ძველ ანგარიშებს მარტის თვემდე დაფარავდა. ევროკომისარმა იოტინგერმა განაცხადა, რომ მომავალ დღეებში კიევი უკვე გადაუხდის მოსკოვს დაახლოებით მილირდ-ნახევარ დოლარს. მისივე ინფორმაციით, რუსეთი, სამაგიეროდ, დაუყოვნებლივ შეამცირებს გაზის საფასურს ასი დოლარით ათას კუბურ მეტრზე. თავიდან, მიმდინარე წელს, უკრაინა ამ რაოდენობის აირისთვის გადაიხდის 378 დოლარს და გაისად, პირველ კვარტალში, 365 დოლარს. კიევს რუსეთის გაზზე ხელი მიუწვდება მომავალში მხოლოდ საფასურის წინასწარ გადახდის შემდეგ. უკრაინა რუსეთს ძველ ვალს დაუფარავს ევროკავშირის დახმარებით. იოტინგერმა განაცხადა, ვიძლევით გარანტიას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირის გაზით მომარაგებისთვისო.

ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკის - გერმანიის -კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მათთან ერთად კი რუსეთისა და უკრაინის ლიდერები, რომელთაც სატელეფონო კონფერენცია გამართეს. მოსკოვმა ივნისში შეუწყვიტა უკრაინას გაზის მიწოდება თითქმის ხუთ-ნახევარი მილიარდი დოლარის დავალიანების გამო. დაპირისპირება გამწვავდა, როცა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და შემდგომ, უკრაინის კრიზისში მისი ქმედების გამო, ევრკავშირმა სანქციები დაუწესა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ილაპარაკა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირისთვის. რუსეთის მინისტრმა კი უფრო დეტალური ისაუბრა და მოსკოვის ნაბიჯები განმარტა:

„პროცესი არ იყო მარტივი. მაინც მივაღწიეთ კომპრომისს სხვადასხვა საკითხში. რუსეთი კომპრომისზე წავიდა ფასის საკითხში, ასევე დავალიანების რესტრუქტურიზაციის მხრივ. ეს არის ჩვენი წვლილი წავსულიყავით კომპრომისზე, რათა უკრაინაში სტაბილიზება მოხდეს და შემოდგომა და ზამთარი უსაფრთხო იყოს და ევროპელი მომხმარებელიც უზრუნველყოფილი დარჩესო“, თქვა ნოვაკმა და დასძინა: „გვჯერა, რომ სამომავლო ურთიერთობა კონსტრუქციული იქნება და ჩვენი შეთანხმება შესრულდებაო“.

XS
SM
MD
LG