Accessibility links

logo-print

ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას იმაში, რომ ის არაადეკვატურად აფასებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და არ გააჩნია ერთიანი ხედვა. ამ ჭრილში არსებულმა შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზეც იჩინა თავი. ხელისუფლება ოპონენტთა ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით კიევს კვლავაც სთავაზობს დახმარებას. რას ფიქრობენ ანალიტიკოსები?

საქართველო გმობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტს და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში კრიზისის აღმოფხვრისკენ არის მიმართული, - ამ შინაარსის განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგა პავლო კლიმკინთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ფანჯიკიძემ შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო და ”კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობა უკრაინის მთავრობისა და მოსახლეობის მიმართ”. საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქართველმა მინისტრმა უკრაინელ მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო, რომელიც უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას და დასასვენებელი-სარეაბილიტაციო კურსის გავლას ითვალისწინებს. ”უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივისა და, ზოგადად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გამო”, - იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერის ცალკეული გამოვლინებები მანამდეც იყო და, მაგალითად, მინისტრ დავით სერგეენკოს კიევში ვიზიტის კვალდაკვალ, საქართველო ჯანდაცვის კუთხითაც დაჰპირდა დახმარებას უკრაინის მოქალაქეებს, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები თბილისის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არასაკმარისად მიიჩნევენ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის კომენტარებში გულგრილობას იჩენს უკრაინის საკითხთან მიმართებით, არ აკრიტიკებს რუსეთს უკრაინის მიმართ ქმედებების გამო და პარალელებს არ ავლებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხშირად საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ უკრაინის მისამართით თბილისის აქტიურობა და დახმარების სურვილი სწორედ პრემიერ-მინისტრის დავალებებს ეფუძნება. ამასთან, ექსპერტების დაკვირვებით, საკმაოდ მწვავე განცხადებები კეთდება მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების მიერ.

უკრაინის მხარდაჭერის თემის გარშემო კამათი 1 და 2 სექტემბერს საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზეც გამოიკვეთა. როგორც ფორუმის მონაწილე, პოლიტოლოგი გია ნოდია აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ამჟამინდელ ხელისუფლებას არ გააჩნია ერთიანი ხედვა უკრაინის საკითხთან მიმართებით და არ ცდილობს, რომ ამ კონტექსტში უფრო აქტუალური გახადოს საქართველოს საკითხიც:

”ჩვენ ვართ სწორედ იმ ზონაში, სადაც უკრაინის მოვლენები პირდაპირ გვეხება ჩვენ და არსებითად ცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას რეგიონში. ასე რომ, ჩვენ ვიღაცის ზურგს უკან კი არ უნდა ვიმალებოდეთ, არამედ, პირიქით, ავანგარდში უნდა ვიყოთ და რაც შეიძლება მკაფიოდ წამოვჭრათ ჩვენი პრობლემები... არ ვამბობ, რომ რაღაც შეურაცხყოფა მივაყენოთ პუტინს პირადად ან რაღაც ასეთი, მაგრამ უნდა იყოს მკაფიო გზავნილები, უნდა იყოს ცხადი - რა არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. დღეს არ არის ეს ცხადი”.

გია ნოდიასთვის გაუგებარია სიფრთხილე თუ ”გამორჩენის იმედი”, რასაც, მისი აზრით, ავლენს საქართველოს ხელისუფლება. ანალიტიკოსი თვლის, რომ საქართველოს მეტი აქტიურობა და გამოკვეთილი პოზიციის დაცვა მოეთხოვება იმ ფონზეც კი, როდესაც შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს ამ ეტაპზე არა აქვთ ერთიანი მიდგომა უკრაინის საკითხთან მიმართებით.

საქართველოს ხელისუფლებისგან მეტ მუშაობას მოითხოვს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც. ის თვლის, რომ წინდახედულების პარალელურად, თბილისს მეტი აქტიურობა მართებს:

”საქართველოს ახლანდელი ფრთხილი პოზიცია შეიძლება იყოს გამართლებული, ერთი მხრივ, რომ არ გავაღიზიანოთ ისედაც გაგიჟებული რუსეთი. მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პრობლემა, რომ პრაქტიკულად ჩაგდებულია ჩვენი მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ბევრგან. მართალია, კარგად ვმუშაობთ ნატოსთან, მაგრამ, ამავე დროს, არ ვმუშაობთ კარგად ამერიკასთან და მთელ რიგ სახელმწიფოებთან”.

საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან კოორდინაციას მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი ირაკლი მჭედლიშვილი. თუმცა, ოპონენტებისგან განსხვავებით, ის თვლის, რომ თბილისი სწორედ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის შესაბამისად იქცევა და მას მეტი აქტიურობა ამ ეტაპზე არც მოეთხოვება. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, მნიშვნელოვანია არა თავად სიტყვები, არამედ - რა დგას სიტყვების მიღმა:

”ჩვენ ორიენტირებულები ვართ ევროპულ პოლიტიკაზე, აშშ-ის პოლიტიკაზე, ნატოზე, ევროკავშირზე, - ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი შეფასებები, ჩვენი მიდგომები უნდა იყოს ამ პოლიტიკის ჩარჩოებში... წინა მთავრობა ძალიან აკრიტიკებდა რუსეთს, მაგრამ რეალურად შემოჰყავდა რუსული ფირმები. მე რასაც ვუყურებ ახლა, ჯერჯერობით, მაინცდამაინც რუსული ფირმები აღარ შემოსულა. შეიძლება კრიტიკის სიტყვები ახლა უფრო სუსტია რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ საქმე უფრო მეტად პროდასავლურია რეალურად. ეს არის ყველაზე დიდი დახმარება დღეს უკრაინის”.

ამ განსხვავებული მიდგომების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, თუ რას ითვალისწინებს უკრაინის მხარდამჭერი მორიგი განცხადების ტექსტი. უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტი მას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში განიხილავს.

XS
SM
MD
LG