Accessibility links

logo-print

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 9 იანვარს ტელეფონით ისაუბრებენ ნაბიჯებზე აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ადრე გავრცელებული ცნობებით, 15 იანვრისთვის არის დანიშნული ოთხმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზეც.

უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივნის ევგენი პერებინისის ინფორმაციით, რომელიც მან უკრაინის ტელევიზიას გააცნო, 9 იანვარს გაიმართება ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბარი და ის მოემსახურება მზადებას ოთხი ქვეყნის ლიდერების შესაძლო სამიტისათვის ყაზახეთის დედაქალ ასტანაში.

მანამდე, ჯერ კიდევ 29 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ 15 იანვარს ასტანაში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. თუმცა მას შემდეგ პარიზსა და ბერლინში გაკეთდა განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს 15 იანვრის სამიტს.

„ასტანაში 15 იანვარს ერთი პირობით წავალ - ერთი პირობით, რომ შესაძლებელია პროგრესი. თუ უბრალოდ უნდა შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ ყოველგვარი გარღვევის გარეშე, ამას აზრი არა აქვს. მაგრამ ვფიქრობ, რომ იქნება რაღაც გარღვევა“, - ეს სიტყვები 5 იანვარს წარმოთქვა პარიზში, რადიო „ინტერთან“ საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

15 იანვარს სამიტის გამართვას უპირობოდ რომ არც გერმანია ემხრობა, ეს ცხადი გახდა კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის, გუშინდელი გამოსვლით. როგორც ზაიბერტმა განმარტა, უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სამიტს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება პროგრესი მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ზავის დაცვას, საკონტაქტო ზონის არსებობას ტერიტორიებს შორის, რომლებსაც უკრაინა და მეამბოხეები აკონტროლებენ, და მძიმე შეიარაღების გატანას.

მაგრამ დავუბრუნდეთ ოლანდის ინტერვიუს, რომელმაც ყურადღება მიიქცია კიდევ ერთი თემით: საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, გაუქმდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები, თუ მოსკოვი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს: „ბატონი პუტინისაგან გვინდა ის, რომ პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ბატონი პუტინისაგან გვინდა ის, რომ შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა. ბატონი პუტინისაგან გვინდა ის, რომ უკრაინასთან ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს“.

ოლანდის განცხადებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაუქმების პერსპექტივასთან დაკავშირებით ასე გამოეხმაურნენ ვაშინგტონში: „პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა, რომ სანქციები გაუქმდება, თუ მიღწეული იქნება პროგრესი მყარი მშვიდობის მიმართულებით. თავიდანვე ასეთი იყო და არის ჩვენი პოზიციაც, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი და სხვა პარტნიორების პოზიცია. თუ რუსეთი და სეპარატისტები შეასრულებენ მინსკში ნაკისრ ვალდებულებებს, მოგვეცემა შესაძლებლობა გავაუქმოთ ზოგი ამ სანქციებიდან. მაგრამ გაუქმება ვერ მოხდება, სანამ არ იქნება კონკრეტული პროგრესი ადგილზე“, - განმარტა ვაშინგტონში 5 იანვრის ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ საკიმ.

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო კონფლიქტი რუსეთის მომხრე სეპარატისტებსა და უკრაინის ჯარებს შორის, ანუ შარშანდელი აპრილიდან, რეგიონში დაღუპულია 4 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის - სამოქალაქო პირები. სეპარატისტების პირდაპირი მხარდაჭერისა და უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა.

საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში ფრანსუა ოლანდმა ყირიმიც და, ზოგადად, ანექსიის პრობლემაც ახსენა: „პრეზიდენტ პუტინს არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია. ეს მე მითხრა, მაგრამ ვერ დავიჯერე - ხომ ვნახე, ყირიმში რაც გააკეთა! პუტინს სურს ის, რომ უკრაინა ნატოს ბანაკში არ გადავიდეს. პუტინის მიზანია, ნატოს სამხედრო ძალები არ ჰყავდეს თავის საზღვრებთან“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG