Accessibility links

ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ მუკაჩევოში, განვითარებული მოვლენების გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მეტწილად ეთნიკური უნგრელებით დასახლებული უკრაინის იმიერკარპატეთის ქალაქი მუკაჩევო 11-12 ივლისს მნახველს ფრონტისპირა დონბასის რომელიმე დასახლებულ პუნქტს მოაგონებდა. ქალაქის შესასვლელში იწვოდა პოლიციის მანქანა, ისმოდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და სასწრაფო დახმარების მანქანების ხმები. დაპირისპირება რადიკალურ „მემარჯვენე სექტორსა“ და სამართალდამცველებს შორის შეიარაღებულ შეტაკებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც გასამხედროებულმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა გადაეკეტა რეგიონზე გამავალი კონტრაბანდული არხი და ამ მიზნით ქალაქში მდებარე ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში დაბანაკება განიზრახა.

შეიარაღებულ დაპირისპირებაში, სულ მცირე, სამი კაცი დაიღუპა და ორიც დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სროლა პირველად გასამხედროებული ორგანიზაციის წევრებმა ატეხეს.

უკრაინის უშიშროების ძალებმა „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებს ალყა შემოარტყეს და დანებება შესთავაზეს, თუმცა 12 ივლისის ღამეს ცნობილი გახდა, რომ მეამბოხეებმა შეძლეს ალყის გარღვევა და თავი იმიერკარპატისპირეთის ტყეს შეაფარეს. პარალელურად, „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტებმა და მომხრეებმა საპროტესტო აქციები გამართეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე დიდ ქალაქში.

მუკაჩევოს მოვლენებმა მთელი სიცხადით წარმოაჩინა უკრაინის პროდასავლურ ხელისუფლებასა და რადიკალურ დაჯგუფება „მემარჯვენე სექტორს“ შორის არსებული უთანხმოება. ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე გადამწყვეტი როლი ითამაშა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განდევნაში, ახლა მიიჩნევს, რომ მუკაჩევოსთან მდებარე საბაჟოზე კორუფცია მძვინვარებს, კონტრაბანდას კი უკრაინის „ვერხოვნა რადას“ დეპუტატი მიხაილ ლანო მფარველობს. გასამხედროებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე ითხოვენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის გადადგომას.

ასეთი დაპირისპირება ახალ საფრთხეს უქმნის უკრაინას, დონბასის ოლქში სისხლისმღვრელ ომში ჩაბმულს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან, რომლებიც ვრცელ ტერიტორიას აკონტროლებენ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მუკაჩევოში განვითარებული მოვლენების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 13 ივლისს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. საბჭოში, პრეზიდენტის გარდა, შედიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, სასაზღვრო ჯარებისა და ეროვნული გვარდიის სარდლები და ქვეყნის პარლამენტის სპიკერი.

მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა „მემარჯვენე სექტორისაგან“ მოითხოვა დანებებულიყო შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობა „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი, პარლამენტის წევრი დმიტრი იაროში აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია, უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ქალაქ მუკაჩევოში ვითარების სტაბილიზაციას ცდილობს. მანვე უარყო და პროპაგანდისტულ საშუალებებს მიაწერა დეზინფორმაცია, თითქოს დონეცკის ოლქში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მოქმედ „მემარჯვენე სექტორის“ მებრძოლებს მან ფრონტის ხაზის მიტოვება უბრძანა.

დღესვე უკრაინის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ქვეყნის ფისკალური სამსახურის უფროსმა, საბაჟოზე კორუფციის ფაქტების შესწავლის მიზნით, იმიერკარპატეთის საბაჟო სამსახურის მთელი ზემდგომი შემადგენლობა თანამდებობიდან დაითხოვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG