Accessibility links

logo-print

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ თავისი ნაყოფი გამოიღო და უკრაინის ლიდერი პეტრო პოროშენკო, რომელიც ადრე დაჟინებით აცხადებდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საგანგებო სტატუსი მხოლოდ უმაღლესი რადის მიერ მიღებული სპეციალური კანონით დარეგულირდებოდა, დღეს უკვე თანახმაა შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაში აისახოს, რაც უკრაინას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან.

„დეცენტრალიზაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ევროპულთან აახლოებს. მეორე მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი თავისებურება, რაც ჩვენ პოსტსაბჭოთა მეზობლებისაგან განგვასხვავებს. როგორც ამ რამდენიმე დღის წინ უკვე ვთქვი, თვითმმართველობა, უბრალოდ, შეუძლებელია ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სახელწიფოში“.

16 ივლისს ვერხოვნა რადამ განიხილა საკითხი და პროექტი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა. უკრაინული მედიის თანახმად, პოროშენკომ საკონსტიტუციო შესწორება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნიულანდთან 15 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ შეიმუშავა. აღნიშნული ინფორმაცია ირიბად დაადასტურა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოქსანა სიროედმა, რომელმაც „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ „ვერხოვნა რადას დეპუტატებზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა, რათა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეპუბლიკებს ჩვენს კონსტიტუციაში საგანგებო სტატუსი მიენიჭოთ“.

თუმცა პოროშენკო მედიას მოუწოდებს არ გამოიყენოს ტერმინები „ავტონომია“ და „განსაკუთრებული სტატუსი“. კიევი მიიჩნევს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების შემთხვევაში ლაპარაკი მხოლოდ შეზღუდულ თვითმმართველობაზეა და დეცენტრალიზაცია არ ვრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა თავდაცვა, ეროვნული უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა და მოქალაქეთა თავისუფლებისა და საკონსტიტუციო უფლებების დაცვა.

„თუ ეშმაკი თავგზას აუბნევს რომელიმე ადგილობრივ საბჭოს და იგი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას და საფრთხეს უქადის ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, პრეზიდენტს აქვს უფლება დაუყოვნებლივ, ელვისებური სისწრაფით გამოიყენოს ავტორიტეტი იმისათვის, რომ დროებით შეაჩეროს საბჭოს გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც შეიძლებოდა აბსოლუტურად მართებულად გაკეთებულიყო მაშინ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რაც 2014 წლის მარტში ნახევარკუნძულის ანექსიით დასრულდა“.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა ქვეყნის საკონსტიტუციო კომისიას გაითვალისწინოს ყირიმელი თათრების მოთხოვნა და განსაზღვროს ყირიმის რესპუბლიკის ავტონომია, როგორც უკრაინის განუყოფელი ეროვნულ-ტერიტორიული წარმონაქმნი, სადაც ყირიმელი თათრები თვითგამორკვევის უფლებას განახორციელებენ. რუსეთმა 2014 წლის მარტში უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე მოახდინა ყირიმის ანექსია, რასაც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ თათრები, რომლებიც ყირიმის მოსახლეობის 13 %-ს შეადგენენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG