Accessibility links

logo-print

“რეგიონების პარტია“ გენპროკურორს მოუწოდებს გამოიძიოს „ანტიკონსტიტუციური“ ქმედებები


ევრომაიდანი, 2014 წლის 27 იანვარი

ევრომაიდანი, 2014 წლის 27 იანვარი

უკრაინის მმართველმა „რეგიონების პარტიამ“ გენერალურ პროკურორს მიმართა მოწოდებით, გამოიძიოს და სასამართლო წესით განსაჯოს „ანტიკონსტიტუციური“ ქმედებანი, რომელთაც შეიძლება მიმართონ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა, რეგიონალური სახელისუფლებო შენობები რომ დაიკავეს.

ამ მიმართვის ავტორები, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის წევრები, აცხადებენ, რომ „ფაშისტი ახალგაზრდები“ ცდილობენ „სახელმწიფო გადატრიალება“ მოახდინონ. ამავე განცხადებაში ოპოზიციის ლიდერების მიმართ გამოთქმულია სავარაუდო ბრალდება, რომ ისინი შესაძლოა ავალებდნენ დემონსტრანტებს დაიკავონ რეგიონალური სამთავრობო შენობები და თვითგამოცხადებული ადგილობრივი აღმასრულებელი და მმართველი ორგანოები დააფუძნონ. მმართველი „რეგიონების პარტიის“ შეშფოთების მიზეზია რეგიონებში არსებული ვითარება: უკრაინის 25-დან ათამდე რეგიონში, უკრაინის დასავლეთში, სადაც ოპოზიცია უფრო ძლიერია, მისმა მომხრე ძალებმა დაიკავეს ადგილობრივი მმართველობის შენობები. კიევში კვირა ღამით დემონსტრანტები შეიჭრნენ იუსტიციის სამინისტროს შენობაში. საპროტესტო აქციის ერთმა მონაწილემ „როიტერსს“ უთხრა, რომ ეს სიმბოლური აქტია: შენობა მხოლოდ 16 საათის განმავლობაში ჰქონდათ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაკავებული, მოგვიანებით მათ ქუჩაში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს ბლოკირება.

იუსტიციის მინისტრმა ოლენა ლუკაშმა მანამდე, ორშაბათ დილით, განაცხადა, რომ თუ დემონსტრანტები შენობიდან არ წავიდოდნენ, ის მოითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პავლო ლებედევმა განაცხადა კვირას, რომ არმია უკრაინაში კონფლიქტში არ ჩაერევა. მან რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასს“ უთხრა, შეიარაღებული ძალები მკაცრად დაიცავენ უკრაინის კანონებს და კონსტიტუციასო.

ოპოზიციამ ორშაბათს პრეზიდენტ იანუკოვიჩს შეუთვალა, რომ მზად არის მოსალაპარაკებლად და რომ ანტისამთავრობო მოძრაობის მოთმინებას საზღვარი აქვს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ფილარეტმა, ჩვენს რადიოსთან საუბრისას ძალადობის დაწყებაში სპეცდანიშნულების რაზმი, „ბერკუტი“, დაადანაშაულა: „ბერკუტმა“ დაიწყო ხოცვა, დემონსტრანტებმა ძალას ძალით უპასუხეს, თავს იცავდნენ, ბარიკადები ააგეს მის მოსაგერიებლად - „ბერკუტი“ სცემდა სტუდენტებს და ესროდა ჟურნალისტებსო, ამბობს 84 წლის პატრიარქი.

უკრაინის პოლიცია კი კვლავ იმეორებს, რომ მხოლოდ რეზინის ტყვიები გამოიყენა 22 იანვარს დაწყებული ძალადობის შემდეგ, თუმცა დემონსტრანტებმა არაერთხელ ნახეს, რომ გასროლილი ტყვიები ლითონისა იყო.“ჰიუმენ რაიტს უოჩი“ პოლიციის მიერ მოქალაქეთა, აქტივისტებისა და ოპოზიციის მომხრეთა ცემისა და გატაცების არაერთ შემთხვევას აღწერს, ასეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტია ნაცემი და დაკავებული, არაერთი პირი უგზო- უკვლოდ არის დაკარგული, მათ შორის - ავტომაიდნის წევრი დმიტრო ბულატოვი, ხოლო სხვა მომხრე ოპოზიციისა, მეცნიერი იური ვერბიცკი, მისი გატაცების შემდეგ, ტყეში მკვდარი იპოვეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ კონკრეტული დათმობები მოსთხოვა, რომის პაპი ფრანცისკე კი გამოვიდა მოწოდებით, ბოლო მოეღოს ძალადობას უკრაინაში და ხელისუფლებასა და ხალხს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს.
XS
SM
MD
LG