Accessibility links

logo-print

კიევი მაინც მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას?


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, სერგეი არბუზოვმა განაცხადა, რომ კიევი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას „მალე“ მოაწერს ხელს. ეს განცხადება მან გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, შტეფან ფიულესთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. არბუზოვმა დასძინა, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე კიევსა და ბრიუსელს ვაჭრობის სფეროში გარკვეულ პრობლემებზე აქვთ მოსალაპარაკებელი. ფიულემ და არბუზოვმა თქვეს, რომ ევროკავშირი და უკრაინა მოამზადებენ საგზაო რუკას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის განსახორციელებლად; რომ ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმების მისაღწევად დ რომ ორ მხარეს შორის გაგრძელდება ორმხრივი კონსულტაციები.

მანამდე ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი აპირებს, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. გასულ თვეში სწორედ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაზე პრეზიდენტ იანუკოვიჩის უარს მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომლებიც ახლაც გრძელდება უკრაინაში.

მიმდინარე კვირაში კეთრინ ეშტონი ორჯერ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ორჯერვე კიევში. ხუთშაბათს კი ბრიუსელში უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი აპირებს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას: „იცით, იანუკოვიჩმა გარკვევით მითხრა, რომ აპირებს ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერას. მან ისაუბრა მოკლევადიან ეკონომიკურ საკითხებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. და ჩემი შეხედულებაა, რომ ამ გამოწვევებზე, რომლებიც რეალურია, შეიძლება ვიმუშაოთ მხარდაჭერით, რომელიც მოდის არა მარტო ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, არამედ იმის ჩვენებით, რომ პრეზიდენტს აქვს სერიოზული ეკონომიკური გეგმა. და ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს სწორედ იმ ინვესტიციების მოზიდვას, რომლებიც მას სჭირდება“, ამბობს კეთრინ ეშტონი.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საერთოეროვნული დიალოგისაკენ. პირადად მე მზად ვარ ასეთ მრგვალ მაგიდასთან დიალოგში მონაწილეობის მისაღებად...
ამასობაში, სუსხიანი ამინდის მიუხედავად, გრძელდება საპროტესტო აქცია კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე. ოთხშაბათიდან მოყოლებული, დემონსტრანტებმა ახალი ბარიკადები აღმართეს: თოვლით სავსე ტომრების გორები. დემონსტრანტებს კვლავინდებურად დაკავებული აქვთ მერიის შენობაც მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა ოთხშაბათს სცადეს მასზე კონტროლის დამყარება, ისევე როგორც დამოუკიდებლობის მოედნის გაწმენდა, მაგრამ ეს მცდელობა გარკვეულ მომენტში შეწყვიტეს და უკან დაიხიეს.

ოთხშაბათსვე, კეტრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ტელევიზიით მიმართა უკრაინელებს: „ძვირფასო თანამემამულენო, ბევრჯერ მითქვამს, რომ წინსვლისათვის ერთადერთი გზაა შერიგება და ურთიერთგაგება. ყველა მხარე უნდა მოქმედებდეს კანონისა და უკრაინის კონსტიტუციის ჩარჩოებში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საერთოეროვნული დიალოგისაკენ. პირადად მე მზად ვარ ასეთ მრგვალ მაგიდასთან დიალოგში მონაწილეობის მისაღებად“.

იანუკოვიჩის ეს წინადადება ოპოზიციის ლიდერებმა ჯერ უარყვეს, მაგრამ მოგვიანებით რეაქცია შერბილდა. პარტია „უდარის“ ხელმძღვანელმა, ცნობილმა მოკრივე ვიტალი კლიჩკომ კიევში ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციას სამი პირობა აქვს მრგვალ მაგიდასთან დასაჯდომად: მოლაპარაკებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის წარმომადგენლებმა, მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ უკრაინის საზოგადოების ავტორიტეტიანმა წევრებმაც და მესამე - წინასწარ უნდა გაირკვეს, რა კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება მრგვალ მაგიდასთან შეკრება.

ჯერ კიდევ ამ პრობლემებამდე, მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული, უკრაინამ გამოთქვა სურვილი, მეთვალყურის რანგში დასწრებოდა სამეულის ყველა შეხვედრას და ადრეც არაერთხელ გამოუხატავს თავისი ინტერესი საბაჟო კავშირის ცალკეულ შეთანხმებებთან მიერთებისადმი...
ხუთშაბათს კიევში ათასამდე ადამიანი მივიდა გენერალურ პროკურატურასთან მოთხოვნით, გაათავისუფლონ ყველა დაკავებული დემონსტრანტი. დაკავებულების გამოშვებასთან ერთად, დამოუკიდებლობის მოედანზე, ანუ ევრომაიდანზე, შეკრებილების მთავარ მოთხოვნებად რჩება კიევში დემონსტრაციის დარბევაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა და მთავრობის გადადგომა.

უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე გამოხმაურებისას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შესაძლოა უკრაინის მიმართ სანქციების საკითხი განიხილონ, თუ ხელისუფლება ძალას იხმარს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოსლისას: „ჯერ კიდევ ამ მოვლენებამდე, რომლებსაც ახლა ვხედავთ კიევში, - მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა, უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მოახერხებს მოლაპარაკებას და ყველა დაგროვილი პრობლემის მოგვარებას, - მაგრამ ჯერ კიდევ ამ პრობლემებამდე, მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული, უკრაინამ გამოთქვა სურვილი, მეთვალყურის რანგში დასწრებოდა სამეულის ყველა შეხვედრას და ადრეც არაერთხელ გამოუხატავს თავისი ინტერესი საბაჟო კავშირის ცალკეულ შეთანხმებებთან მიერთებისადმი. ჩვენ თავს არავის არაფერს ვახვევთ, მაგრამ თუ ჩვენს მეგობრებს აქვთ ერთად მუშაობის სურვილი, მზად ვართ ამ მუშაობის ექსპერტთა დონეზე გასაგრძელებლად“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში.

პუტინს ბუნებრივია შემთხვევით არ უთქვამს „თავს არავის არაფერს ვახვევთო“... ევრომაიდანზე შეკრებილების პროტესტის მიზეზი, როგორც ცნობილია, არის ის გარემოება, რომ, ბევრის ვარაუდით, უკრაინის პრეზიდენტმა სწორედ მოსკოვის ზეწოლით თქვა უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და ახლა რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას აპირებს.

ევროპის პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო უკრაინაში კრიზისის შესახებ რეზოლუცია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რუსეთის როლზე. კერძოდ, დაგმობილია კიევზე რუსეთის „მიუღებელი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა“. პარლამენტარები ევროკომისიას მოუწოდებენ, იმსჯელოს ზომებზე, რომლებსაც მიმართავს რუსეთის მხრიდან ამ ზეწოლის საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG