Accessibility links

23 სექტემბერს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში დასრულდა „პონარსის“ სახელით ცნობილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც სხვა თემებთან ერთად იმსჯელეს რეგიონში უკრაინის კრიზისის გავლენაზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, შეკრებილთა წინაშე საქართველო-უკრაინის ისტორიული კავშირები, და თანამედროვე ურთიერთობები განიხილა.

კაკაჩია, აღნიშნული რეგიონული პოლიტიკის შემსწავლელი ფორუმის აქტიური მონაწილე და კანტრიბუტორია. ის მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისის შემდეგ ქართულ რეალობაში კონფლიქტის გავლენა რამდენიმე სფეროს აერთიანებს.

„ამ კრიზისის რეზულტატი საქართველოში ის არის, რომ დაფიქრდნენ, რომ სამხედრო ბლოკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედზე არ შეიძლება ყოფნა, არამედ საჭიროა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის შემუშავება, რაც არ იქნება უარის თქმა იმ პრინციპებზე, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით. მაგრამ საჭიროა პრაგმატული პოლიტიკის შეზავება ამ კონცეფციასთან, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს დაჩაგრულ მდგომარეობაში, რაც ბოლო წლების განმავლობაში [საქართველოს] დაჩემდა.

ამას გარდა, უკრაინის კრიზისის შემდეგ საქართველოში გაჩნდა მრავალი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რათა მან დაძლიოს უსაფრთხოების დილემა და ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში არსებობს.“

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი კორი ველტი, რომელიც პირადად უძღვებოდა ამ კონფერენციას, ამბობს, რომ ყველაზე თვალშისაცემი რეზონანსი, რომელიც უკრაინის კრიზისმა საქართველოში მოახდინა არის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრისას განცნობიერება იმისა, თუ რა რთულ პროცესთან გვაქვს საქმე.

„უკრაინის კრიზისმა არაერთი ქართველი დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად რთულია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. აქამდე, ყველამ კარგად იცოდა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგული მიწების დაბრუნება ადვილი არ იქნებოდა, თუმცა ყირიმის ანექსიამ ამ კონტექსტში სხვა დინამიკა შეიტანა. საქართველოში ახლა უფრო მეტმა ადამიანმა იცის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უზარმაზარ რუსულ პროექტთან შერკინებას ნიშნავს და ეს მრავალი თაობის მანძილზე გასატარებელი ძალისხმევაა. რუსეთის რეჟიმის დანგრევის გარეშე, რაც ასევე რთული წარმოსადგენია, ეს ძალიან რთული მიზანია. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს დანებებას, თუმცა კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოში უფრო აქტიურად და შემოქმედებითად მიუდგნენ ამ პრობლემის განხორციელების რეალურ გზებს.“

მაიკლ ჩეჩირე ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტია. მისი თქმით, ყველაზე დიდი გავლენა, რაც უკრაინის კრიზისმა საქართველოზე მოახდინა არის იმის გაცნობიერება, რომ მაშინ, როცა წინა ხელისუფლებამ შესაძლოა დააჩქარა ან ხელი შეუწყო 2008 წელს ომს რუსეთთან, ახლა რუსეთს მართლაც არ სჭირდება არანაირი საბაბი, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე გადავიდეს.

„საქართველოს დღევანდელი მთავრობის რბილი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში სინამდვილეში გაუფრთხილებელი და აჩქარებული არ არის. ჯერ ერთი, რომ საქართველოს არ არგებს კონფლიქტის მიზიდვა, მაგრამ მთავრობის პოლიტიკა არც იმას აჩვენებს, რომ ოფიციალურ თბილისს სიტუაციას კონტროლი არ აქვს“-აცხადებს ჩეჩირე და დასძენს, რომ მთავობის პოლიტიკას თან ახლავს იმის შემეცნება, რომ დაასვლეთი, მოკლე თუ საშუალო ვადიან პერსპექტივაში დიდ ძალისხმევას არ გასწევს რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად.

ექსპერტი აქვე ფიქრობს, რომ საქართველომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავისივე რესურსებზე გათვლით და არა დასავლეთიდან დახმარების მოლოდინების ხარჯზე უნდა მოახდინოს.

XS
SM
MD
LG