Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შანსები ევროკავშირისთვის უკრაინის მიერ ნათქვამი უარის ფონზე


ოპოზიციის საპროტესტო აქცია კიევში
ოპოზიციის საპროტესტო აქცია კიევში
უკრაინის მიერ ნათქვამმა უარმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე საერთაშორისო თანამეგობრობის იმედგაცრუება გამოიწვია. ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე ბევრისთვის ნათელია, რომ რუსეთმა, მიზანმიმართული ზეწოლის შედეგად, უკრაინის შემთხვევაშიც თავისი გაიტანა. რა გავლენა ექნება უკრაინის გადაწყვეტილებას და რას მოელის რუსეთისგან საქართველო, რომელსაც, მოლდავეთთან ერთად, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ჰპირდებიან?

ეკონომიკური წნეხი და შანტაჟი რუსეთის მხრიდან ხელს უშლის კიევს, რომ ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სატელეფონო საუბრისას აუწყა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს. როგორც პარასკევს ლიტვის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა ლიტვის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იოვიტა ნიალიუფშენემ, ვიქტორ იანუკოვიჩის სიტყვებზე დაყრდნობით, მოსკოვი კიევს უკრაინული საქონლის იმპორტის შეზღუდვით დაემუქრა, რამაც ქვეყანას შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა მიაყენოს. თუმცა, შინაარსობრივად, ეს ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, რადგანაც ლიტვის პრეზიდენტმა ათიოდე დღის წინ უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მოსკოვი კიევს, იმპორტის ბლოკირების გარდა, ელექტროენერგიაზე ფასის ზრდითაც ემუქრება და ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება.

ევროკავშირთან დაახლოებაზე უარის სათქმელად რუსეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებსა და, მათ შორის, უკრაინას ეკონომიკური თუ სხვა ტიპის სადამსჯელო სანქციით რომ ემუქრებოდა, ეს დიდი ხანია შესამჩნევი იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
სწორედ მოსკოვის მხრიდან ზეწოლის ჭრილში განიხილებოდა საკითხი 21 ნოემბერს აშშ-ში, ვაშიგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზეც, სახელწოდებით ”ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობა: რას უნდა მოველოდეთ ვილნიუსში”. როგორც ამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რუსეთის მიდგომები ევროკავშირთან დაახლოების მსურველი ქვეყნების მიმართ განსაკუთრებით სასტიკი გახდა ბოლო კვირების განმავლობაში და თუკი მოსკოვი კიევს ფულის მიცემას დაჰპირდა, ეს ერთჯერადი ინექცია იქნება და, თანაც, დაპირებული ფულით რუსეთი შეეცდება ხელში ჩაიგდოს უკრაინის მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები. შექმნილი რეალობის ფონზე კარლ ბილდტის ყურადღება საქართველოსა და მოლდავეთზე მახვილდება:

ნებისმიერი სირთულე თუ გამოწვევა, რომელიც შესაძლებელია ჩვენც გვქონდეს, ჩვენ ამას გადავლახავთ ერთად - როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება. და, ბუნებრივია, ის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ პარაფირებიდან ერთ წელიწადში მოვაწეროთ ხელი უკვე ხელშეკრულებას...
გიორგი მარგველაშვილი
”ვფიქრობ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა მოელით საქართველოსა და მოლდავეთს, რომლებიც მომავალი კვირის პარასკევს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას გეგმავენ. ის, რაც ხდება სომხეთის შემთხვევაში, ის, რაც ხდება უკრაინის შემთხვევაში, უტყუარი არგუმენტებით - არა ყოველთვის წმინდა ინტელექტუალური ხასიათის არგუმენტებით - შესაძლებელია შეეხოს მოლდავეთსაც მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავაც მტკიცედ დავადასტუროთ მხარდაჭერა, თავად მიიღონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. იგივე შეეხება საქართველოსაც”.

ვაშინგტონში - ბრუკინგის ინსტიტუტში - გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა შიში, რომ შესაძლოა უკრაინის პოზიცია - ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის კუთხით - გადამდები აღმოჩნდეს სამეზობლოს სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათაც შეიცვალონ გეზი.

თუმცა ეს არ შეეხება საქართველოს, რომლის არჩევანი - მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს - ძველებურად მტკიცე და ურყევია. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 22 ნოემბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელიც საქართველოს დელეგაციას ვილნიუსის სამიტზე უხელმძღვანელებს:

”ნებისმიერი სირთულე თუ გამოწვევა, რომელიც შესაძლებელია ჩვენც გვქონდეს, ჩვენ ამას გადავლახავთ ერთად - როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება. და, ბუნებრივია, ის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ პარაფირებიდან ერთ წელიწადში მოვაწეროთ ხელი უკვე ხელშეკრულებას - ეს ამბიციური გეგმა რჩება უკვე ჩვენი მთავრობის მთავარ სტრატეგიად”.

საქართველოში წუხილს გამოთქვამენ კიევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედოვნებენ, რომ, უკრაინის მიერ პოზიციის შეცვლის კვალდაკვალ, ადეკვატურ დასკვნებს ევროკავშირშიც გააკეთებენ. 22 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გამოთქვა იმედი, რომ ასოცირების შეთანხმების პარაფირების შემდეგ საქართველო სწრაფად გადავა ხელმოწერის ეტაპზე.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ნამდვილად არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის აკვიატებული იდეა...
თენგიზ ფხალაძე
პარაფირებას მიესალმება და ევროკავშირთან დაახლოების მიზანს შეუქცევადს უწოდებს ”ნაციონალური მოძრაობაც”, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიაში ვარაუდობენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლას შეაფერხებს. გავიხსენოთ, რომ, როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა ნოემბრის დასაწყისში რადიო თავისუფლებისთვის ბრიუსელში მიცემულ ინტერვიუში, საქართველოში არსებობს „შურისძიების პოლიტიკის“ საფრთხე. შეკითხვას, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ალბათობას შეეხებოდა, ბილდტმა უპასუხა, რომ მართლაც ხედავს შურისძიების პოლიტიკის ტენდენციებს. თუმცა ამგვარ ტენდენციებთან დაკავშირებული რწმენა თუ ვარაუდები ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ბარიერს და ეს ხელს არ შეუშლის 29 ნოემბერს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ვილნიუსში.

პარაფირება გარდაუვალია და ეს რუსეთმაც კარგად იცის, - ამბობს ჩვენთან საუბრისას გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე, რომლის აზრითაც, რუსეთის დესტრუქციული გეგმები საქართველოსთან მიმართებით უფრო შეთანხმების პარაფირებიდან ხელმოწერამდე პერიოდში გამომჟღავნდება. ანალიტიკოსი თვლის, რომ, თუკი ”ბეწვის ხიდიდან გადავარდნა” არ სურს, საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააჩქაროს დემოკრატიული განვითარების პროცესები, საგანგებოდ უნდა დაიოკოს ემოციები და ფრთხილი, თანმიმდევრული პოლიტიკით უნდა გაიკვლიოს გზა. ასეთი სვლა გაამართლებს, რადგანაც რუსეთის რისხვის სამიზნედ დარჩენილი საქართველო ერთ მნიშვნელოვან ”კოზირს” ფლობს:

”საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი ნამდვილად არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის აკვიატებული იდეა და რომ ამ გზაზე ხელისუფლება და საზოგადოება არიან ერთიანი - ეს არის ყველაზე მთავარი კოზირი, რომელიც ჩვენ გვაქვს”.

უკრაინაში მიმდინარე შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, საქართველოს მტკიცე და ერთიანი ევროპული არჩევანის კიდევ ერთხელ დემონსტრირების საჭიროებას ხედავს საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მშვიდობიანი ხალხმრავალი აქციის სახით გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც ეს რამდენიმე კვირის წინ მოლდაველებმა გააკეთეს, საქართველოს შემთხვევაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნებოდა ვილნიუსის სამიტის წინ. მამუკა ჟღენტი ფიქრობს, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი ევროკავშირთან დაახლოების მხარდამჭერ აქციაში იმონაწილევებს ყველა: ხელისუფლება, ოპოზიცია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთგვარი მოწოდება მან სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

უკრაინის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ - უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, საქართველოში წარმოშვა კიდევ ერთი შეკითხვა: ხომ არ შეამცირებს ეს ევროკავშირის ინტერესს საქართველოსთან მიმართებით?

ამ შეკითხვის პასუხად, მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ ეს გამორიცხულია, რადგანაც ევროკავშირი დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანებაა და მისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეს ღირებულებები სამეზობლოში რაც შეიძლება მეტმა სახელმწიფომ გაიზიაროს. თუკი საქართველო დემოკრატიული განვითარების კურსს არ უღალატებს, ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ინტერესების შესუსტებას არც თენგიზ ფხალაძე მოელის. ის ასევე თვლის, რომ რადგანაც სამხრეთ კავკასია ევროკავშირის სახელმწიფოებს კასპიის ზღვის რეგიონთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან აკავშირებს, საქართველოს ამ კონტექსტში ევროკავშირისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს.

ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის სამზადისის შეწყვეტის შესახებ უკრაინის მთავრობამ 21 ნოემბერს განაცხადა - მას შემდეგ, რაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ჩააგდო 10-მდე საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა ამოქმედებაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების უფლებას მისცემდა საპატიმროში მყოფ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს. მას ხერხემალზე გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება და მისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის უფლების მიცემა წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ წამოყენებულ აუცილებელ წინაპირობას ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის. ევროკავშირისთვის ზურგის შექცევის გამო, უკრაინაში საპროტესტო აქციები იმართება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG