Accessibility links

logo-print

პოროშენკო: ომის განახლების საშიშროება დიდია


უკრაინა-ევროკავშირის სამიტი

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, დიდია ომის განახლების საშიშროება, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში სისტემატურად ირღვევა საზავო შეთანხმება.

ამის შესახებ პოროშენკომ ილაპარაკა 28 აპრილს კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება დახმარება და სოლიდარობა, რათა თავიდან აიცილოს ომი დონბასის რეგიონში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ.

“თქვენი დახმარებით და ერთიანი ძალებით, მივაღწევთ დონბასში არსებული ვითარების მშვიდობიან გადაწყვეტას. სრულად უნდა ამოქმედდეს მინსკის შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენი პარტნიორების ძლიერი, შეთანხმებული და მიზანმიმართული მცდელობის შედეგად. ჩვენ კვლავ ომის საფრთხის წინაშე ვართ, ეს რეალობაა. ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის კონფლიქტის შედეგად, უკვე 6 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. პოროშენკოს განცხადების ფონია უკრაინის სამხედრო წარმომადგენლების მიერ დადასტურებული ინფორმაცია სეპარატისტთა მიერ სარაკეტო დანადგარების გამოყენების შესახებ. ამ იარაღის გამოყენებას კრძალავს 2015 წლის თებერვალში მინსკში მიღწეული შეთანხმება.

სეპარატისტთა სამხედრო ძალების თვითგამოცხადებულმა წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა, პირიქით, უკრაინის სამთავრობო ძალები დაადანაშაულა დარღვევებში.

ეუთო 28 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ სეპარატისტთა ძალებმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს ზედიზედ სამჯერ უთხრეს უარი შეეშვათ ისინი ქალაქ შიროკინოს მახლობელ ტერიტორიებზე, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ.

ზავის პირობების დაცვის შემოწმების პასუხისმგებლობა სწორედ ეუთოს აკისრია.

ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯეფ რათკემ 28 აპრილს განაცხადა, მოსკოვმა ახლახან კიდევ განათავსა საჰაერო თავდაცვითი სისტემები აღმოსავლეთ უკრაინაში, მათ შორის, ფრონტის ხაზებთან ახლოსო.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევის კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში თქვა, რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები ძალაში დარჩება, სანამ მინსკის შეთანხმებას სრულად არ დაიცავენო. ბაიდენის თქმით, ეს მოიცავს უკრაინის კონტროლის აღდგენას რუსეთთან საზღვრის ყველა მონაკვეთზე, რომლებსაც ამჟამად სეპარატისტები აკონტროლებენ.

რუსეთი აცხადებს, რომ მას უკრაინაში არ ჰყავს თავისი ძალები - მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების, ნატოს და კიევის განცხადებებისა, რომ მათი იქ ყოფნის მკაფიო მტკიცებულებები არსებობს.

28 აპრილის კონფერენციაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თქვა, რომ უკრაინამ ბევრად ნაკლები ფინანსური დახმარება მიიღო, ვიდრე საბერძნეთმა, იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე რუსეთის ტანკები განთავსებული არ არის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG