Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


უკრაინის ევროპული კურსის მომხრე ოპოზიციის ლიდერები პარასკევს დათანხმდნენ ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებაზე. თუმცა შეხვედრამ, რომელიც კიევში მდებარე „უკრაინის სასახლეში“, „ვერხოვნა რადაში“, გაიმართა, ოპოზიციის განცხადებით, უშედეგოდ დასრულდა.

ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვთან შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ უკრაინის პროდასავლური პოზიციის ლიდერები - პარტია „უდარის“ თავმჯდომარე ვიტალი კლიჩკო, ნაციონალისტური პარტია „თავისუფლების“ თავკაცი ოლეგ ტიაგნიბოკი და პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი არსენი იაცენიუკი, რომელმაც ოპოზიციონერთა გადაწყვეტილება თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მომხრეებს ტრიბუნიდან გააცნო:

„ჩვენ მივდივართ ვიქტორ იანუკოვიჩთან, რათა გადავცეთ თქვენი მოთხოვნები. თქვენი მოთხოვნაა სამართლიანობა, თქვენი მოთხოვნაა მათი დასჯა, ვინც უკრაინელებს ცუდად ეპყრობა, თქვენი მოთხოვნაა უკანონოდ დაპატიმრებულთა განთავისუფლება და თქვენი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა და უკრაინის ახალი ხელისუფლების ფორმირება“.

თუმცა, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ვიტალი კლიჩკომ და არსენი იაცენიუკმა განაცხადეს, ხელისუფლებისაგან მათ მოისმინეს დაპირება ძალის გამოყენებაზე მორატორიუმის თაობაზე, რაც არ სჯერათ.

პარასკევს მრგვალი მაგიდის გარშემო გამართულ მოლაპარაკებაში, ოპოზიციის ლიდერებისა და ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების გარდა, უკრაინის სამივე ყოფილი პრეზიდენტი და სასულიერო პირებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. თავად პრეზიდენტმა ისე დატოვა შეხვედრის ადგილი, რომ კომენტარი ჟურნალისტებისათვის არ გაუკეთებია.

იანუკოვიჩის შეხვედრა ოპოზიციასთან
იანუკოვიჩის შეხვედრა ოპოზიციასთან
ოპოზიციასა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის დიალოგის დაწყებამდე უკრაინის ხელისუფლებამ საპატიმროდან გაათავისუფლა ბოლო აქტივისტი იმ 9 კაციდან, რომლებიც პოლიციასთან შეტაკების გამო 1 დეკემბერს დააკავეს.

ოპოზიციის მასობრივმა საპროტესტო აქციებმა აიძულა ასევე უკრაინის ხელისუფლება დაბრუნებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხს. ხუთშაბათს ბრიუსელში იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი არბუზოვი, რომელსაც ზუსტი თარიღი, მართალია, არ დაუსახელებია, მაგრამ შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, ხელისუფლება „მალე“ მოაწერს ხელს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ტექსტსო.

ოპოზიციის ლიდერები
ოპოზიციის ლიდერები
სიზუსტე აკლდა შტეფან ფიულეს სიტყვებსაც, თუმცა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში აღნიშნა, რომ კავშირი მზადაა მეტი დახმარება შესთავაზოს უკრაინას, თუკი კიევი თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შეთანხმებას ხელს მოაწერს:

„ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ციფრებზე. ჩვენ, პირველ ყოვლისა, გვჭირდება იმაზე მსჯელობა, თუ რა სჭირდება უკრაინის მხარეს, რა ვალდებულებებს იღებს და დროის რა ფარგლებში აპირებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას და შემდეგ შევძლებთ ამ პროცესთან ჩვენი დახმარების დაკავშირებას“.

უკრაინაში 24 ნოემბრიდან გრძელდება ქვეყნის ევროპული კურსის მომხრეთა საპროტესტო აქცია, რაც პასუხად მოჰყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებას: ვილნიუსის სამიტამდე ერთი კვირით ადრე იანუკოვიჩის მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და განაცხადა, რომ მას რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარება სურს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის ახალგაზრდობა ჭარბობს, სურთ თავი დააღწიონ რუსეთს და მომავალი დაუკავშირონ ევროკავშირს, რომელიც მათ მეტ დემოკრატიას და კეთილდღეობას ჰპირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG