Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დევნილების მიმართ დამოკიდებულება უარესდება


როდესაც მშობლიურ ქალაქ გორლოვკაში ბრძოლა დაიწყო, იულიასა და მის ქმარს ბევრი არ უფიქრიათ - ჩაალაგეს ჩანთა, ჩასხეს შვილები მანქანაში და კიევს მიაშურეს. სამუშაო დედაქალაქში ორივემ იშოვა, თუმცა ხუთი თვის შემდეგ დევნილი ოჯახი კვლავ სასტუმროში ცხოვრობს და ვერ ახერხებს ბინის დაქირავებას.

„ადგილნაცვალი პირებისათვის ბინის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია. უმალვე გეკითხებიან: „საიდან ხართ? დონბასიდან? - მაშინ, კარგად იყავით!“ ერთ დღეს, როდესაც სამზარეულოში შევედი, ჩემი ქმარი სწორედ ამ საკითხზე რეკავდა. ეს ხდება დილის 10 საათზე, ის კი 8 საათზე ადგა. ამ ორი საათის განმავლობაში მან 17-ჯერ მიიღო უარი“.

ამბავი, რომელსაც იულია გვიყვება, ძალიან გავრცელებულია დასავლეთ უკრაინაში, სადაც ქვეყნის აღმოსავლეთიდან ჩასული დევნილები ბინის დაქირავების დროს ხშირად აწყდებიან სირთულეს.

სახლის მფლობელები კატეგორიულ უარზე არიან მიაქირაონ ბინა დევნილებს. იძულებით ადგილნაცვალ პირთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლა კი აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ ხანგრძლივ ომში სამთავრობო ჯარების მონაწილეობას უკავშირდება. თავდაპირველი სოლიდარობის განცდა, როდესაც მოქალაქეები მზად იყვნენ დევნილებისათვის საკუთარი საცხოვრებელი სახლებიც კი დაეთმოთ, უნდობლობამ და გაღიზიანებამ შეცვალა.

„ხშირად წააწყდებით ასეთ წარწერას: დონეცკის, ლუგანსკისა და აფრიკის მცხოვრებლებზე ბინას არ ვაქირავებთ“, ამბობს კიევში მცხოვრები მაკლერი, ივან კუდოიარი.

თუმცა ასეთი რამ მხოლოდ კიევში არ ხდება. იგივე სურათია დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, სადაც ორი კვირის წინ დონეცკიდან ჩასულმა ახალგაზრდა ქალმა, ანასტასიამ, ასევე ვერ შეძლო ბინის დაქირავება და იმედგაცრუებული დარჩა:

„ძირითადი დაბრკოლება, რასაც მე ბინის ძებნის დროს წავაწყდი, ჩემი დონეცკური რეგისტრაციაა. მივედი ბინის მფლობელთან, შევთანხმდით ქირაზე. მან დახედა ჩემს საპასპორტო მონაცემებს და მეუბნება, უკაცრავად, ეს პრინციპის საქმეაო“.

როგორც ერთ-ერთმა მაკლერმა, ირინა იარემენკომ, უთხრა რადიო თავისუფლებას, დევნილებისადმი ბინის გაქირავებაზე უარის თქმა გამოწვეულია ბინის მეპატრონეების შიშით, რომ ერთ მშვენიერ დღეს იძულებით ადგილნაცვალი პირები ვერ შეძლებენ ბინის ქირის გადახდას. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ აღმოსავლეთ უკრაინიდან დევნილებმა, რომლებსაც ხშირად სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, შეიძლება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების უპირატესობით ისარგებლონ და უკრაინის უფრო აყვავებულ ქალაქებში დასახლდნენ.

„ადამიანებს თავში ჩაუდეს, რომ დონეცკიდან ჩასულები ცუდები არიან, რომ ყველანი სეპარატისტები არიან. მაგრამ ისინი, ვინც კიევში ჩამოვიდა, უკრაინელები არიან, ისინი უკრაინაში ჩამოვიდნენ და უკრაინა აირჩიეს“, - ამბობს ოლექსეი, რომელსაც ასევე მოუხდა მშობლიური დონეცკის დატოვება და ამჟამად ისიც კიევში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG