Accessibility links

logo-print

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის ერთი წევრი ემსხვერპლა ჭრილობებს, რომელიც მან პარლამენტის შენობის დაცვის დროს მიიღო საპროტესტო აქციის დროს. გაკვეთის შედეგად გამოჩნდა, რომ ის იმსხვერპლა სავარაუდოდ ხელყუმბარამ, რომელიც უსაფრთხოების წევრებს ესროლეს დემონსტრანტებთან შეხლა-შემოხლის დროს. ავაკოვის თქმით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიიღო ოთხმა პოლიციელმა, მათ შორის ერთმა ორივე ფეხი დაკარგა. სულ დაშავებულია პოლიციის 90 თანამშრომელი.

კიევის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს კიდევ 30 დემონსტრანტი. მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს ხელკეტები და პილპილის სპრეი.

დემონსტრანტები აპროტესტებდნენ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც მეტ ავტონომიას ანიჭებს ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს. პირველ მოსმენაზე კანონპროექტი მიიღეს, მას რეგისტრირებული 368 პარლამენტარიდან 265 მიემხრო. კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია თებერვალში მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებაში.

უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი შეიცავს პუნქტს, რომელიც ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას მოაწესრიგებს საგანგებო კანონი. საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მისაღებად, სულ მცირე, 300 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG