Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაძაბულობა მწვავდება


ორშაბათს კიევში ასობით სამართალდამცველმა დაიკავა პოზიციები საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრებთან და აშკარა გახადა დემონსტრანტების წინააღმდეგ იერიშის დაწყების საფრთხე. საღამო ხანს ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უშიშროების ძალები შეუდგნენ მთავრობის უწყებებთან დემონსტრანტების ბარიკადებისა და, მიმდებარე ქუჩებში, კარვების აღებას.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ოპოზიციური პარტია „უდარის“ ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ანუ ევრომაიდანზე მყოფ ქალებსა და ბავშვებს მანიფესტაციის ადგილის დატოვებისკენ მოუწოდა. კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ევრომაიდანს ორი მიმართულებიდან უახლოვდებოდნენ სპეცდანიშნულების შენაერთები.

დაძაბულობა მწვავდება მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებისა, რომ მხარს უჭერს ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის ინიციატივას მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია იანუკოვიჩის ორშაბათის განცხადებაში: მასში გამოთქმული შეფასებით, „საერთოეროვნული მრგვალი მაგიდა“, შესაძლოა, ურთიერგაგების პლატფორმად იქცეს.
დემონსტრანტებისა და სამთავრობო ჯარის დაპირისპირება კიევში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

იგეგმება, ასევე, იანუკოვიჩის შეხვედრა თავის წინამორბედებთან უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე: ლეონიდ კრავჩუკთან, ლეონიდ კუჩმასთან და ვიქტორ იუშჩენკოსთან - პოლიტიკურ კრიზისზე სასაუბროდ. გასულ კვირაში სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტების მხარდამჭერი მიმართვა გაავრცელა.

უკრაინაში თითქმის სამი კვირაა, გრძელდება აქციები, რომელთა მონაწილეების პროტესტს იწვევს კიევის უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ამის სანაცვლოდ - რუსეთთან დაახლოებისაკენ მიმართული კურსის არჩევა. უკრაინას არ ახსოვს ასეთი მასშტაბური დემონსტრაციები 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ.

როცა კიევის ცივ ქუჩებში ვხედავთ მამაკაცებსა და ქალებს ევროპის დროშით, როგორ იბრძვიან ევროპის ამ დროშისათვის, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი იბრძვიან უკრაინისათვის და თავიანთი მომავლისათვის...
ჟოზე მანუელ ბაროზუ
კიევში, ევრომაიდანზე შეკრებილებს შორის არის ახალგაზრდა ქალი, კვიტკა, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინამ ხელიდან არ უნდა გაუშვას ევროკავშირთან დაახლოების შანსი: „პირველ რიგში, თუ შევხედავთ დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიას ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ ძალიან ცოტა რამ შეიცვალა ხალხის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად - მთავრობების შეცვლის მიუხედავად. სწორედ ახლა ვხედავთ, რომ ეს არის მომენტი, როცა ასეთი შანსი გვეძლევა ევროპისაგან. ეს არის მომენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, რადგან, თუ ამას ახლა არ გავაკეთებთ, ვეჭვობთ, მოგვიანებით კიდევ მოგვეცეს ასეთი შანსი“, - უთხრა საინფორმაციო სააგენტო რეიტერის კორესპონდენტს ევრომაიდანზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ორშაბათს, საღამო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, იან ტომბინსკიმ გააფრთხილა უკრაინის ლიდერები, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კეთრინ ეშტონი კიევში იქნება ხვალ და ოთხშაბათს. ასე რომ, ეს იქნება ორდღიანი ვიზიტი. მოსალოდნელია, რომ შეხვდება ორივე მხარის...
მაია კოჩიანჩიჩი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუც შეეხო დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენების საფრთხეს. მან ორშაბათს, მილანში გამართულ კონფერენციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ კვირას ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და მას თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

მილანის კონფერენციაზე გამოსვლისას, ბაროზუმ გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირი ვალდებულია, მხარში ამოუდგეს უკრაინელებს: „როცა კიევის ცივ ქუჩებში ვხედავთ მამაკაცებსა და ქალებს ევროპის დროშით, როგორ იბრძვიან ევროპის ამ დროშისათვის, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი იბრძვიან უკრაინისათვის და თავიანთი მომავლისათვის. რადგან მათ იციან: ევროპა არის არა მარტო ის ადგილი, რომელიც შესაძლებლობებს იძლევა - ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, არამედ ხედავენ, რა მოხდა პოლონეთში და რა მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და იმიტომაც, რომ ევროპა მათ ჰპირდება იმედსა და თავისუფლებას“.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ კიევში სამშაბათს ჩავა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
„პირველ რიგში, შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კეთრინ ეშტონი კიევში იქნება ხვალ და ოთხშაბათს. ასე რომ, ეს იქნება ორდღიანი ვიზიტი. მოსალოდნელია, რომ შეხვდება ორივე მხარის - მთავრობის, ოპოზიციის, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ყველა მთავარ წარმომადგენელს,“ - განაცხადა ორშაბათს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაია კოჩიანჩიჩმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვიქტორ იანუკოვიჩთან სატელეფონო საუბარში გამოხატა ვაშინგტონის შეშფოთება უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობის მზარდი შესაძლებლობის შესახებ. თეთრი სახლის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენს უკრაინის პრეზიდენტისათვის უთქვამს, რომ ძალადობა დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ის შეუთავსებელია უკრაინასა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშორმლობისათვის. ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა იანუკოვიჩს, რომ კიევის ქუჩებში შექმნილი ვითარების განსამუხტავად დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან და მხარეებმა რაც შეიძლება ჩქარა მიაღწიონ კონსენსუსს, რომელიც ქვეყანის წინსვლას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG