Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია იანუკოვიჩს ქვეყნის ლომბარდში ჩადებაში ადანაშაულებს


უკრაინის პრეზიდენტმა პუტინისგან სესხის მიღების სანაცვლოდ ლომბარდში ჩადო უკრაინის მთელი სამრეწველო პოტენციალი და უკრაინის დამოუკიდებლობა, - ასე შეაფასეს ევრომაიდანზე შეკრებილ მრავალათასიან მიტინგზე უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსკოვში გამართული შეხვედრა და ერთხმად მოითხოვეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას 15 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყოს და ბუნებრივი აირის საფასური თითქმის გაუნახევროს.

უკრაინა 2014 წლის პირველი იანვრიდან ათას კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირში, 400 $-ის ნაცვლად, 268, 5 $ -ს გადაიხდის, უკრაინის ბიუჯეტი კი სესხის სახით მიიღებს 15 მილიარდ $-ს. სესხის პირობები უცნობია, თუმცა, როგორც ვლადიმირ პუტინმა თქვა რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი კომისიის შეხვედრისა და დოკუმენტებზე ხელმოწერის დასრულების შემდეგ, „აღნიშული თანხა უკრაინის მთავრობის ფასიან ქაღალდებში განთავსდება“.

უკრაინის პროდასავლური ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა ხალხის ზურგს უკან კაბალური შეთანხმება დადო რუსეთის ხელისუფლებასთან და კრემლს, მრავალმილიარდიანი სესხის სანაცვლოდ, ხელში ჩაუგდო ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი. იანუკოვიჩის ასეთი ქმედება დაგმო ევრომაიდანზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო პარტია „უდარის“ ლიდერმა, მძიმეწონოსანმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ:

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა 15 მილიარდი დოლარის სესხს უკრაინის ქონების, სტრატეგიული ობიექტების, მანქანათმშენებლობის, საავიაციო წარმოების, ენერგეტიკული კომპანიებისა და, შესაძლოა, ასევე გაზგამანაწილებელი სისტემის სანაცვლოდ“.

პირველ ყოვლისა, ჩვენ არ ვცვლით ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მიმართულ კურსს, უარს არ ვამბობთ გაფართოებული ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის გაფართოებული ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე და ცუდი არ იქნებოდა, თუკი მოლაპარაკებებისას ჩვენი ევროპელი პარტნიორები თუნდაც თეზისის სახით მაინც ჩართავენ...
ვლადისლავ ლუკიანოვი
უკრაინის ოპოზიცია 17 დეკემბერს ერთი რამით მაინც იყო კმაყოფილი. პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერის არსენი იაცენიუკის თქმით, ევრომაიდანზე მიმდინარე უვადო საპროტესტო აქციების ზეწოლით, მოსკოვში იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. თუმცა, რაკი იაფი ყველი მხოლოდ ხაფანგშია, უკრაინის პროდასავლური ოპოზიცია შიშობს, რომ ეკონომიკური პოტენციალის ხელში ჩაგდებით რუსეთი უკრაინას საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეწოლას უფრო მძლავრად შეძლებს.

შეკითხვაზე, იტყვის თუ არა უკრაინა საბოლოოდ უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე15 მილიარდი დოლარისა და ბუნებრივი არის განახევრებული ფასის სანაცვლოდ, მმართველი „რეგიონთა პარტიის“ წევრმა ვლადისლავ ლუკიანოვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა არ ცვლის აღებულ კურსს, თუმცა მას ევროკავშირისგან უფრო მკაფიო სიგნალის მიღება სურს:

„არ ვფიქრობ. პირველ ყოვლისა, ჩვენ არ ვცვლით ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მიმართულ კურსს, უარს არ ვამბობთ გაფართოებული ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის გაფართოებული ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე და ცუდი არ იქნებოდა, თუკი მოლაპარაკებებისას ჩვენი ევროპელი პარტნიორები თუნდაც თეზისის სახით მაინც ჩართავენ, რომ ხელშეკრულებების ხელმოწერა წარმოადგენს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს და რომ უკრაინას აქვს შანსი არა რომელიღაც შორეულ მომავალში, არამედ, გარკვეული კრიტერიუმების შესრულების შემდეგ, კონკრეტულ ვადებში გახდეს ევროკავშირის წევრი“.

ქვეყნის გამოსავალი მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია. იანუკოვიჩმა მრგვალ მაგიდასთან გამართულ შეხვედრაზე გვითხრა...
ვიტალი კლიჩკო
მმართველი პარტიის ამ სიტყვებისა არ სჯერათ უკრაინის ევროპული ორიენტაციის მომხრე პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც აგრძელებენ უვადო საპროტესტო აქციას ევრომაიდანზე და უფრო ენერგიულად მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

„ქვეყნის გამოსავალი მხოლოდ ვადამდელ არჩევნებშია. იანუკოვიჩმა მრგვალ მაგიდასთან გამართულ შეხვედრაზე გვითხრა, რომ არ ეშინია ვადამდელი არჩევნებისა. მე ვიწვევ იანუკოვიჩს - ის ჩემი პირადი მეტოქეა და მე მას ვიწვევ რინგზე“, განაცხადა 17 დეკემბერს კიევის ცენტრში, ევრომაიდანზე, სიტყვით გამოსვლისას ვიტალი კლიჩკომ.

პარალელურად, ოპოზიცია აპირებს ბლოკირება მოახდინოს უკრაინის უზენაესი საბჭოს შენობისა, სადაც ორ დღეში უნდა დაამტკიცონ ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი, იმ 15 მილიარდი დოლარისა და ბუნებრივი აირის ახალი ფასის გათვალისწინებით, რომელსაც ვლადიმირ პუტინი თავის მოკავშირეს, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, დაჰპირდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG