Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატი უკრაინის კრიზისზე მსჯელობს


ევრომაიდანი

ევრომაიდანი

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში უკრაინის პოლიტიკური კრიზისის განხილვა დაემთხვა დღეს, როცა თავად უკრაინაში სასამართლომ კიევის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალა. ნოემბრის ბოლოდან მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე ათასობით მოქალაქე სწორედ ამ უბანში იკრიბებოდა.

კიევის სასამართლომ დაამტკიცა ქალაქის მესვეურთა თხოვნა აქციების 8 მარტამდე აკრძალვის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებას თარიღად 8 იანვარი უზის, თუმცა ის ოთხშაბათს გამოქვეყნდა. დოკუმენტი აკრძალულ აქციებს განსაზღვრავს როგორც დემონსტრაციებს, სადაც გამოიყენება ხმის გამაძლიერებლები, პლაკატები, იშლება კარვები, აღმართავენ სცენებს ან კიდებენ ფარდებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეაშფოთა დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები - ისინი შიშობენ, რომ მალე შესაძლოა პოლიციამ მათი საპროტესტო ბანაკი ძალის გამოყენებით დაშალოს.

თუმცა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ხუთშაბათს დილით ადრე იუწყებოდა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოძრაობა ჯერჯერობით არ შეინიშნება.

კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ათასობით მოქალაქე რჩება. სწორედ ამ მოედანზე იფეთქა საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან პოლიტიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავების ხელშეკრულებას.

ახლახან საპროტესტო აქციები ასიათასობით წევრს ითვლიდა. აქციებს ევროკავშირის და აშშ-ის მაღალჩინოსნებიც სტუმრობდნენ.

ჩვენ სისტემატურად და მკაფიოდ ვიმეორებთ, როგორც საჯაროდ, ისე კერძო ვითარებაში, რომ რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს იძულებითი ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ - ისევე, როგორც მოლდავეთის და საქართველოს წინააღმდეგ - წარმოადგენს მათ მიერვე მხარდაჭერილი ბევრი შეთანხმების დარღვევას...
ვაშინგტონში ოთხშაბათს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა ვიქტორია ნულანდი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში. მისი თქმით, ვაშინგტონის სურვილია უკრაინის პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას პოლიციელების ან დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის გარეშე: „უკრაინელების დიდი უმრავლესობის მსგავსად, აშშ-ს და ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებს სურთ მიმდინარე დაპირისპირება გადაიჭრას პოლიტიკური, დემოკრატიული და, უწინარეს ყოვლისა, მშვიდობიანი გზით. ეს ბოლო ასპექტი ერთნაირად ეხება როგორც მთავრობას, ისე დემონსტრანტებს. ჩვენ ვგმობთ კიევის სასამართლოს შენობის გარეთ 10 იანვარს მოწყობილ არეულობას, თუმცა მთავრობის უსაფრთხოების ძალებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფების მიერ განხორციელებული რეპრესიული და ძალადობრივი აქტები იძულებულს გვხდის უკრაინის მთავრობას როგორც საჯაროდ, ისე კერძო საუბრებში ვუთხრათ: თუ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფები თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობას მიმართავენ ან წაახალისებენ, ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმების ფართო სპექტრის გამოყენებას“.

დემოკრატმა სენატორმა რობერტ მენენდეზმა, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ვერ შესძლო რუსეთის „ღიად და ძლიერად“ გაკრიტიკება ეკონომიკური იძულებითი ნაბიჯების გადადგმის გამო.
მაგრამ ნულანდი ამ ბრალდებას არ დაეთანხმა: „ჩვენ სისტემატურად და მკაფიოდ ვიმეორებთ, როგორც საჯაროდ, ისე კერძო ვითარებაში, რომ რუსეთის მხრიდან გადადგმული ეს იძულებითი ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ - ისევე, როგორც მოლდავეთის და საქართველოს წინააღმდეგ - წარმოადგენს მათ მიერვე მხარდაჭერილი ბევრი შეთანხმების დარღვევას, მათ შორის ჰელსინკის პრინციპების და, ზოგ შემთხვევაში, [ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დაკისრებული] მოვალეობების. ჩვენ ამას მომავალშიც ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ“.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც დეკემბერში კიევს ესტუმრა და დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, უკრაინის კრიზისში რუსეთი დაადანაშაულა: „[უკრაინა] წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც ევროპელობა სურს. მათ არ სურთ იყვნენ რუსული. საქმე სწორედ ამაშია. ამას ნიშნავს მათთვის ევროკავშირი. რუსებმა გამოიყენეს ენერგეტიკა, შოკოლადიც კი აკრძალეს. მიმართეს დაშინების მეთოდებს. მათ მხარი დაუჭირეს კორუფციას, რომელიც უკრაინაში ფართოდაა მოდებული“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ტომას მელიამ, შეხვედრაზე განაცხადა, ნაკვერჩხალი, რომელმაც ნოემბრის ბოლოს საპროტესტო აქციებს მისცა ბიძგი, კვლავაც გაღვივებულია და მისი ჩაქრობა იოლი არ იქნებაო.
მელიას თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს დახმარების გაწევას იმ უკრაინელებისთვის, რომლებსაც მათი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის სწამთ.
XS
SM
MD
LG