Accessibility links

აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინაში კონფლიქტის კვლავინდებურად ხელშეწყობაში, მიუხედავად წელს, თებერვალში, მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებისა, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რუსეთის მიმართ ბრალდებით 28 ივლისს გამოვიდა უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიატი.

„არაპროგნოზირებადი და უპასუხისმგებლო“ - ასე მოიხსენია უკრაინაში რუსეთის მოქმედება კიევში შეერთებული შტატების ელჩმა, რომელიც ტელეფონით ესაუბრა ჟურნალისტებს.

„დღეს უკრაინაში მიმდინარე კონლიქტით ჩვენი პრინციპებისა და საერთო ტრანსატლანტიკური ფასეულობების ბედი წყდება. საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის კარდინალურ პრინციპს. უკრაინაზე გადის ევროპაში თავისუფლების ფრონტის ხაზი. ჩვენი პოლიტიკა და ძალისხმევა წარმატებული იყო განვლილი წლინახევრის განმავლობაში, რადგან ერთად ვდგავართ ჩვენი ძალისხმევისას და კოორდინირებულად ვაანალიზებთ ვითარებას“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. „ერთობლივ ძალისხმევაში“ მან, სავარაუდოდ, იგულისხმა სანქციები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს აქვთ დაწესებული მოსკოვისთვის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობის ბრალდებას. თუმცა ეს ბრალდება 28 ივლისს კვლავ გაიმეორა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა. მან არგუმენტად მოიშველია 26 ივლისს გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკიდან 45-მდე კილომეტრში დააკავეს რუსი ოფიცერი, რომელსაც სატვირთო ავტომანქანით გადაჰქონდა საბრძოლო მასალა.

„აქ ჯერ კიდევ მიდის ომი. რუსეთის უპილოტო თვითმფრინავები ყოველდღე დაფრინავენ უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რუსები მართავენ. და, როგორც კვირის მიწურულს რუსი ჯარისკაცისა და რუსული წარმოების ტყვია-წამლის პოვნამ შეგვახსენა, რუსეთი განაგრძობს აქ კონფლიქტის ხელშეწყობას სამხედრო აღჭურვილობით, რომელსაც გზავნის უკრაინის სუვერენულ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე“, განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

საყურადღებოა, რომ პაიატმა უსაფუძვლო უწოდა ბოლოხანს გამოთქმულ ვარაუდს, თითქოს შეერთებული შტატები რუსეთს გაურიგდა- დაჰპირდა უკრაინის საკითხში პოზიციის შერბილებას იმის სანაცვლოდ, რომ მოსკოვი მხარს დაუჭერდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას. პაიატის თქმით, ირანზე შეთანხმების მხარდაჭერა საკუთრივ რუსეთის ინტერესებსაც შეესაბამება.

რაც შეეხება უკრაინის მიმართ რუსეთის პოზიციას, ის, როგორც უკრაინაში აშშ-ის ელჩის განცხადებებიდან ჩანს, კვლავაც მიუღებელია ვაშინგტონისათვის, კვლავაც იწვევს მის შეშფოთებას.

„ყველაფერი, რასაც ვხედავთ, სეპარატისტებისა და რუსების ერთობლივი სწავლების, აღჭურვისა და წვრთნის ჩათვლით, მიანიშნებს, რომ კრემლი და მისი მხარდამჭერები იტოვებენ პოტენციალს, გააგრძელონ ტერიტორიის მიტაცების მცდელობა ნებისმიერ დროსა და ადგილას, რომელსაც კრემლი შეარჩევს“, - განაცხადა ჯეფრი პაიატმა და რუსეთს, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ რუსეთის მხარდამჭერ სეპარატისტებს, მოუწოდა თებერვალში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

„გვსურს ვიხილოთ მინსკის შეთანხმების შესრულება. ეს ითვალისწინებს, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის გაყვანას, ყველა მძევლის, მათ შორის, ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას, უკრაინის კონტროლის აღდგენას საერთაშორისო საზღვარზე. ყველა ეს ნაბიჯი დეტალურად არის გაწერილი მინსკის შეთანხმებაში და ჯერ არ შესრულებულა“, - განაცხადა კიევში შეერთებული შტატების ელჩმა 28 ივლისს ჟურნალისტებთან ტელეფონით საუბრისას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG