Accessibility links

logo-print
უკრაინის პარლამენტმა უარი თქვა მთავრობის მიმართ უნდობლობის შესახებ კენჭისყრაზე. კენჭისყრას მოითხოვდა ოპოზიცია, რომელსაც ამ მიზნის მისაღწევად 226 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ 186 ხმა მოიპოვა.

უკრაინაში ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ნოემბრის ბოლოს უარი თქვა ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისათვის. იანუკოვიჩის ამ ნაბიჯს მოჰყვა უკრაინაში 2004 წლის „ნარინჯისფერ რევოლუციად“ წოდებული მოვლენების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები.

ევროინტეგრაციის მომხრეები სამშაბათს შეიკრიბნენ უკრაინის პარლამენტთანაც, მთავრობისადმი უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის მხარდასაჭერად. რევოლუციისაკენ მოწოდებით შეკრებილი დემონსტრანტები უკრაინისა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ.

აქციაზე მივიდა მამა ტარასიც - კიევში ლვოვიდან ჩასული სასულიერო პირი: „მოვედით, რომ ხმა მივცეთ მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას. რატომ? იმიტომ, რომ არ მინდა ხალხს ნახირივით ექცეოდნენ“, უთხრა მამა ტარასმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტს უკრაინის პარლამენტთან.

უკრაინაში ვითარება მართლაც მძიმეა, მაგრამ არა იმ მიზეზების გამო, რომლებსაც ოპოზიციის ლიდერი არსენი იაცენიუკი გვისახელებს, არამედ მთელი რიგი სხვა ფაქტორების გამო...
მაგრამ პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა არ ერგო ოპოზიციის ინიციატივას, კენჭი ეყარათ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხზე. ამ საკითხის განხილვამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა ბოდიში მოიხადა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებისთვის და პირობა დადო, რომ ცვლილებას შეიტანს მთავრობის შემადგენლობაში, მაგრამ მანვე დაგმო დემონსტრანტები, რომლებიც უკრაინის მთავრობის უწყებებს ბლოკავენ.

გადადგომისაკენ ოპოზიციონერი პარლამენტარების ხმამაღალი მოწოდებების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა აზაროვმა სცადა გაემართლებინა თავისი მთავრობის გადაწყვეტილებები: „რაღაცას გეტყვით... უკრაინაში ვითარება მართლაც მძიმეა, მაგრამ არა იმ მიზეზების გამო, რომლებსაც ოპოზიციის ლიდერი არსენი იაცენიუკი გვისახელებს, არამედ მთელი რიგი სხვა ფაქტორების გამო“.

იმედი მაქვს, ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი ურთიერთკავშირი საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის, რასაც, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი გავლენა ექნებოდა, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველი...
რაც უნდა იყოს ფაქტორები, უკრაინაში ოპოზიციამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს საპროტესტო აქციებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა, მხარდამჭერებს მოუწოდა, პიკეტი მოუწყონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. როგორც იუწყებიან, თვით პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ჩინეთში გაემგზავრა და შეეცდება მიიღოს ფინანსური დახმარება, რომელიც უკრაინას ესაჭიროება.

იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაგეგმილ გაფორმებადე, ანუ ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსის სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, უარი თქვა ხელის მოწერაზე. გადაწყვეტილება გაამართლა არგუმენტით, რომ უკრაინა უარს ვერ იტყვის რუსეთთან მჭიდრო სავაჭრო კავშირზე. რუსეთი მართლაც ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებას და მას მოუწოდებს, ამის ნაცვლად გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში - სავაჭრო ბლოკში, რომელიც რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას აერთიანებს.

შეკითხვას, რამდენად შეიძლება უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონიოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ საქართველოს მისწრაფებაზე, ასე უპასუხა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ: „იმედი მაქვს, ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი ურთიერთკავშირი საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის, რასაც, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი გავლენა ექნებოდა, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველი. ნატოს პრინციპი მკაფიოა: ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს ორიენტაცია და ეს ჩვენ არაერთგზის მკაფიოდ გავუმეორეთ რუსეთს, საქართველოსთან მიმართებით“.
XS
SM
MD
LG