Accessibility links

კიევის ცენტრში წუხანდელი შეტაკებების შემდეგ, ვითარება სამთავრობო კვარტალში, გრუშევსკის ქუჩაზე, კვლავ დაძაბული რჩება. ევროკავშირმა დაგმო უკრაინის დედაქალაქში მომხდარი ძალადობა, რომლის დროსაც ათობით დემონსტრანტი და პოლიციელი დაშავდა. პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, უშიშროების საბჭოს მდივნის ანდრეი კლიუევის თავმჯდომარეობით, შექმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ოპოზიციასთან მოლაპარაკების წარმართვა დაევალა.

უკრაინის პროევროპული ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისათვის მზად არიან, ოღონდ აცხადებენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩიც უნდა დაჯდეს. „თუკი იანუკოვიჩს მართლაც სურს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და არა პროცესის იმიტაცია დროის გაყვანის მიზნით, მაშინ პირადად უნდა მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში და პასუხი აგოს შეთანხმების თითოეულ ნაბიჯზე“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ, რომელიც წუხელ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა ვიქტორ იანუკოვიჩს. უკრაინის პრეზიდენტმა მოლაპარაკებებში მონაწილეობა შესთავაზა პარტია „ბატკივშჩინის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს არსენი იაცენიუკს, რომელმაც „მაიდანზე“ შეკრებილ დემონსტრანტებს საკუთარი ხედვა გააცნო:

„რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დამირეკა. ხელისუფლება გამოხატავს ნებას გამართოს მოლაპარაკება. მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ანდრეი კლიუევს დაეკისრა. მინდა გაგაცნოთ ჩემი პირადი მოსაზრება ამ საკითხზე: პირველ რიგში, მოლაპარაკების ერთადერთი მანდატი არის „მაიდანის“ მანდატი, მეორე - მოლაპარაკებები საჯაროდ უნდა წარიმართოს, მესამე - ჩვენი მოლაპარაკებები ეს ჩვენ მოთხოვნების შესრულებაა“.

ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დღეს აპირებს შეხვდეს ოპოზიციის ლიდერებს...
ევროკავშირმა და აშშ-ებმა დაგმეს კვირას მომხდარი ძალადობა კიევში.
20 იანვრის ღამეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები შეეცადნენ გრუშევსკის ქუჩაზე მდებარე პოლიციის კორდონის გარღვევას, რასაც ორმხრივი შეტაკებები მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ნიღბიანმა აქტივისტებმა პოლიციის ცარიელ ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ცნობებით, დაშავებულები ორივე მხარეს არიან. 20 იანვარს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა გამოთქვა რწმენა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი შეხვედრა იქნება ნაბიჯი წინ კრიზისის მოგვარებისაკენ:

„ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დღეს აპირებს შეხვდეს ოპოზიციის ლიდერებს. ვიმედოვნებ, რომ ეს წინგადადგმული, პოზიტიური ნაბიჯი იქნება“.

ზოგიერთი ეს ახალი კანონი არც რუსეთში მიუღიათ და არც ბელორუსიაში, ამიტომ ვშიშობ, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გადაწყვიტა იყოს უფრო ავტორიტარული, უფრო აგრესიული თავისივე საზოგადოების წინაააღმდეგ...
კიევიდან მოსული ცნობებით, ცენტრში, სადაც წუხელ შეხლა-შემოხლა მოხდა, ამჟამად სიმშვიდეა. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ათიათასობით დემონსტრანტი გავიდა იმ ახალი კანონისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ჩატარებას. უკრაინის ხელისუფლების მომხრე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ განხილვის გარეშე მიღებულ ანტიდემოკრატიულ კანონს უპრეცედენტო უწოდა ვასილ ფილიპჩუკმა, უკრაინის მთავრობის ევროპის გაფართოების დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა:

„ზოგიერთი ეს ახალი კანონი არც რუსეთში მიუღიათ და არც ბელორუსიაში, ამიტომ ვშიშობ, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გადაწყვიტა იყოს უფრო ავტორიტარული, უფრო აგრესიული თავისივე საზოგადოების წინაააღმდეგ მიმართულ თავდასხმებში, ვიდრე ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები არიან“.

აშშ-მა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას გააუქმოს სადავოდქცეული კანონი, გაიყვანოს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები კიევის ცენტრიდან და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან. ოპოზიციისა და ხელისუფლების მოსალოდნელ შეხვედრას მიესალმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რომელმაც დღეს ბრიუსელში ისიც განაცხადა, რომ გამოსავალი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი არ იქნება შემოღებული რეპრესიის რეჟიმი.

პოლიციამ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის ბრალდებით დააკავა რადიო თავისუფლების კორესპონდენტები და გადამღები ჯგუფი. ამის შესახებ ტექსტური შეტყობინება გაავრცელა ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომლის ინფორმაციით, დაკავებისას ჟურნალისტებს სცემეს. დღეს დილით ჩვენი კორესპონდენტები იღებდნენ მილიციელებთან დემონსტრანტების დაპირისპირებას კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე, და მიუახლოვდნენ მილიციელების კორდონს. ამის შემდეგ ჩვენი რადიოს პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა.

უკრაინის ოპოზიციამ, რომელიც განაგრძობს საპროტესტო აქციას თავისუფლების მოედანზე, მოუწოდა ხელისუფლებას, უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული და შეწყვიტოს ოპოზიციის აქტივისტების დევნა.
XS
SM
MD
LG