Accessibility links

logo-print

უკრაინის არმიამ განაახლა შეტევა მეამბოხეების წინააღმდეგ


უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ განახლდა „ანტიტერორისტული ოპერაცია“ ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ. ათდღიანი ზავით კრიზისის განმუხტვა ვერ მოხერხდა.

პარლამენტის სპიკერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა პარლამენტს 1 ივლისს უთხრა: „ამ დილით განახლდა ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა. ჩვენი შეიარაღებული ძალები უტევენ ტერორისტების ბაზებს და გამაგრების ადგილებს“.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 ივნისს, გვიან საღამოს, გამოაცხადა, რომ არ აპირებს ზავის განახლებას. „ჩვენს ქვეყანას გავათავისუფლებთო“, თქვა პოროშენკომ განცხადებაში:

„ჩვენ იერიშს მივიტანთ და ჩვენს მიწებს გავათავისუფლებთ. საზავო გეგმის განუახლებლობა წარმოადგენს ჩვენს პასუხს ტერორისტებისთვის, მეამბოხეებისა და მაროდიორებისთვის - მათთვის, ვინც აწამებს სამოქალაქო პირებს, ვინც ქვეყნის ეკონომიკის პარალიზებას ახდენს, ვინც ხელფასების, პენსიებისა და სტიპენდიების გაცემის საშუალებას არ იძლევა, ვინც აფეთქებს რკინიგზას და ანადგურებს წყალსადენებს და ვინც ადამიანებს ნორმალური, მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას ართმევს“.

საზავო შეთანხმება წარმოადგენდა ნაწილს პოროშენკოს გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსული ამბოხების დასრულებას. ზავი, რომელსაც პოროშენკომ მოქმედების ვადა შვიდიდან ათ დღემდე გაუზარდა, 30 ივნისს ამოიწურა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, უკრაინის 27 სამხედრო იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც 20 ივნისს ზავი ამოქმედდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს კიევს მოუწოდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია და ზავი განაახლოს.

„მოვითხოვთ, უკრაინის ხელისუფლებამ თავი შეიკავოს თავიანთ ქვეყანაში სამოქალაქო ობიექტებისა და სოფლების დაცხრილვისგან და დაუბრუნდეს ჭეშმარიტ და არა ყალბ ზავს, რათა ადამიანების სიცოცხლე იყოს დაცულიო“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინის კრიზისის გამოყენების მცდელობაში მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩების შეხვედრაზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა: „დასავლეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებული მოვლენები წარმოადგენს რუსეთის მიმართ გატარებული შეკავების პოლიტიკის კონცენტრირებულ მანიფესტაციასო“. ამასთან, პუტინმა დასძინა, რომ „რუსეთი გააგრძელებს უცხოეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების დაცვას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საშუალებებით“.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე საუბრისას პუტინმა თქვა, რუსეთმა და ევროპელმა პარტნიორებმა ის ვერ დაარწმუნეს, არ შემდგარიყო ძალადობის გზაზეო. პუტინის თქმით, პოროშენკომ „იკისრა პასუხისმგებლობა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გავრცელებაზე“, როცა 30 ივნისს, გვიან ღამით, გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ათდღიანი ზავი აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან მიმართებით.

უკრაინის არმიის პრესმდივან ალექსეი დმიტრაშკოვსკის განცხადებით, მთავრობის ძალებმა გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და საჰაერო დარტყმებიც განახორციელეს.

დმიტრაშკოვსკის თქმით, მეამბოხეებმა არმიის სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს და დააზიანეს, მაგრამ თვითმფრინავმა შეძლო ბაზაზე უსაფრთხოდ დაშვებულიყო.

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა მეამბოხეებზე „საჰაერო და სახმელეთო“ იერიშები მიიტანეს.

დონეცკის რეგიონში სეპარატისტები აცხადებენ, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა მაშინ, როცა ქალაქ კრამატორსკში ერთ-ერთ ავტობუსს საარტილერიო ცეცხლი მოხვდა. დეტალები ცნობილი არ არის.

დონეცკის სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, მიროსლავ რუდენკომ, რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ შეტაკებები იყო კრამატორსკში, სოფელ კარლივკაში და დონეცკის აეროპორტში.

ადგილობრივ მედიას თვითმხილველებმაც აცნობეს, რომ დონეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კარლივკის არეალში ტანკები მონაწილეობდა შეტაკებებში.

პოროშენკოს გადაწყვეტილებას, არ განეახლებინა ზავი, წინ უძღოდა მისი ოთხმხრივი მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან. მოლაპარაკება 30 ივნისს გაიმართა, სანამ ზავს ვადა ამოეწურებოდა.

პოროშენკომ განაცხადა, რომ ის ზავს „ნებისმიერ მომენტში“ აღადგენს, თუკი გამოჩნდება, რომ ყველა მხარეს აქვს მისი სამშვიდობო გეგმის ყველა პუნქტის განხორციელების მზაობა, მძევლების გათავისუფლებისა და საზღვრის ეფექტიანი კონტროლის ამოქმედების ჩათვლით.

ასეთ ფონზე, ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთს ამ ეტაპზე არ დაუწესოს ახალი სანქციები და განაცხადა, რომ ადგილზე ვითარება „არაერთგვაროვანია“.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა ეს საკითხი 1 ივლისს განიხილეს ბრიუსელში.

თუმცა ასევე ვრცელდება ევროკავშირის დიპლომატების სიტყვები, რომ ბლოკის ქვეყნების მთავრობათა გადაწყვეტილებით, „სანქციების დაწესებისთვის მზადება უფრო ინტენსიური გახდება“.

გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხის განხილვას 7 ივლისს დაუბრუნდება.

XS
SM
MD
LG