Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთს საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებს


კიევი რუსეთს უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სეპარატისტები, რომლებსაც რუსი „დაქირავებული მებრძოლები“ ეხმარებიან, უკრაინელ მესაზღვრეებს ესვრიან. ამას გარდა, კიევი ვარაუდობს, რომ რუსეთის ტერიტორიიდან ისროლეს რაკეტა, რომელმაც 14 ივლისს უკრაინის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვალერი ჰელეტეი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდო რაკეტამ, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთის ტერიტორიიდან ისროლეს. ჰელეტეის თქმით, უკრაინელ სამხედრო ოფიციალურ პირებს კონტაქტი აქვთ ეკიპაჟის ზოგ წევრთან. ცნობაში არაფერია ნათქვამი მსხვერპლის შესახებ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დილით შეტაკებები მოხდა რუსეთის საზღვართან მდებარე დიაკოვოს სასაზღვრო ნაგებობებთან. კიევის ინფორმაციით, სეპარატისტები, რომლებსაც რუსი „დაქირავებული მებრძოლები“ ეხმარებიან, უკრაინელ მესაზღვრეებს ესროდნენ რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე დაჯავშნილი ავტომანქანების შეყვანის მცდელობისას. ლისენკოს თქმით, ეს მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში „კონფლიქტის ესკალაციის გზას“ დაადგა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ლისენკო გამოეხმაურა აგრეთვე რუსეთის განცხადებას, რომ რუსეთში ადამიანი შეიწირა უკრაინიდან გასროლილმა ჭურვმა. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანმა კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდება: „ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ისროლეს, წმინდა წყლის სიცრუეა. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენთვის ცნობილია მრავალი ფაქტი, როცა ტერორისტები სპეციალურად, პროვოკაციის მიზნით ისვრიან, ისვრიან რუსეთის ტერიტორიაზეც და შემდეგ ამაში უკრაინის ჯარებს ადანაშაულებენ“.

საყურადღებოა, რომ 14 ივლისს რუსეთი „შეუქცევადი შედეგებით“ დაემუქრა უკრაინას, რუსეთისთვის სროლაზე გამოხმაურებისას. კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს ინციდენტის გამო.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკომ კიევში, არმიისა და უშიშროების სამსახურების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვა, რომ „ბოლო სამ დღეში რუსეთის ახალი სარაკეტო სისტემა იქნა გამოყენებული უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, „დასტურდება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიის შტაბის ოფიცრები მონაწილეობენ უკრაინის ჯარების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციებში“.

ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის ჯარებმა ბოლო მოუღეს ბლოკადას, რომელიც მეამბოხეებს ჰქონდათ მოწყობილი ქალაქ ლუგანსკის აეროპორტისათვის. უკრაინელი სამხედროების ცნობით, საჰაერო დარტყმებს მძიმე დანაკარგი მოჰყვა რუსეთის მომხრე სეპარატისტების რიგებში. ამავე წყაროს ცნობით, დანაკარგია დაჯავშნილ ბადრაგშიც, რომელიც უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.

XS
SM
MD
LG