Accessibility links

logo-print

უკრაინა: „საგანგებო სტატუსი“ და ისტორიული მომენტი პარლამენტში


უკრაინის პარლამენტი

უკრაინის პარლამენტი

უკრაინის პარლამენტში, ვერხოვნა რადაში, 16 სექტემბერს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული: პარლამენტმა დაამტკიცა „საგანგებო სტატუსი“ აღმოსავლეთში მდებარე რეგიონისთვის, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, და მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.

უკრაინის პარლამენტის მიერ დამტკიცებული საგანგებო სტატუსი ითვალისწინებს სამი წლით ფართო ავტონომიის მინიჭებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზოგი ნაწილისათვის. მიზანია ამ რეგიონში რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან სისხლისმღვრელი დაპირისპირებისათვის ბოლოს მოღება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულმა კონფლიქტმა უკვე 3000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ახალი კანონით ადგილობრივ მმართველებს ეძლევათ საშუალება შექმნან საკუთარი პოლიცია, დანიშნონ მოსამართლეები და პროკურორები. გათვალისწინებულია ასევე 7 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ჩატარება დონბასად წოდებულ რეგიონში ახალი საკრებულოების შესაქმნელად. გარდა ამისა, საგანგებო სტატუსი იძლევა გარანტიებს სახელმწიფო უწყებებში რუსულ ენაზე სალაპარაკოდ, იძლევა შესაძლებლობას გააქტიურდეს ურთიერთობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებთან.

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სეპარატისტებსა და მთავრობის ჯარებს შორის კონფლიქტში მონაწილეების ამნისტიასაც - გარდა პირებისა, რომლებსაც სერიოზული დანაშაული აქვთ ჩადენილი.

16 სექტემბერს დამტკიცებული ეს კანონები შეესაბამება კიევისა და მეამბოხეების მიერ 5 სექტემბერს ხელმოწერილ ზავს. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ საგანგებო სტატუსის შესახებ კანონი იძლევა უკრაინის „სუვერენობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის“ გარანტიას.

საგანგებო სტატუსისა და ამნისტიის შესახებ კანონპროექტების დამტკიცების შემდეგ სულ მალე უკრაინის პარლამენტმა კენჭი უყარა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასაც.

დეპუტატების წინაშე გამოსვლისას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გაიხსენა რუსეთთთან 350 წლის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელსაც „შეცდომა“ უწოდა: „დღევანდელი რატიფიკაციისათვის კენჭისყრა არის ცივილიზაციის არჩევანი უკრაინისათვის! ჩვენ ვასწორებთ შეცდომას, რომელიც 350 წლის წინ იქნა დაშვებული. უკრაინა არის ევროპა. ეს განაცხადა და გააკეთა უკრაინელმა ხალხმა. ამ შეთანხმების ქვეშ არის მთელი უკრაინის ხელმოწერა“, - ასე მიმართა ვერხოვნა რადას წევრებს პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ერთდროულად უყარეს კენჭი უკრაინისა და ევროკავშირის პარლამენტებში, რაც ამ უკანასკნელის - ევროპარლამენტის - თავმჯდომარის, მარტინ შულცის ინფორმაციით, უპრეცედენტო შემთხვევაა: „ეს არის ისტორიული მომენტი! ვფიქრობ, გონივრულად უნდა მოვიქცეთ. მეტისმეტად ხშირად ვიყენებთ ამ შეფასებას. ისტორიული მომენტები ხშირი არ არის, მაგრამ დღეს მართლაც ისტორიული მომენტი იყო. საინტერესოა, არსებობს თუ არა პრეცედენტი, რომ ორ პარლამენტს ერთად, ვიდეოჩართვით დაკავშირებულს, კენჭი ეყარა საერთაშორისო ხელშეკრულებისათვის. ეს არის პარლამენტარიზმის ისტორია, პრეცედენტის გარეშე. ჩვენ და კიევში ჩვენი კოლეგები ვამაყობთ ამ უნიკალური მოვლენით და მომენტით“, - განაცხადა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.

დღევანდელ კენჭისყრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინის პრეზიდენტიც. მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას უწოდა ,პირველი ნაბიჯი“ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისაკენ.

ასოცირების შეთანხმება, როგორც ცნობილია, ითვალისწინებს მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებას და თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედებას. თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა და უკრაინამ გადაწყვიტეს 2015 წლის ბოლომდე გადადონ თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.

XS
SM
MD
LG