Accessibility links

logo-print

პეტრო პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს ხედავს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი

6 ოქტომბერს, როდესაც კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხვდებოდა, უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დონეცკში კვლავ ისმოდა საარტილერიო სროლის ხმა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ცდილობენ ხელთ იგდონ აეროპორტის შენობა, რომელსაც უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

პრორუსულად განწყობილი დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წუხელ ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა საარტილერიო დაბომბვის შედეგად. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შეტაკებებში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 13 დაიჭრა.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტის მთავარ პირობად უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან დამაკავშირებელ საზღვარზე კონტროლის დამყარებას ასახელებს.

„ვფიქრობ, საზღვრის ჩაკეტვისა და საზღვარზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე შეუძლებელი იქნება კონფლიქტის შეჩერება, ხოლო საზღვრის დამოუკიდებლობა ქვეყნის სუვერენიტეტის უმთავრესი ელემენტია“, განაცხადა პეტრო პოროშენკომ ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე.

ორშაბათს უკრაინაში შექმნილ ვითარებას ნატოს ახალი გენერალური მდივანი გამოეხმაურა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში ზავის ბევრჯერ დარღვევის გამო. ნატოს გენერალური მდივნის რანგში პირველი ვიზიტით პოლონეთში ყოფნისას სტოლტენბერგმა განაცხადა, მნიშვნელოვანია რუსეთმა თავისი გავლენა გამოიყენოს და სეპარატისტებს ზავის დაცვისკენ უბიძგოსო.

უკრაინაში, განსაკუთრებით კი დონეცკის აეროპორტის მახლობლად, ზავს 6 ოქტომბერს „მყიფე“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, უშიშროების საბჭომაც.

სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატოს „ნომერ პირველი ამოცანა“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა და „დამოუკიდებელი, დემოკრატიული და დასავლეთისკენ ორიენტირებული უკრაინის“ მხარდაჭერააო. ამასთან, მისივე განცხადებით, ალიანსის აღმოსავლეთით გაგრძელდება სამხედრო ყოფნა და აქტივობა, რაც პოტენციურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ალიანსის მიერ რუსეთისთვის 1997 წელს მიცემულ პირობას, რომ აღმოსავლეთში არ განთავსდებოდა მნიშვნელოვანი საბრძოლო კონტინგენტი.

კიევში მყოფმა ვიქტორია ნულანდმა ასევე გაუსვა ხაზი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირად წვლილს უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტის საქმეში:

„ვიმედოვნებთ, რომ თქვენ აცნობიერებთ იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს პიროვნულ გაბედულ და წარმატებულ ბრძოლას მშვიდობის დამყარებისა და ამ ომის შეწყვეტის საქმეში“.

უკრაინის ლიდერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდთან შეშფოთებით ისაუბრა პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ რთულ ვითარებაზე. პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში უნდა აღდგეს ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და სურსათის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხევაში მოსახლეობა მოახლოებული ზამთრის წინ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგება.

XS
SM
MD
LG