Accessibility links

logo-print

პროევროპული ძალების დამაჯერებელი გამარჯვება უკრაინაში


არჩევნების შედეგების მონიტორი

არჩევნების შედეგების მონიტორი

უკრაინაში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით პროდასავლური პარტიები ხვდებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 27 ოქტომბერს გამოცხადებული წინასწარი შედეგების თანახმად, ლიდერობს პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“, რომელიც მცირე უპირატესობით, ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 21,6%-ით, წინ უსწრებს პროსაპრეზიდენტო ძალას. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის დადასტურება იყო, რამაც მოსახლეობას ნამდვილი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

26 ოქტომბრის ღამით, ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „უკრაინის მძლავრ და შეუქცევად დაბრუნებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე“:

„ვფიქრობ, რომ უკრაინის ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც არჩევნების შედეგები დემოკრატიულ, პროევროპულ ძალებს აძლევს თითქმის კონსტიტუციურ უმრავლესობას, როდესაც მმართველმა ძალებმა პირველად მიიღეს 50 პროცენტზე მეტი. სავსებით ნათელია, რომ ეს ნდობის ის კრედიტია, რომელიც უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის საზოგადოებამ მისცა პოლიტიკურ ძალებს იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ რეფორმების პროცესი“.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამუშავებული ბიულეტენების 40 პროცენტის შედეგად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მცირედი უპირატესობით ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის, პარტია „სახალხო ფრონტი“, რომელსაც ხმათა 21,6 % ხვდა წილად. ხმათა 21, 51 %-ით მეორე ადგილზეა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს საარჩევნო ბლოკი, ხოლო 11 %-ით მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი პროდასავლური გაერთიანება, დასავლეთ უკრაინაში დაფუძნებული „თვითდახმარების“ პარტია.

არჩევნების წინასაწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მყისიერ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება ასევე ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა არსენი იაცენიუკმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოკლე ხანში ჩამოყალიბდება ახალი საპარლამენტო კოალიცია:

„მე უკვე მქონდა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან და ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში შევქმნით კოალიციას, რათა ახალმა მთავრობამ და პარლამენტმა სწრაფად და ეფექტურად დაიწყონ ის რეფორმები, რაც უკრაინას სჭირდება“.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, უკრაინის პარლამენტში, „ვერხოვნა რადაში“, მოხვდება კიდევ სამი საარჩევნო გაერთიანება. ამომრჩეველთა 9 პროცენტმა მისცა ხმა „ოპოზიციურ ბლოკს“, რომელიც დამხობილი პრეზიდენტის, ვიქტორი იანუკოვიჩის, „რეგიონთა პარტიის“ წევრებით არის დაკომპლექტებული. 7,5 % პროცენტი ხვდა წილად ოლეგ ლიაშკოს „რადიკალურ პარტიას“, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინამ“ ძლივს გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი და მხოლოდ 5,8 პროცენტი აქვს. პარლამენტში ჯერჯერობით ვერ ხვდება პოპულისტური პარტია „თავისუფლება“ და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „ვერხოვნა რადაში“ არ ეყოლება დეპუტაცია უკრაინის კომუნისტურ პარტიას, რომელსაც ბევრი ანალიტიკოსი საერთოდ პოლიტიკური სცენიდან გაქრობასაც კი უწინასწარმეტყველებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს აღიაროს უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის დადასტურება იყო, რამაც მოსახლეობას ნამდვილი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

XS
SM
MD
LG