Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა „მიუმხრობელი ქვეყნის“ სტატუსის გაუქმებას


პეტრო პოროშენკო პარლამენტის სხდომაზე
პეტრო პოროშენკო პარლამენტის სხდომაზე

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ნეიტრალური, „მიუმხრობელი“ ქვეყნის სტატუსის გაუქმებას და კურსი ნატოსკენ აიღო, რაც რუსეთმა მყისიერად შერაცხა „არამეგობრულ“ ნაბიჯად.

შესწორებას, რომელიც პარლამენტს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასულ კვირაში წარუდგინა, 23 დეკემბერს მხარი

დაუჭირა 303-მა დეპუტატმა 450-ადგილიან პარლამენტში.

თანდართული დოკუმენტი, რომელიც ხსნის ცვლილებებს უკრაინის კანონში საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ამბობს, რომ „მიუმხრობელი ქვეყნის“ სტატუსი ქვეყანამ 2010 წელს მიიღო, მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, პირობებში და ამან ქვეყანა დაასუსტა „გარეშე აგრესიისა და ზეწოლის“ პირისპირ.

ამავე დოკუმენტის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიამ, მის მიერ ყირიმის უკანონო ანექსირებამ, მისმა სამხედრო ჩარევამ აღმოსავლეთის რეგიონებში და სხვა სახის ზეწოლამ გააჩინა აუცილებლობა გარანტიისა, რომ „დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა“ უფრო ეფექტიანად იქნება დაცული.

იანუკოვიჩი თებერვალში დაამხეს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად. მის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა პროდასავლური მთავრობა, რომელიც თვეების განმავლობაში ლაპარაკობდა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებაზე. ამ სტატუსის გამო უკრაინა ვერ ავლენდა ძალისხმევას ნატოში გასაწევრიანებლად.

კონფლიქტმა, რომელიც მთავრობის ძალებს და პრორუსულად განწყობილ მეამბოხეებს შორის მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში, აპრილის შემდეგ 4,700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. კიევი და ნატო რუსეთს ბრალს სდებენ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გამოყოფაში. სეპარატისტებს დაპყრობილი აქვთ აღმოსავლეთ უკრაინის ორი პროვინციის ნაწილები.

„უკრაინის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდაო“, - უთხრა პრეზიდენტმა პოროშენკომ უცხოეთის ქვეყნების ელჩებს კიევში 22 დეკემბერს, გვიან საღამოს.

პარლამენტში გამართულ კენჭისყრამდე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ კანონპროექტი ასე აღწერა:„დღეს ყველამ უნდა მივცეთ ხმა შექმნილი ვითარებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს - კანონპროექტს მშვიდობის, რეფორმების სტრატეგიის, დასავლეთის ცივილიზაციაში ჩვენი ადგილის შესახებ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც უარყოფს უკრაინის „მიუმხრობელ“ სტატუსს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, უკრაინა გააღრმავებს ნატოსთან თანამშრომლობას საიმისოდ, რომ დააკმაყოფილოს ამ ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კრიტერიუმი.

ნატოში გაწევრიანების პროცესს, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, თუმცა ნატოს პრესმდივანმა ბრიუსელში განაცხადა: „ჩვენი კარი ღიაა და უკრაინა გახდება ნატოს წევრი, თუკი ამას მოისურვებს, სტანდარტებს დააკმაყოფილებს და აუცილებელ პრინციპებს უერთგულებსო“.

ეუთოში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა უკრაინის ახალ კანონსუწოდა „არამეგობრული“ და განაცხადა, ეს ჩვენს ურთიერთობაში დამატებით პრობლემებს და დაძაბულობას გააჩენსო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მას უწოდა „კონტრპროდუქტიული“ ნაბიჯი, რომელიც, მისი თქმით, „კონფრონტაციის ესკალაციას იწვევს და ქმნის ილუზიას, რომ უკრაინის ღრმა შიდა კრიზისი შეიძლება ამგვარი კანონების მიღებით გადაიჭრას“.

23 დეკემბერს დილით, სანამ უკრაინის პარლამენტი კენჭისყრას ჩაატარებდა, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ ტექსტში განაცხადა, მიუმხრობელი ქვეყნის სტატუსის გაუქმება „ფაქტობრივად, ნატოში შესვლაზე განაცხადია, რაც უკრაინას რუსეთის პოტენციურ სამხედრო ოპონენტად აქცევსო“.

XS
SM
MD
LG