Accessibility links

logo-print

უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერები აცხადებენ, რომ ალყაში მოაქციეს დონეცკის ოლქის ქალაქი დებალცევო და მოუწოდებენ უკრაინის სამთავრობო ჯარებს დაყარონ იარაღი. უკრაინის დაჯგუფების ალყაში მოქცევის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს, ამ განცხადებას უარყოფს უკრაინის სამხედრო უწყება. ამ ფონზე, კიევში არ გაიმართა 30 იანვრისათვის დაგეგმილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხზე.

უკრაინის სამხედრო უწყების ინფორმაციით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 23 დაიჭრა სეპარატისტების მიერ ქალაქ დებალცევოზე განხორციელებულ იერიშში, რომლის დროსაც მოწინააღმდეგე ნაღმსატყორცნებს, სარაკეტო და საარტილერიო სისტემებს იყენებდა. ქალაქი დებალცევო აზოვის ზღვასთან მდებარე ქალაქია, რომელიც ერთმანეთთან ლუგანკსა და დონეცკის ოლქს აკავშირებს.

მიუხედავად მინსკის სექტემბრის საზავო შეთანხმებისა, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის არმიის შენაერთებს შორის საომარი დაპირისპირება იანვრის თვეში გაძლიერდა და ორივე მხრიდან მსხვერპლის რაოდენობამ 5100 კაცს მიაღწია.

პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებმაც ორი კვირის წინ სრულად დაამყარეს კონტროლი დონეცკის საერთაშორისო აეროპორტზე, რუსეთის სამხედრო დახმარების წყალობით, აგრძელებენ წინსვლას და ახალ დასახლებულ პუნქტებს უტევენ, რითაც უხეშად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სექტემბერში მიღწეულ შეთანხმებას.

დონეცკის თვითმარქვია სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ ჯერ კიდევ 23 იანვარს გამოაცხადა მეამბოხეების გეგმა, უფრო ღრმად შეჭრილიყვნენ დონეცკის ტერიტორიაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ მიერ ნაკისრ ნებისმიერ სამშვიდობო ვალდებულებას.

30 იანვარს დონეცკში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერმა განაცხადა, რომ ალყაშია მოქცეული დონეცკის ოლქის ქალაქი დებალცევო და მასში მყოფი უკრაინის არმიის დიდი დანაყოფი, რომელსაც ზახარჩენკო, იარაღის დაყრის შემთხვევაში, სიცოცხლის შენარჩუნებას დაჰპირდა.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები ინარჩუნებენ პოზიციებს ქალაქ დებალცევოში და საარტილერიო ცეცხლით იგერიებენ მოწინააღმდეგის იერიშებს.

სიტუაცია კვლავაც დაძაბულია დონეცკის გარეუბანში, რომელიც, მეამბოხეთა განცხადებით, განუწყვეტლივ იბომბება უკრაინის არმიის შორსმსროლელი არტილერიით. სეპარატისტთა ცნობით, კულტურის ცენტრთან ჭურვის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი კი ნამსხვრევისგან მიღებული ჭრილობისგან საკუთარ მანქანაში გარდაიცვალა.

ევროკავშირი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს რუსეთს, რომელიც იარაღით ამარაგებს სეპარატისტებს.

ამ ფონზე, ევროკავშირი სექტემბრამდე გაუგრძელებს სანქციებს რუს და სეპარატისტ ოფიციალურ პირებს, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების გამო, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც მოჰყვა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალზე გადაწყვიტეს ასევე, რომ ერთ კვირაში მოამზადონ წინადადება, თუ რომელი ინდივიდები და კომპანიები უნდა დაემატოს სანქცირებულთა სიას.

მინსკი კვლავაც მზად არის უმასპინძლოს საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას, კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ხელმძღვანელობის, რუსეთისა და ეუთოს მონაწილეობით. ამ ფორმატის შეხვედრის თარიღად 30 იანვარი გამოცხადდა, მაგრამ მასზე არ გამოცხადდნენ კიევისა და თვითგამოცხადებული დონეცკის წარმომადგენლები.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 29 იანვარს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს შეთანხმებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი, რაც უზრუნველყოფს მძიმე ტექნიკის გატანას საბრძოლო დაპირისპირების ხაზიდან. ლუგანსკის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერს იგორ პლოტნიცკის კი საკუთარი მოთხოვნა აქვს. როგორც სეპარატისტთა საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, პლოტნიცკი კიევისგან მოითხოვს გაუქმდეს სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ არსებული რეგიონის ეკონომიკური ბლოკადა.

XS
SM
MD
LG