Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზავის მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა გრძელდება


კიევის მიერ 16 თებერვალს გაკეთებული განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ძალებზე 112-ჯერ განხორციელდა იერიში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან, მიუხედავად ზავისა, რომელიც 15 თებერვალს ამოქმედდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის თქმით, უკრაინა „სრულად იცავს“ ზავს. კლიმკინმა „ტერორისტებს დონეცკიდან და ლუგანსკიდან“ ბრალი დასდო „არტილერიით, ნაღმებით და გრადის ტიპის დანადგარებით იერიშების განხორციელებაში“.

სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს უკრაინის არმიის პრესმდივნის სიტყვებს, რომ ზავის ამოქმედების შემდეგ მოკლულია ხუთი სამხედრო, დაიჭრა 25.

ბრძოლა გრძელდება მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ დებალცევოსთან, კიევი და სეპარატისტები ერთმანეთს სდებენ ბრალს ზავის დარღვევაში.

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანი, ანდრეი ლისენკო, კიევში გამართულ ბრიფინგზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„ჩვენ მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ბანდიტებს თავიანთმა რუსმა ხელმძღვანელებმა უბრძანეს რადაც უნდა დაუჯდეთ, მაინც აიღონ დებალცევო და მოახდინონ ჩვენი სამხედროების პროვოცირება. ამავე დროს, გასამხედროებულმა ძალებმა ეუთოს [სამეთვალყურეო] მისიას არ მისცეს დებალცევოში შეღწევის საშუალება, რაც მინსკის შეთანხმებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

კიევიც და სეპარატისტებიც აცხადებენ, რომ თავდასხმების გამო ფრონტის ხაზიდან არ გაიტანენ მძიმე შეიარაღებას.

ტანკების, არტილერიისა და რაკეტების გატანა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან 17 თებერვალს, ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე, უნდა დაიწყოს, როცა მინსკში გასულ კვირაში ხელმოწერილი საზავო შეთანხმების მეორე ფაზა ამოქმედდება.

უკრაინის სამხედრო უწყების პრესმდივანი ვლადისლავ სელეზნიოვი აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში არც კი განიხილება უკრაინის მხრიდან მძიმე შეიარაღების გატანის საკითხი, რათა ბუფერული ზონა შეიქმნას. გეგმის თანახმად, ზონამ 140 კილომეტრი უნდა მოიცვას.

დონეცკში თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ედუარდ ბასურინი ამბობს, თუ უკრაინის არმია არ შეწყვეტს სროლას და მინსკის შეთანხმების დარღვევას, სახალხო რესპუბლიკის ძალები თავიანთ შეიარაღებას არ გაიტანენო.

ასეთ ფონზე, ბრიუსელში ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე და ორი დეპუტატი დაუმატა იმ პირთა და უწყებათა სიას, რომლებსაც უკრაინის კონფლიქტის გამო სანქციები შეეხო. სიაში ასევე მოხვდა 15 სეპარატისტი დონეცკიდან და ლუგანსკიდან.

საბოლოო ჯამში, სია ამჟამად მოიცავს 151 პირს და 37 უწყებას უკრაინასა და რუსეთში.

მოსკოვმა ცნობა გააკრიტიკა და განაცხადა, საზავო შეთანხმების ამოქმედებიდან ერთ დღეში ახალი სანქციების დაწესებით ევროკავშირი „საღ აზრს“ ეწინააღმდეგებაო.

ზავის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინამ, რუსეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა. შეთანხმების მიზანია დასრულდეს ომი, რომელსაც ბოლო 10 თვის განმავლობაში 5,500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG