Accessibility links

logo-print

ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო კვირის განმავლობაში სტაბილურად საშიშია. აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი კორესპონდენტების თანახმად, 17 აგვისტოს ქალაქ მარიუპოლის აღმოსავლეთ ნაწილში სერიოზული ბრძოლები გაიმართა სეპარატისტების ფორმირებებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარის ნაწილებს შორის. ამასთან, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებიც ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომებს აკონტროლებენ, ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ სამთავრობო ჯარების პოზიციებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაბომბვისას ორი ადგილობრივი მცხოვრები - ქალი და კაცი - დაიღუპა. სეპარატისტთა წყაროები აცხადებენ, რომ, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის სამთავრობო ჯარის მიერ დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰორლივკას დაბომბვის შედეგად.

რუსეთმა, რომელიც გადაჭრით უარყოფს თავის სამხედრო დახმარებას და ჩარევას აღმოსავლეთ უკრაინაში, ვითარებას მარიუპოლთან მომავალი დიდი ბრძოლებისათვის სამზადისი უწოდა.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით, რაც ძალიან გვაგონებს მომავალი საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადებას“, - განაცხადა 17 აგვისტოს სერგეი ლავროვმა, რომელიც მოსკოვში თავის ირანელ კოლეგას შეხვდა.

ერთი დღით ადრე უკრაინაში შექმნილ ვითარებას „ფეთქებადი“ უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და, ახალი სამხედრო ესკალაციის არდაშვების მიზნით, მოლაპარაკებების სასწრაფოდ გამართვის მოწოდებით გამოვიდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეს განცხადება 16 აგვისტოს გააკეთა ინტერვიუში, რომელიც „ბილდ ამ ზონტაგმა“ დაბეჭდა. შტაინმაიერის თქმით, მან კიევს და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შესთავაზა დაუყოვნებლივ გამართონ შეხვედრა ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად, რათა დაძაბულობა განიმუხტოს. ამ ფონზე, ევროპა და გერმანია გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, თავისი მკვახე გამოთქმებით ცნობილმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ცდილობს გახდეს რესპუბლიკური პარტიის ერთიანი კანდიდატი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში:

„არ მომწონს, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ ეს მართლა ისეთი პრობლემაა, რაც ევროპაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩვენზე. და მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ“.

როდესაც გერმანიაზე ლაპარაკობდა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ბერლინი, რომელიც „მშვიდად ზის“ და თანახმაა მიიღოს რუსეთისგან ბუნებრივი აირი და ბენზინი. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა 16 აგვისტოს ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ აღელვებს, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი, რადგან არც ნატო და არც ევროპა არ იჩენენ საკმარის პასუხისმგებლობას უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე.

ამ ფონზე, ვითარება ქალაქ მარიუპოლთან კვლავ დაძაბულია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები ქალაქიდან 5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ სარტანაში. ჭურვის აფეთქების შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა იქ მდებარე ნავთობის ბაზას. აზოვის ზღვაზე მდებარე ქალაქი მარიუპოლი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელზე კონტროლის დამყარება პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG