Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკო: რუსეთს ძვირად დაუჯდება ესკალაცია


პეტრო პოროშენკო სამხედრო
პეტრო პოროშენკო სამხედრო

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააძლიერებს არმიას, რომელიც ძვირად დაუსვამს რუსეთს ესკალაციას. პოროშენკომ ეს განცხადება გააკეთა სამხედრო აღლუმზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევის ცენტრში გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებით, რუსეთის მხრიდან აგრესიას ბრძოლის ველზე 2 000 უკრიანელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 7 000-მდე დაიჭრა. განსაკუთრებით დიდი დანაკარგი განიცადა უკრაინამ შარშან ილოვაისკის ოპერაციის დროს, რომელიც ლამის დაემთხვა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ამიტომ 24 აგვისტოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, ქვეყნის პრეზიდენტმა არმიის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

„ჩვენ მშვიდობა გვსურს, მაგრამ არ ვართ პაციფისტები. ამიტომ ჩვენ ვზრდით თავდაცვის ხარჯებს, ვაუმჯობესებთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ფინანსურ ანაზღაურებას და ვავითარებთ პროფესიულ ელემენტს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. თუმცა მე არ შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური ანდა აღარ დაგვჭირდება მობილიზაციის ახალი ტალღა. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ აგრესიის წინაშე ვართ, შეუძლებელია არმია 100 პროცენტით საკონტაქტო პრინციპზე დაკომპლექტდეს - ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს“.

უკრაინის ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთს გეგმაში აქვს ახალი თავდასხმა უკრაინის მიწა-წყალზე. ამ მიზნით, უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთს უკვე ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან დაახლოებით 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ამას ემატება კიდევ 40 ათასი ჯარისკაცი და შეიარაღება, რომელიც რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. თუმცა ასეთი ესკალაცია რუსეთს, საბოლო ჯამში, ძვირად დაუჯდება,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ჩვენ მზად ვართ მოვიგერიოთ მოწინააღმდეგის თავდასხმა და რუსეთს ეს ესკალაცია ძვირი დაუჯდება. ამიტომაცაა, რომ რუსეთი ალტერნატიულ სტრატეგიას მიმართავს - ესაა ქვეყნის შიგნით ვითარების დესტაბილიზაცია, მთავარ მოკავშირეებთან უკრაინის დაპირისპირება და ამით მისი ისე იზოლაცია, რომ ქვეყანა აგრესორის პირისპირ აღმოჩნდეს“.

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ომი 2014 წლის აპრილიდან გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტს 6 800 კაცის სიცოცხლე შეეწირა. ვითარების დეესკალაციას ვერ შველის მინსკში თებერვალში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის დარღვევაშიც მხარეები ერთანეთს ადანაშაულებენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG