Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ჩაიფუშა არადემოკრატიული ძალების რევანშის მცდელობა


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

25 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მიჩნეული იყო როგორც უკრაინის „პეტრო პოროშენკოს“ მმართველი კოალიციის გაძლიერების ერთგვარი ტესტი რეგიონებში, სადაც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს უკრაინელი ოლიგარქების მომხრეები აკონტროლებენ.

შესაბამისად, ორივე დაპირისპირებულმა მხარემ უზრუნველყო საარჩევნო უბნებზე მომხრეთა მაქსიმალური მობილიზება, რაზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიც მეტყველებს.

უკრაინაში კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობამ დაახლოებით 47 % შეადგინა. ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 56 % - ტერნოპოლის ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი - 32 % - დონეცკში. ადგილობრივი არჩევნები უკრაინის ყველა რეგიონში ჩატარდა, ანექსირებული ყირიმისა და ასევე დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გამოკლებით. მარიუპოლსა და კრასნოარმეისკში არჩევნები გადაიდო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამო.

პეტრო პოროშენკოს „სოლიდარობის ბლოკის“ შტაბის თანახმად, მარიუპოლში არჩევნების გადადების მიზეზი გახდა არასწორად შედგენილი და დიდი რაოდენობით ბიულეტენები, რომელთა ბეჭდვა უკრაინის უმდიდრესი ადამიანის, ოლიგარქ რინატ ახმეტოვის, კუთვნილ ერთ-ერთ კომპანიას უნდა უზრუნველეყო.

თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა „ოპოზიციურმა ბლოკმა“ და ახმეტოვის მიერ წამოყენებული ქალაქ მარიუპოლის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბმა ბრალი დასდო ხელისუფლებას, რომ მან, არჩევნების წაგების შიშით, მარიუპოლში არჩევნები გამოგონილი მიზეზით გადადო.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების დათვლა 28 ოქტომბრამდე გასტანს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არჩევნების დასრულებისთანავე განაცხადა, რომ ამომრჩეველმა დემოკრატიულ და რეფორმისტულ ძალებს დაუჭირა მხარი.

„ჩაიფუშა არადემოკრატიული ძალების რევანში, რომლითაც ჩვენ ასე გვაშინებდნენ. მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პასუხისმგებლიანი არჩევნებისათვის უკრაინელ ხალხს, რომელმაც ახლა დემოკრატიულ ძალებსა და რეფორმებს დაუჭირა მხარი. არ მოხდა უკრაინის გაყოფა, ჩაიფუშა რუსეთის მცდელობა შეექმნა ჩვენს შიგნით მეხუთე პრორუსული კოლონა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 26 ოქტომბერს კიევში აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ პენი პიცკერთან შეხვედრის დროს, ადგილობრივი არჩევნების შეფასებისას.

უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრობის მანდატის გარდა, კიდევ უფრო დაძაბული ბრძოლა გაიმართა ქალაქის მერის პოსტზე უკრაინის იმ ქალაქებში, რომლებსაც უკრაინის წინა ხელისუფლების ფავორიტები აკონტროლებენ. ერთ-ერთი მათგანია უკრაინის უდიდესი საზღვაო ქალაქი ოდესა, სადაც ქალაქის მოქმედ მერს, გენადი ტრუხანოვს, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე საშა ბოროვიკი უპირისპირდებოდა.

თავის მხრივ, საშა ბოროვიკს მხარს უჭერს პეტრო პოროშენკოს ლიდერობით მოქმედი „სოლიდარობის“ ბლოკი, რომელიც იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგად მას დარჩება მრავალი ქალაქის მერის პოსტი და უმრავლესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

თუმცა, არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით, მმართველ „სოლიდარობის ბლოკს“ მოქალაქეთა მხოლოდ 26 პროცენტი უჭერდა მხარს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა და ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მოქმედების ფონზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი ბლოკის ძირითადი მოწინააღმდეგე კი „ოპოზიციური ბლოკია“, რომელიც უკრაინის დამხობილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე „რეგიონების პარტიის“ ყოფილი წევრებისაგან შედგება.

„ოპოზიციური ბლოკი“ უკრაინის პარლამენტში მანდატების 10 %-ს ფლობს და გადაჭრით ეწინააღმდეგება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ნატოში გაწევრიანებისაკენ აღებულ საგარეო კურსს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პოზიციათა განმტკიცებას ელოდება პარტია „ბატკივშინა“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უდგას სათავეში. ამ პარტიის საარჩევნო დევიზი იყო არმიის პროფესიულ რელსებზე გადასვლა და სამართლიანი ტარიფი ბუნებრივ აირზე, დენსა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG