Accessibility links

logo-print

საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან, რომ ჰუმანიტარული ვითარება უკიდურესად მძიმეა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სულ უფრო ინტენსიური ხდება შეტაკებები პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა და სამთავრობო ჯარებს შორის. ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ძანიერის ინფორმაციით, სეპარატისტებმა კვლავ გადმოსწიეს ფრონტის ხაზის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, რაც, მინსკის შეთანხმების თანახმად, განსაზღვრულ მანძილზე იყო გადატანილი. მიუნხენის კონფერენციის კულუარებში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ძანიერიმ აღნიშნა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება, როგორც საჭიროა“.

აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში ეუთოს შვიდასკაციანი სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ დონბასში ახალი წლის შემდეგ აშკარად იმატა ინტენსიურმა შეტაკებებმა და სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით განხორციელებულმა სროლებმა. მანამდე მხარეებმა მხოლოდ რამდენიმე კვირით, შობისა და ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, შეწყვიტეს სროლა და ჩანდა, რომ კონფლიქტის ზონიდან გაიტანეს მძიმე შეიარაღება და ტექნიკა. თუმცა ზავი დაირღვა. სადამკვირვებლო მისიის უპილოტო ავიაციამ ბოლო დღეებში კვლავ დააფიქსირა წინ წამოწეული მძიმე ტექნიკა, რომელიც, ეუთოს გენერალური მდივნის ლამბერტო ძანიერის თქმით, პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებს ეკუთვნის:

“სამწუხაროდ, ეს არის აქტიურ ფაზაში არსებული კონფლიქტი. საზავო შეთანხმება ისე არ სრულდება, როგორც საჭიროა. ჩვენ ვხედავთ კონფლიქტის ზონის სიახლოვეს განლაგებულ მძიმე შეიარაღებას, რომლის საწყის პოზიციებზე გადატანა საბოლოოდ გადაწყდა მინსკის შეთანხმებით. ვხედავთ, რომ გრძელდება სამხედრო მოქმედებები, განსაკუთრებით - სეპარატისტების მხრიდან. ვხედავთ კიდევ უფრო ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს ღამის განმავლობაში. ასე რომ, მიმდინარეობს დინამიკური, აქტიური სამხედრო მოქმედებები, რაც, ცხადია, ჩვენს შეშფოთებას იწვევს“.

2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ კონფლიქტში 9 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 2015 წლის თებერვალში ეუთოსა და ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა „მინსკი 2“-ის სახელწოდებით ცნობილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, რამაც მხოლოდ შობისა და ახალი წლის დღეებში იმუშავა. მხარეები ზავის პირობების შეუსრულებლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მიუნხენის ყოველწლიურ საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა მინსკის შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის შეუსრულებლობაში, რაც დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას და აღმოსავლეთ უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ მოქმედებას ითვალისწინებს. ამის პასუხად, კონფლიქტის ესკალაციაში რუსეთი დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მანამდე გაგრძელდება დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი შეიარაღებული კონფლიქტის გზით ესწრაფვის უკრაინის დესტაბილიზებას და მისი პროდასავლური მთავრობისთვის ძირის გამოთხრას, იმ მთავრობისთვის, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას ცდილობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG