Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი „კიბორგი“ სეპარატისტების ტყვეობაში


უკრაინელი „კიბორგი“, მედესანტე ალექსანდრ მაშონკინი
უკრაინელი „კიბორგი“, მედესანტე ალექსანდრ მაშონკინი

უკრაინელი „კიბორგი“, მედესანტე ალექსანდრ მაშონკინი, წელს, იანვარში, ტყვედ ჩაუვარდა რუსეთის მომხრე სეპარატისტებს და 197 დღე დაყო ტყვეობაში დონეცკში. მაშონკინი იხსენებს, რომ მას და მასთან ერთად შეპყრობილ უკრაინელებს ლითონის მილებით და ტაბურეტებით სცემდნენ, ერთხელ ჯვარიც კი ურტყეს...

ალექსანდრ მაშონკინს ქრონიკული თავის ტკივილი აწუხებს და ქრონიკული ტკივილი გულმკერდის არეში. ღამე ოფლში გაწურულს ეღვიძება ხოლმე, როცა ესიზმრება, რომ ისევ ტყვეობაშია დონეცკში, უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი შენობის სარდაფში.

მაშონკინი უკრაინაში ლეგენდად ქცეულ „კიბორგებს“ მიეკუთვნება. ასე შეარქვეს ჯარისკაცებს, რომლებმაც ბოლომდე გაძლეს დონეცკის აეროპორტისათვის ბრძოლაში - სისხლისმღვრელდაპირისპირებაში, 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრამდე.

იანვარში კი მაშონკინი ტყვედ ჩავარდა რამდენიმე სხვა „კიბორგთან“ ერთად. 197 დღე დაყო თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტყვეობაში, ვიდრე, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, მიმდინარე თვეში გაათავისუფლებდნენ.

ახალგაზრდა კაცი იხსენებს, როგორ ჩაინგრა 21 იანვარს შენობა, რომელსაც ის იცავდა: „ჯერაც თვალწინ მიდგას ყველაფერი. ნანგრევების ქვეშ როცა მოყვები, ერთადერთ რამეზე ფიქრობ: როგორ გამოძვრე იქიდან. მე გამოვძვერი. ნანგრევებში 10 საათი ვიყავი მოყოლილი. ჩაფხუტმა და ჟილეტმა გადამარჩინა. არ ვიცი, როგორ დავაღწიე თავი ნანგრევებს, სასწაულით. არ ვიცი...“

ყველაზე მძიმე ტყვეობის პირველი დღეები იყოო, ამბობს მაშონკინი. განსაკუთრებით ის დღე, როცა სისასტიკით ცნობილი სეპარატისტი მეთაურის არსენი პავლოვის, „მოტოროლას“, ხელში ჩავარდა თანამებრძოლებთან ერთად. ყველას სცემდნენ - ლითონის მილებით, ტაბურეტებით, მაგიდის ფეხით. ურტყამდნენ თავში, მთელ ტანზე, წელს ქვემოთაც. სწორედ იმ დღეს, როცა უკრაინელი „კიბორგები“ „მოტოროლას“ ხელში იყვნენ, მღვდელიც გამოჩნდა, მაშონკინის ვარაუდით, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი. ის ჯვარს თავში ურტყამდა ტყვეებს, უყვიროდა, ადამიანები არ ხართო...

მომდევნო დღეს „კიბორგები“ დონეცკში უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილ შენობაში, მის სარდაფში გადაიყვანეს. პირველად გაუწიეს სამედიცინო დახმარება და ტანისამოსი დაურიგეს. მაშონკინს რამდენჯერმე მიეცა ოჯახთან ტელეფონით საუბრის უფლება. მასთან ერთად საკანში კიდევ 43 ადამიანი იყო - მათ შორის, სასულიერო პირი - და ტყვეები ერთად ლოცულობდნენ ხოლმე. ეს მათ შვებას ჰგვრიდა. თუმცა პირობები მაინც მძიმე რჩებოდა, ცემა არ შეწყვეტილა. ტყვეებს ამუშავებდნენ კიდეც.

„გამუდმებით მივყავდით სამუშაოდ. გვასუფთავებინებდნენ ხან ქალაქს, ხან კომენდატურებს, როგორც მონებს, ისე. გვეუბნებოდნენ: მონები ხართო, მონები უკრაინიდანო. მაგრამ ძალას გვაძლევდა მიზანი, რომ სახლში დავბრუნდებოდით“, - იხსენებს მაშონკინი.

ახლა, როცა შინ არის, დონეცკიდან შორს, ლვოვში, ალექსანდრ მაშონკინი მკურნალობს და ცდილობს ისევ შეეჩვიოს მშვიდობიან ცხოვრებას. თუმცა იცის, რომ ვერასოდეს დაივიწყებს ომში ნანახსა და განცდილს - მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა გრძელდება.

„ყოველთვის მქონდა და მექნება საკუთარი შეხედულებები. მათი მცდელობა, რომ გავეტეხე, დავერწმუნებინე, რომ შავი სინამდვილეში თეთრია, არ გამოვიდა და არც გამოვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG