Accessibility links

უკრაინელი მოსწავლეები პირველ სექტემბერს გაურკვეველ მდგომარეობაში ხვდებიან


დევნილი მოსწავლეები ლუგანსკის რეგიონიდან

დევნილი მოსწავლეები ლუგანსკის რეგიონიდან

ედუარდ ლეონტიევი ახალ სკოლაში წასასვლელად ემზადება. უკრაინელი თინეიჯერი ერთი თვეა ულიანოვსკში ცხოვრობს, მოსკოვიდან 700 კილომეტრით დაშორებულ რუსულ ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც მისმა ოჯახმა - დედამ, მამა და ოთხმა და-ძმამ - უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებულ ბრძოლებს შეაფარა თავი.

ომმა მათი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, მაგრამ ედუარდი ცდილობს გაჭირვება არ შეიმჩნიოს. ის ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდება სწავლის დაწყებას.

აღმოსავლეთ უკრაინიდან დევნილთა ოჯახების უმეტესობისთვის კი სწავლის დაწყება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ გაურკვეველ მომავალს. ბევრი მშობლისათვის ჯერაც გაუგებარია, შეძლებენ თუ არა მათი შვილები 1 სექტემბერს სკოლაში წასვლას. მათ შორისაა მარინა კონონოვა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავიდა ციმბირში, ქალაქ ტომსკში, და იქ, სხვა უკრაინელ დევნილებთან ერთად, გადავსებულ საერთო საცხოვრებელში დასახლდა.

ვითარება მხოლოდ ოდნავაა უკეთესი იმ მშობლებისთვის, ვინც ბავშვისათვის სკოლის მოძებნა შეძლო. დევნილების უმეტესობას ფული არა აქვს, რომ თავიანთი შვილებისათვის სახელმძღვანელოები და საჭირო სასკოლო ნივთები შეიძინონ. ისინი ჰუმანიტარული დახმარების იმედად არიან.

გაეროს ცნობით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთს თავი 700 ათასზე მეტმა ადამიანმა შეაფარა. მათ შორის დიდი ნაწილი ბავშვები არიან. რუსეთის ხელისუფლებამ მათთვის კვოტირების სისტემა დააწესა, რაც ნიშნავს, რომ დევნილები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდებიან - ბევრი მათგანი მოშორებულ, ღარიბ ქალაქებში.

ამ კვირას, მაგალითად, თვითმფრინავმა 180 უკრაინელი დევნილი ჩაიყვანა ციმბირში მდებარე იაკუტსკში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცივ ქალაქად ითვლება. თვითმფრინავმა შემდეგ კიდევ 200-მდე დევნილი გადააფრინა მაგადანში, მოწყვეტილი რეგიონის დედაქალაქში, რომელიც საბჭოთა მოსახლეობისათვის აქ განლაგებული პატიმართა ბანაკებით იყო ცნობილი.

ერთ-ერთმა დევნილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, გვითხრეს, აირჩიეთ, იაკუტსკი გირჩევნიათ თუ მაგადანიო. მან მაგადანი აირჩია და ამბობს, სარდაფში ვაჟთან ერთად ჯდომას და თავზე ბომბის დაცემას ისევ ეს ჯობსო.

რთული ვითარებაა კიევსა და მის შემოგარენშიც, სადაც ასევე ათიათასობით დევნილი ჩავიდა. ანა გუზი თავის 12 წლის ქალიშვილ ირინასთან ერთად დონეცკიდან გამოიქცა და მას კიევის გარეუბანში მისცეს დროებითი საცხოვრებელი. ახლა ისიც სკოლაზე ნერვიულობს.

ირინა დონეცკში უკრაინულენოვან სკოლაში დადიოდა, ამიტომ ფიქრობს, რომ შედარებით ადვილად შეეგუება კიევის სკოლას. ამასთან, გაჭირვებამ ისინი სხვა დევნილებსაც დააახლოვა, ასე რომ, პირველ სექტემბერს უმეგობროდ არ შეხვდება.

კიდევ ერთი პრობლემა უკრაინისათვის სასწავლო წლის დაწყებაა იმ ქალაქებში, სადაც ინტენსიური ბრძოლები აღარ მიმდინარეობს, მაგრამ ასობით სკოლა დაზიანებული და დანგრეულია.

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში 117-მდე სკოლაა მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული. თუმცა იმ ადგილებში, სადაც კიევმა მოახერხა კონტროლის აღდგენა, ადგილობრივი ხელისუფლება და მოხალისეები ვითარების გაუმჯობესებას ცდილობენ. სლავიანსკში, მაგალითად, 1 სექტემბერს სწავლა ჩვეულებრივად დაიწყება, - ამბობს ფიოდორ მენშაკოვი, მოხალისეთა ხელმძღვანელი.

თუმცა სწავლის დაწყება ახლად აღდგენილ სკოლებშიც გაჭირდება. მოხალისეებმა მხოლოდ კედლების, ჭერისა და გარკვეული ავეჯის შეკეთება მოახერხეს. ბრძოლების დროს სკოლის შენობები არა მხოლოდ დაიბომბა, არამედ გაიძარცვა კიდეც - იქ აღარც კომპიუტერი დგას, აღარც წიგნებია, ბევრგან კარებებიც კი გაიტაცეს. ასევე უცნობია, როგორ მოახერხებენ სკოლები მასწავლებელთა შემცვლელების მოძებნას - პედაგოგთა უმეტესობა, ბრძოლების დაწყებისთანავე სხვა მოსახლეებთან ერთად ქალაქებიდან გაიქცა, სწავლა კი სულ რამდენიმე დღეში იწყება.

XS
SM
MD
LG