Accessibility links

logo-print

უკრაინელ რეჟისორს რუსეთში 23 წლით პატიმრობა ემუქრება


ოლეგ სენცოვი

ოლეგ სენცოვი

რუსეთში პროკურორები მოითხოვენ 23 წლით პატიმრობას უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვისათვის, რომელსაც წაყენებული აქვს ტერაქტების მოწყობის მიზნით შეთქმულების ბრალდება. ოპონენტები ბრალდებას მიიჩნევენ ანგარიშსწორებად ყირიმის საკითხში სენცოვის პროუკრაინული პოზიციისათვის და რეჟისორის გათავისუფლებას მოითხოვენ მისი კოლეგები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

უკრაინელი - კერძოდ, ყირიმელი - რეჟისორი ოლეგ სენცოვი მკაცრად აკრიტიკებდა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, რომელიც მოჰყვა ნაჩქარევ რეფერენდუმსა და ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების განთავსებას.

სენცოვი და მასთან ერთად ბრალდებული ალექსანდრ კოლჩენკო 21 ივლისს წარდგნენ სასამართლოს წინაშე რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, უკრაინის საზღვრის მახლობლად. სენცოვს ბრალად ედება ტერორისტული ჯგუფის ორგანიზება, ტერაქტების დაგეგმვა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შეძენა. პროკურორები მისთვის 23 წლით, ხოლო კოლჩენკოსთვის 12 წლით პატიმრობას მოითხოვენ. ორივე უარყოფს ბრალდებებს.

სენცოვი და კოლჩენკო 2014 წლის მაისში დააკავეს უკრაინის კიდევ ორ მოქალაქესთან, ალექსეი ჩირნისა და გენადი აფანასევთან ერთად ყირიმში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ჩირნი და აფანასევი უკვე ცნეს დამნაშავედ და მათ შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ოლეგ სენცოვის ადვოკატი ვლადიმირ სამოხინი თავისი კლიენტის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვს და უსაფუძვლოდ მიიჩნევს ყველა ბრალდებას.

ოლეგ სენცოვისთვის წაყენებული ბრალდებები რომ უსაფუძვლოა, ამ შეფასებას ბევრი იზიარებს მთელ მსოფლიოში.ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ შარშან ივნისში (ანუ სენცოვის დაპატიმრების შემდეგ უკვე მომდევნო თვეს) საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაქვეყნა პეტიცია, ოლეგ სენცოვის განთავისუფლების მოთხოვნით. მანამდე ევროპის კინოაკადემიის წევრებმა - მათ შორის, პედრო ალმოდოვარმა, ვიმ ვენდერსმა, აკი კაურისმიაკიმ - რუსეთის ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით მაქსიმალურად დაეცვა უკრაინელი რეჟისორის უსაფრთხოება. სენცოვის განთავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა საკუთრივ რუსეთშიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG