Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მსახიობი 70 წლის წინ დასრულებულ და დღევანდელ ომებზე


ვლადიმირ ტალაშკო (კადრი ფილმიდან „ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან“).
ვლადიმირ ტალაშკო (კადრი ფილმიდან „ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან“).

ვლადიმირ ტალაშკო უკრაინელი მსახიობია - საბჭოთა პერიოდის კინოვარსკვლავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომზე შექმნილ არაერთ ფილმში გადაუღიათ, მათ შორის დღემდე პოპულარულ სურათში „ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან“. მაგრამ დღეს ტალაშკო აღშფოთებულია კრემლის მცდელობით, დააკნინოს არარუსების - მათ შორის, უკრაინელების - წვლილი ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია საყვარელი ფილმის ჩვენებას ჰპირდება „დიდი სამამულო ომის“ ვეტერანებს, ომში გამარჯვების 70-ე წლისთავზე, 9 მაისს - ეს არის 1973 წელს შექმნილი ფილმი, „ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან“, მისი ახალი, ფერადი ვერსია.

საინტერესოა, რომ ფილმი უკრაინაშია გადაღებული, რეჟისორი ლეონიდ ბიკოვიც უკრაინელია, ისევე, როგორც მსახიობების უმრავლესობა, მათ შორის ვლადიმირ ტალაშკოც. ეს უკანასკნელი განასახიერებს მომღერალს, რომელიც ომში სამხედრო მფრინავად მსახურობს და გმირულად იღუპება: თვითმფრინავს დააჯახებს გერმანელების მოსამარაგებლად მიმავალ მატარებელს. ტალაშკოს გმირის უკანასკნელი სიტყვებია: „ბიჭებო, ჩვენ ვიცოცხლებთ“.

მეორე მსოფლიო ომზე უამრავი ფილმია შექმნილი და ახლაც იქმნება. მაგრამ ეს სურათი, „ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან“, იმდენად შთამბეჭდავია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რუსეთს სურს მისი მისაკუთრებაო, ამბობს ვლადიმირ ტალაშკო.

69 წლის უკრაინელი მსახიობი ბოლო ხანს ისევ დაუბრუნდა ეკრანს უკვე ომის ვეტერანის როლში - პატრიტორული ტელერეკლამით, რომელიც პარალელს ავლებს მეორე მსოფლიო ომში უკრაინის მსხვერპლსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდამჭერ სეპარატისტებთან ბრძოლას შორის.

სარეკლამო რგოლი ასეთია - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს (რომელსაცტალაშკო განასახიერებს) გამარჯვების დღის მისალოცად ურეკავს შვილიშვილი - ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბაბუასთან საუბრის შემდეგ, ჯარისკაცის ჩაფხუტს იხურავს და სეპარატისტებთან საბრძოლველად გარბის. უკრაინაში ამ ტელემოთხრობით უპირისპირდებიან მოსკოვის პროპაგანდას ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში უკრაინის წვლილის დაკნინებისა და სეპარატისტებთან მებრძოლი უკრაინელების „ფაშისტებად“ შერაცხვის მიზნით.

ვლადიმირ ტალაშკო (მარცხნივ), კადრი ფილმიდან "ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან".
ვლადიმირ ტალაშკო (მარცხნივ), კადრი ფილმიდან "ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან".

ვლადიმირ ტალაშკო მეორე მსოფლიო ომს არ მოსწრებია, 1946 წელს დაიბადა მაკეევკაში - დონეცკიდან 25-იოდე კილომეტრში მდებარე ქალაქში. მაგრამ უფროსი თაობებისაგან იცის, რა უბედურება დაატყდა თავს მაშინ უკრაინას, სადაც ომმა რვა მილიონამდე ადამიანი შეიწირა.

„ბებიაჩემი, რომელმაც ოკუპაცია, ომი გამოიარა, ყოველთვის ამბობდა - მთავარია, ომი არ იყოსო, - გვიამბობს ტალაშკო. - და არა მგონია, ჩემს თაობაში ვინმეს შეძლებოდა იმის წარმოდგენა, რომ ჩვენთან ომი სწორედ რუსეთის საზღვრების მხრიდან მოვიდოდა. მე არ ვლაპარაკობ მთელ რუს ხალხზე! რადგან იქ ხშირად ვარ ხოლმე, ვიცნობ გონიერ ხალხს, ვიცნობ ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც არ უჭერენ მხარს კრემლის ახირებებს“.

როგორც ვლადიმირ ტალაშკო ამბობს, მას იწვევენ რუსეთში გამართულ კინოფესტივალებზე, სხვა კულტურულ ღონისძიებებზე: „რუსეთში საკმაოდ ხშირად ჩავდივარ - უფრო სწორად, ჩავდიოდი. სამწუხაროდ, ახლა, ალბათ, ხშირად აღარ ჩავალ. მაგრამ რუსეთში არასოდეს მინახავს უკრაინელი ჯარისკაცი მაშინ, როცა რუსი ჯარისკაცი დგას ჩემთან, დონეცკში, ჩემთან მაკეევკაში. და ჩემს ძმას, რომელიც მაკეევკაში ცხოვრობს, პრობლემები აქვს და დამწუხრებულია“.

რუსეთის ამჟამინდელი სამხედრო აგრესიის გარდა, მსახიობის აღშფოთებას, როგორც უკვე ითქვა, იწვევს კრემლის პოზიცია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საკითხშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ 2011 წელს, ანუ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე სამი წლით ადრე აქვს გამოთქმული სკეპტიკური მოსაზრება ფაშიზმზე გამარჯვებაში უკრაინელების წვლილზე: „რაც შეეხება უკრაინასთან ჩვენს ურთიერთობას. თავს უფლებას მივცემ არ დაგეთანხმოთ - თქვენ თქვით, რომ ცალ-ცალკე რომ ვყოფილიყავით, ომში ვერ გავიმარჯვებდითო. ჩვენ მაინც გავიმარჯვებდით! რადგან ჩვენ გამარჯვებულების ქვეყანა ვართ“, კრემლის მესვეურის ამ სიტყვებს ტაშის გრიალი მოჰყვა.

ცხადია, რომ მოსკოვის პოზიცია მიუღებელია უკრაინელი მსახიობისათვის: „9 მაისის დიად გამარჯვებაში ლომის წილი, შესაძლოა, მართლაც რუს ხალხზე მოდიოდეს. მაგრამ ყველაფერი მას მიაკუთვნო და აწყენინო ყველა სხვა ხალხს - სომხებს, ქართველებს, ებრაელებს, უკრაინელებს, რომ გამარჯვების მოპოვება მარტოსაც შეეძლო თუნდაც დიად, ძლევამოსილ რუს ხალხს - ეს უსამართლობაა, არასწორია და, რაც მთავარია, სიცრუეა“, ამბობს ტალაშკო.

ომზე ფილმებში მონაწილეობით მოპოვებული პოპულარობის შედეგია ის, რომ ვლადიმირ ტალაშკო ბევრჯერ მიუწვევიათ გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე. წელსაც მიიწვიეს - სანქტ-პეტერბურგში და მშობლიურ მაკეევკაში. მაგრამ მსახიობი უარზეა: არ სურს, ხელი შეუწყოს ფილმის ჩაყენებას კრემლისეული პოლიტიკის სამსახურში. მით უმეტეს, რომ „ბრძოლაში მხოლოდ ბერიკაცები მიდიან“ - ფილმი, რომელიც ტალაშკოს სამსახიობო კარიერის უდიდეს წარმატებას უკავშირდება - მისი აზრით, სწორედაც რომ უარყოფს მოსაზრებას, თითქოს ომში გამარჯვება მხოლოდ რუსი ხალხის დამსახურება იყოს.

„ჩემი გმირი აჩვენებს, მართლაც აჩვენებს, რომ ომი და იმ ომში გამარჯვება არის არა ერთი ადამიანის, ერთი არმიის, ერთი ეროვნების მიღწევა: ომს ვერ მოიგებ მარტო ტანკებით, მარტო იარაღით, არამედ, ასევე, სიმღერით, სიყვარულით, რწმენითა და იმედით“, გვიზიარებს მოსაზრებას უკრაინელი მსახიობი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG