Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალი კანონი კრიტიკის ქარცეცხლში


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა საპროტესტო აქციების შემზღუდავი წესები, რომლებიც უმალვე გახდა საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე. ევროკავშირი და შეერთებული შტატები „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ.

უკრაინის პარლამენტმა ხუთშაბათს დაამტკიცა კანონი, რომელიც მკაცრ შეზღუდვებს უწესებს ქუჩაში საპროტესტო აქციის მოწყობის მსურველებს. ამას გარდა, პარლამენტში დაამტკიცეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აადვილებს დეპუტატებისათვის იმუნიტეტის მოხსნას.

იუწყებიან უფრო მეტად საყურადღებო სიახლეზეც: პარლამენტი მიემხრო ცვლილებას, რომლის შედეგადაც აღდგება სისხლისსამართლებრივი დევნა ცილისწამებისათვის და გაძლიერდება ოფიციალური პირების დაცვა მათ წინააღმდეგ მიმართული კრიტიკისაგან. და კიდევ: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პირებს მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ექსტრემისტული მასალის გავრცელებისათვის.

ამ სიახლეებს პარასკევს ბრუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანი, მაია კოჩიანჩიჩი: „უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კიევში მიმდინარე მოვლენების გამო. ვერხოვნა რადაში დამტკიცებული კანონებიდან რამდენიმე ზღუდავს უკრაინის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. ისინი მიიღეს ძალიან ნაჩქარევად და, როგორც ჩანს, საპარლამენტო პროცედურებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის გარეშე“.

კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ პარლამენტის მიერ ნაჩქარევად დამტკიცებული ცვლილებები ვერ შეუწყობს ხელს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას.

ევროკავშირის ლიდერები აპირებენ 20 იანვარს ბრიუსელში იმსჯელონ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე.

სადავო საკანონმდებლო ცვლილებების ფონია უკრაინის მთავრობის მცდელობა, ბოლო მოუღოს სპროტესტო აქციებს, რომლებიც გრძელდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ნოემბერში უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ამის ნაცვლად რუსეთთან დაახლოება ამჯობინა. მართალია, დემონსტრანტების რიცხვი ბოლოხანს მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანი პოზიციებს არ თმობს - რჩება კიევის ცენტრალურ მოედანზე და ახლოს მდებარე რამდენიმე შენობაში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რეგულარულად იყენებენ კიევის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ სცენას მომხრეების გასამხნევებლად, მათთვის ახალი ინფორმაციის მისაწოდებლად. ასეთი მოქმედება კი უკვე უკანონო გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში მიღებულ კანონპროექტებს პრეზიდენტი დაამტკიცებს - და რომ დაამტკიცებს, ამაში ეჭვი ცოტას თუ ეპარება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი წესები „აჩენს სერიოზულ ეჭვს დემოკრატიული ნორმებისადმი უკრაინის ერთგულების“ მიმართ.

გაცილებით უფრო მკვეთრია შეფასება, რომელიც კიევში დემონსტრანტების წინაშე ხუთშაბათს გამოსვლისას გააკეთა პარლამენტარმა ვიტალი კლიჩკომ, ოპოზიციურ პარტია „უდარის“ ლიდერმა: „მას შემდეგ, რაც დღეს მოხდა პარლამენტში, სადაც ხალხს წაართვეს სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები ახალი სახელდახელო კანონებით, ხალხს აღარა აქვს მოედანზე დარჩენის უფლება. ხალხს აღარა აქვს კარვების აღმართვის უფლება. ხალხს აღარა აქვს კორუმპირებულ მოსამართლეებზე ლაპარაკის უფლება. ამ დიქტატურის უკან, რომელიც ახლა ყალიბდება უკრაინაში, დგას პირადად ვიქტორ იანუკოვიჩი“, უთხრა დემონსტრანტებს ვიტალი კლიჩკომ.

ხოლო უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ ოპოზიციას მოუწოდა, არ დაუშვას ახალი კანონის ამოქმედება. რამდენად რეალისტურია ეს მოთხოვნა და, ზოგადად, მოქმედების რა თავისუფლება რჩება ოპოზიციას - ეს მალე გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG