Accessibility links

logo-print

გაუგებრობა უკრაინის ახალი სანქციების გარშემო


პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

უკრაინამ 16 სექტემბერს დაუწესა, ზოგ შემთხვევაში კი გაუხანგძლივა, სანქცია 400-ზე მეტ ინდივიდს და 90-მდე კომპანიას მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა დანიშნეს ვადა, კიევის შეფასებით, „უკანონო არჩევნების“ ჩასატარებლად. უკრაინის მიერ სანქცირებულთა უმრავლესობას რუსეთის წარმომადგენლები შეადგენენ, თუმცა არიან, მაგალითად, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, ბი-ბი-სი-ს, თანამშრომლები და სხვა ჟურნალისტებიც, რის გამოც კიევის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა. სანქცია გულისხმობს მათთვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს დაავალა სანქცირებულთა ახალი სიიდან ბი-ბი-სი-ს სამი თანამშრომლის ამოღება. ამის შესახებ „ტვიტერით“ იუწყება პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცელჰოლკო. „პრესის თავისუფლება ჩემთვის აბსოლუტური ღირებულებაა“ - პოროშენკოს ეს გამონათქვამი მოჰყავს მის პრესმდივანს. მანამდე ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის სამი წარმომადგენელი იყო შეყვანილი სანქცირებულთა სიაში, რომელსაც პოროშენკომ ხელი მოაწერა 16 სექტემბრის საღამოს - მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, როდის აპირებენ არჩევნების ჩატარებას. კიევი უკანონოდ მიიჩნევს ამ არჩევნებს.

„ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებმა გამოაცხადეს თავიანთი გადაწყვეტილება, მიღებული რუსეთის ფედერაციასთან კოორდინირებით, რომ გამართავენ ყალბ, უკანონო არჩევნებს, რაც ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს. ეს ავანტიურისტული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მოითხოვს ჩვენს მტკიცე და კოორდინირებულ რეაქციას საფრთხეზე, რომელსაც ის უქმნის მინსკის შეთანხმებებს - რეაქციას, როგორიც არის სანქციების გახანგრძლივება და გაფართოება“, - განაცხადა პოროშენკომ 16 სექტემბერს კიევში, უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას.

დონეცკის რეგიონში სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს, განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები 18 ოქტომბერს ჩატარდება, ლუგანსკისოლქში - 1 ნოემბერს. არადა, მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს ადგილობრივი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას მთელ უკრაინაში. კიევმა 25 ოქტომბერი განსაზღვრა არჩევნების თარიღად.

უკრაინის ახალი სანქციები 400-ზე მეტ ინდივიდსა და 90-მდე კომპანიას ეხება, მათ შორის - რუსეთის თავდაცვის მინისტრს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, რუსეთის მომხრე სეპარატისტების ლიდერებს, კომპანიებს, როგორიც არის „აეროფლოტი“ და „გაზპრომბანკი“. ჟურნალისტებს რაც შეეხება, სანქცირებულთა სიაში ბი-ბი-სი-ს სამი, მოსკოვში მყოფი, თანამშრომლის გარდა, შეიყვანეს გერმანიის გაზეთ „ცაიტის“ და ესპანეთის გამოცემა „ელ პაისის“ კორესპონდენტები, ისევე როგორც ჟურნალისტები რუსეთის შემდეგი მედიასაშუალებებიდან: „ტასი“, ენ-ტე-ვე, „იზვესტია“ და „როსიისკაია გაზეტა“.

ჯერ არ არის ცნობილი, ამოიღებენ თუ არა სანქცირებულთა სიიდან დანარჩენ ჟურნალისტებსაც მას შემდეგ, რაც პოროშენკომ მოითხოვა ბი-ბი-სი-ს წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმება.

სიაში ჟურნალისტების შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ეუთომ და ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“, ხოლო კრემლმა „სრულიად მიუღებელი“ უწოდა კიევის ამ ნაბიჯს, რომელიც, კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის სიტყვებით, „არ შეესაბამება თავისუფლების პრინციპებს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG