Accessibility links

მოსკოვში რამდენიმე ადამიანმა ერთობ სახიფათო და ორიგინალური აქციით გამოხატა უკრაინის მიმართ სოლიდარობა: ეს ხალხი მოსკოვის ცენტრში მდებარე საბჭოთა პერიოდის ცნობილ შენობაზე აცოცდა უკრაინის დროშის ასაფრიალებლად.

შუაგულ მოსკოვში, სტალინის მმართველობის პერიოდში აგებულ ცათამბჯენზე, 20 აგვისტოს, დილას, უკრაინის დროშა აფრიალდა, ხოლო შენობის შპილზე წამოცმული ვარსკვლავის წვეტი უკრაინის დროშის ფერებში აელვარდა - ცისფრად და ყვითლად.

შენობა - საცხოვრებელი სახლი, რომლის სიმაღლეც 176 მეტრია - კოტელნიჩესკის სანაპიროზე მდებარეობს, არც ისე შორს კრემლისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინისაგან.

ნათელი არ არის, ვინ აცოცდა სახიფათო სიმაღლეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად, მაგრამ, პოლიციის ცნობით, დაკავებულია მოსკოვის ოთხი მკვიდრი ცოცვისთვის საჭირო აღჭურვილობით.

„აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით, რასაც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილი, მაღალსართულიანი შენობის წაბილწვის ფაქტზე (...) ქალაქ მოსკოვში. კერძოდ, საქმე ეხება შენობის შპილის შეღებვას. დედაქალაქის პოლიციის თანამშრომლებს ამჟამად დაკავებული ჰყავთ ოთხი ეჭვმიტანილი: ორი ქალიშვილი და ორი ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ქალაქ მოსკოვში ცხოვრობენ. ეს პირები არაერთხელ მიცემულან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში სხვადასხვა კანონდარღვევის გამო“, - უთხრა ტელეარხ „როსია 24“-ს მოსკოვის პოლიციის პრესმდივანმა, არკადი ბაშიროვმა. ხოლო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ მოსკოვის პოლიციის ინკოგნიტო წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა ჯერ შენობის კიბეებით ისარგებლეს სახურავამდე ასასვლელად, შემდეგ კი საგანგებო აღჭურვილობა გამოიყენეს შპილამდე მისაღწევად.

მედიის ცნობით, დაკავებული პირები უარყოფენ დროშის აღმართვისა და ვარსკვლავის შეღებვის ბრალდებებს და ამბობენ, რომ მძაფრი ემოციების ძიებაში, უბრალოდ, პარაშუტით გადმოხტნენ მაღალსართულიანი შენობიდან.

უკრაინის მიმართ სოლიდარობის გაბედული აქციის ავტორთა ვინაობის გარშემო გაურკვევლობის მიუხედავად, აქციას ფართო გამოხმაურება ახლავს. ქების სიტყვებს არ იშურებენ ლიბერალი ბლოგერები, რომლებიც მზარდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს უკრაინის მიმართ კრემლის მოქმედებას: ყირიმის ანექსიას და სეპარატისტების მხარდაჭერას.

აქცია უთუოდ მოეწონებოდათ მოსკოველ ოპოზიციონერ აქტივისტებსაც, რომლებშიც ბოლოხანს ფეხს იკიდებს ერთი ახალი ჩვევა: დაპატიმრების დროს უკრაინის ეროვნული ჰიმნის შესრულება...

XS
SM
MD
LG