Accessibility links

logo-print

უკრაინა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში


დონეცკის რეგიონი, 2014 წლის 27 აგვისტო

დონეცკის რეგიონი, 2014 წლის 27 აგვისტო

უკრაინაში კვლავინდებურად დაძაბული ვითარებაა და გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. პარალელურად, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც გამოვიდა და ევროპისგან მხარდაჭერა ითხოვა.

სიტუაცია უკონტროლო ხდება. ეს უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ უკრაინასა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის კონფრონტაცია თავიდან ავირიდოთ...

საგანგებო სამიტის გამართვა უკრაინაში სიტუაციის უკიდურესად გართულებამ გამოიწვია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ სიტუაცია უკონტროლო ხდება და ეს უნდა შეწყდეს:

„აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულმა ისედაც სახიფათო ვითარებამ ახლა ახალი მასშტაბები მიიღო. ყველა იმედი, რომ პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკება ვითარების დეესკალაციას შეუწყობდა ხელს, გაქრა და ჩვენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ დავინახეთ. სიტუაცია უკონტროლო ხდება. ეს უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ უკრაინასა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის კონფრონტაცია თავიდან ავირიდოთ“.

დამატებით სანქციებზე ალაპარაკდა ვაშინგტონიც. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით კი, მომავალ კვირაში შეხვედრა გაიმართება პეტრო პოროშენკოსთან, რათა მკაფიოდ დაფიქსირდეს ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი. ეს მან ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც უკრაინის თხოვნით გაიმართა.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის კეთრინ ეშტონის თქმით, პრობლემა სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება, ამიტომ საჭიროა სხვა ზომების მიღება:

კეტრინ ეშტონი

კეტრინ ეშტონი

„არ არსებობს კრიზისის მოგვარების სამხედრო გზა. ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მებრძოლთა იარაღით მომარაგება, დესტაბილიზაციის შექმნა უკრაინაში და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს“.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვითარების გამწვავებაში უკრაინასა და ევროპას ადანაშაულებს. ახალგაზრდულ ფორუმზე („სელიგერ 2014“) სიტყვით გამოსვლისას მან იმედი გამოთქვა, რომ არავის თავში არ მოუვა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის წამოწყება რუსეთთან და იქვე დასძინა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანაა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით რუსეთის წინააღმდეგ გამოჩენილი აგრესიის მოსაგერიებლად. ჩვენმა პარტნიორებმა, რა მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდნენ მათი სახელმწიფოები, რა საგარეო პოლიტიკის კონცეფციასაც უნდა ემხრობოდნენ, უნდა გაიგონ, რომ უმჯობესია ჩვენთან საქმე არ დაიჭირონ. ვფიქრობ, დღესდღეობით თავში აზრად არავის მოსდის რუსეთთან კონფლიქტის წარმოება".

ამასობაში უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, რუსეთის არმიამ მთლიანად გაანადგურა ლუგანსკის ოლქში მდებარე სოფელი ნოვოსვეტლოვკა. მისივე თქმით, რუსეთის არმიამ შეტევისას ტანკები და ზალპური ცეცხლის სისტემები გამოიყენა:

„შემოვიდნენ რუსული ტანკები და ყველა სახლი ერთმანეთის მიყოლებით გადაწვეს“.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ვიზიტით ჩამოდის სწორედ ახლა, როდესაც რეგიონში არსებობს ძალზედ დიდი გამოწვევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს ეწვევა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ვიზიტის ერთ-ერთი თემა უკრაინაც იქნება:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ვიზიტით ჩამოდის სწორედ ახლა, როდესაც რეგიონში არსებობს ძალზედ დიდი გამოწვევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე ვიზიტი მიანიშნებს იმასაც, რომ, რეგიონში დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, აშშ დგას საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორის, გვერდით. ვიზიტის ფარგლებში აქტიურად განიხილება ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. რა თქმა უნდა, განხილული იქნება ასევე ნატოს უელსის სამიტის შედეგები და რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის პირდაპირი აგრესია, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს რეგიონისა და ასევე საქართველოს უსაფრთხოებაზე“.

გარდა ამისა, პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე, შესაძლოა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს რეზოლუციის ტექსტს, თუმცა დოკუმენტის შინაარსზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

XS
SM
MD
LG