Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა უკრაინის შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია დაამტკიცა


81 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, 3 სექტემბრის სხდომაზე პარლამენტმა, მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების თანხლებით, დაამტკიცა პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ ტექსტში დასმული აქცენტები დაგვიანებულად და არაადეკვატურად მიიჩნიეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. მათ მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ვარიანტი კენჭისყრამდე ვერ მივიდა. შედეგად, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი თქვა უმრავლესობის მიერ შემუშავებული ვარიანტის მხარდაჭერაზეც.

”ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების მონაცემებით, რუსეთი არათუ მხარს უჭერს, წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს უკრაინის სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს, არამედ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, - წერია საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ ერთობლივად მომზადებულ რეზოლუციაში, რომელიც დეპუტატებს ერთ-ერთმა ავტორმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ წარუდგინა:

ძალიან უკან ჩამოვრჩებით იმ პოლიტიკას, რასაც ახორციელებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი...
ჩიორა თაქთაქიშვილი

”მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მიღებული გამაფრთხილებელი მოწოდებებისა და სხვადასხვა ფორმატში წარმოებული მოლაპარაკებებისა, რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, როგორც ეს საქართველოსთან მიმართებით დღემდე ხორციელდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ”.

3 სექტემბერს დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ: საქართველოს პარლამენტი ”გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არა მარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას, განაპირობებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს”. აქვეა მოწოდებები ნატოსა და ევროკავშირის მისამართით, რომ მიიღონ ”ეფექტური ზომები” როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდავეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის „და ამ მიზნით ერთიან ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის”.

თუკი შეფასებებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულმა ტექსტმა გარკვეულწილად დააკმაყოფილა საპარლამენტო უმცირესობა და მას ”კარგიც” კი უწოდა, მაგალითად, დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა. მაგრამ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა უმთავრეს და, ასე ვთქვათ, მიუტევებელ ნაკლად ჩათვალეს ის, რომ რეზოლუციის ტექსტი ვერ ასახავს დროის მოთხოვნებს და, ამდენად, არ არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო თანამეგობრობის ამჟამინდელ პოზიციასთან. ამის უმთავრეს გამოხატულებად კი, როგორც, მაგალითად, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმაც აღნიშნა, მიჩნეულ იქნა ის ფაქტი, რომ ტექსტში არაფერია ნათქვამი რუსეთის წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებთან დაკავშირებით:

”ძალიან უკან ჩამოვრჩებით იმ პოლიტიკას, რასაც ახორციელებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი. ისინი უკვე მესამე ეტაპზე არიან გადასული სანქციებისა, რუსეთის ფედერაციის და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. და ახლა, როდესაც ჩვენ უკვე მერამდენედ ვიხილავთ რეზოლუციას, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენი გადაწყვეტილი პოლიტიკა არის თავის შეკავება, დამალვა და, საერთოდ, სანქციებზე საუბრისგან თავის არიდება”.

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

მართალია, სანქციების შესახებ პირდაპირ არაფერი წერია, მაგრამ, როგორც გია ვოლსკი განმარტავს, არა მხოლოდ სანქციების დაწესება, არამედ კიდევ ბევრი რამ და, მათ შორის, სამხედრო დახმარების მოთხოვნაც კი იგულისხმება რეზოლუციის ტექსტის იმ ნაწილში, სადაც გვხვდება მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რომ ”გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი - უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით”.

ოპონენტების შენიშვნებსა და ბრალდებებს არასერიოზულს, უსაფუძვლოსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობა. მაგალითად, როგორც დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობა” შეგნებულად, მაგრამ ამაოდ ცდილობს საქართველოსა და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას:

”დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად ქვეყანა, შესაბამისად, წარმოადგინოს როგორც ანტიევროპული, ანტიამერიკული... სასაცილოა, უბრალოდ, როცა ამბობენ, პუტინს უდგახართ გვერდშიო... ჩვენი უცხოელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ ჩვენს პოზიციას, ჩვენს პასუხისმგებლობას და ჩვენს პრინციპულობას”.

3 სექტემბრის სხდომაზე ”ქართული ოცნება” არ დაეთანხმა ოპონენტების ბრალდებას, თითქოსდა, რეზოლუციის ტექსტი ბოლო წუთამდე იყო გასაიდუმლოებული, რათა მასში კონსტრუქციული ცვლილებები არ შესულიყო. ”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” იცოდა ამ ტექსტის არსებობის შესახებ, თუმცა მისი გაცნობით არავინ დაინტერესებულა. ამ საკითხზე კამათის ჭრილში 3 სექტემბრის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის სახელით რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი წარადგინა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა. მასში, მაგალითად, ნათქვამია, რომ: ”უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესია იმეორებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და აკმაყოფილებს გაეროს 1974 წლის რეზოლუციით „აგრესიის დეფინიციის შესახებ“ დადგენილ სამხედრო აგრესიის ყველა კრიტერიუმს” და რომ საქართველოს პარლამენტი ”მხარს უჭერს და უერთდება აშშ-ს, ევროპის კავშირის და მთლიანად ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ და შემუშავების პროცესში მყოფ ყველა სანქციას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სანქციები რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია”.

ვინაიდან ეს რეზოლუცია არის მცდელობა რეალური პრობლემების მიჩქმალვის და ჩვენ არ გვინდა რეზოლუცია რეზოლუციისთვის, არამედ ქმედითი დოკუმენტი გვინდა, ჩვენ თავს შევიკავებთ მხარდაჭერისაგან...
აკაკი მინაშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული ვარიანტი კენჭისყრამდე იმის გამო ვერ მივიდა, რომ ის 3 სექტემბერს არ იქნა წარდგენილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. შედეგად, ”ნაციონალური მოძრაობა” გამოეთიშა უმრავლესობის მიერ მომზადებული ვარიანტის დამტკიცების პროცესს და უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

”ვინაიდან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში არ არის ბმა საქართველოს ოკუპაციასთან; ვინაიდან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციაში არ არის საუბარი სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ; ამ რეზოლუციაში არ არის საუბარი აღმასრულებელი ხელისუფლების, მთავრობისთვის დავალებაზე; ვინაიდან ამ რეზოლუციაში არ არის საუბარი პუტინის პირადად პასუხისმგებლობაზე; და ამ რეზოლუციაში არ არის საუბარი უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერაზე; ვინაიდან ეს რეზოლუცია არის მცდელობა რეალური პრობლემების მიჩქმალვის და ჩვენ არ გვინდა რეზოლუცია რეზოლუციისთვის, არამედ ქმედითი დოკუმენტი გვინდა, ჩვენ თავს შევიკავებთ მხარდაჭერისაგან”, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

უკვე მეორედ ხდება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ვერ ახერხებენ კონსენსუსის მიღწევასა და ერთობლივი რეზოლუციის დამტკიცებას უკრაინის შესახებ. პირველად ეს 2014 წლის 6 მარტს მოხდა, როდესაც პარლამენტმა ასევე მხოლოდ კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული რეზოლუცია დაამტკიცა. იმ დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა ასევე ალტერნატიულ ვარიანტსაც, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული ვარიანტი ჩავარდა.

უკრაინის შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციებსა და განცხადებებს შორის გამონაკლისს წარმოადგენს 2014 წლის 23 იანვარს დამტკიცებული განცხადება, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ და „ნაციონალური მოძრაობის“ უმცირესობამ ერთობლივად შეიმუშავეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG