Accessibility links

logo-print

უკრაინულ „ღირსების დღეს“ რუსეთმა „უკრაინელი დივერსანტების“ შეპყრობით უპასუხა


ევრომაიდანი, 2014 წელი

ევრომაიდანი, 2014 წელი

უკრაინაში აღნიშნავენ „ღირსებისა და თავისუფლების დღეს“, მესამე წლისთავს ევრომაიდნის საპროტესტო აქციების დაწყებიდან, რომელიც ოთხი თვის თავზე პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა. 21 ნოემბერს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ორდენებით დააჯილდოვა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, ერთი დღით ადრე კი რუსეთმა განაცხადა, რომ სპეცსამსახურებმა „უკრაინელი დივერსანტების ჯგუფის“, სულ მცირე, ორი წევრი შეიპყრეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

ზედიზედ მესამედ „ღირსებისა და თავისუფლების დღე“ კიევში დედაქალაქის ცენტრიდან, თავისუფლების მოედნიდან, იწყება, სადაც სამი წლის წინ პოლიციის რაზმებთან შეტაკებებში დაღუპული „ზეციური ასეულის“ მემორიალი დგას. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, 21 ნოემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, კიევში რევოლუციის მუზეუმისა და ახალი მემორიალის აგების შესახებ.

ამასთან, პოროშენკო თავად იქნება იმ საქველმოქმედო ფონდის პირველი სპონსორი, რომელიც შეაგროვებს სახსრებს მემორიალური მუზეუმის შესაქმნელად და ჩაატარებს საერთაშორისო კონკურსს საუკეთესო პროექტის გამოსავლენად.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ცვლილებებს, რომელთაც სამი წლის წინ ევრომაიდნის საპროტესტო მოძრაობამ დაუდო სათავე.

„ევრომაიდანმა და ღირსების რევოლუციამ ჩვენ შემოგვაბრუნა საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელის სახელმწიფო მოწყობისაკენ, ხოლო ჩვენი პოლიტიკური სისტემა დემოკრატიული და ევროპული გახადა. სამი წლის განმავლობაში უკრაინაში სამი გამჭვირვალე და დემოკრატიული საარჩევნო პროცედურა, ანუ წელიწადში საშუალოდ ერთი არჩევნები, ჩატარდა. და მიუხედავად გარკვეული მოწოდებებისა, მე არ დავყევი ზეწოლას და საგარეო სამხედრო აგრესიის პირობებშიც კი არ გამოვაცხადე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა“, განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ, რომელმაც ორდენებით დააჯილდოვა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები.

ასე უწოდებს კიევი საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინის არმიას რუსეთის მიერ შეიარაღებული და დაფინანსებული დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ უხდება ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის. კონფლიქტის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში 9 600 კაცი დაიღუპა. მინსკის სამშვიდობო შეთანხმებისა მიუხედავად, ბრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ გრძელდება.

20 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაცხადა, რომ მას თანამდებობის დატოვებამდე სურს შეთანხმების მიღწევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგების თაობაზე. ობამას თქმით, იგი უკრაინის შესახებ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, და მოუწოდა მას დაარწმუნოს მოსკოვის მხრიდან მომლაპარაკებლები, იმუშაონ საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებთან, რათა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას.

ამ ფონზე, რუსეთმა განაცხადა, რომ „უკრაინელი დივერსანტების ჯგუფის“, სულ მცირე, ორი წევრი შეიპყრეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით 20 ნოემბერს გადაიცა ორი სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკითხვის კადრები. იუწყებიან, რომ უკრაინის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე, ოლექსი სტოჰნი და გლებ შაბლი, გასულ კვირაში დააპატიმრეს. მათ გარდა კიდევ სამი ეჭვმიტანილი იყო გაერთიანებული ჯგუფში, რომელიც ყირიმში დივერსიული აქტების ჩატარებას გეგმავდა. რუსეთის ხელისუფლებამ 10 ნოემბერსაც განაცხადა სევასტოპოლში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შეპყრობის თაობაზე. უკრაინის მხარემ ამ ცნობას „რუსეთის პროპაგანდის მიერ შეთითხნილი მორიგი ცილისწამება“ უწოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG