Accessibility links

logo-print

უმცირესობათა სალოცავები მოუვლელობისგან ინგრევა


მეჩეთის ნანგრევები ადიგენში

მეჩეთის ნანგრევები ადიგენში

რა მდგომარეობაშია რელიგიური უმცირესობების სალოცავები საქართველოში? ამის გასარკვევად ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტი განახორციელა და საქართველოში არსებული მეჩეთები და სინაგოგები მოინახულა. შედეგად გაირკვა, რომ ბევრი სალოცავი ამჟამად უპატრონოდ არის მიტოვებული, ინგრევა და მას არც ადგილობრივი მოსახლეობა უვლის, არც სახელმწიფო.

ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე მუჯირი ამბობს, რომ განსაკუთრებით ბევრი მიტოვებული მეჩეთი არის სამცხე-ჯავახეთში. ისინი მესხების გადასახლების შემდეგ დარჩა. ზუსტი რაოდენობის შესახებ მონაცემები არ არსებობს და მხოლოდ ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ მეჩეთების რაოდენობა, დაახლოებით, ოთხმოცია:

„როცა სამცხე-ჯავახეთში ვიყავით, ვნახეთ მეჩეთები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ისინიც, რომელიც სტატუსის გარეშეა, მაგალითად, ოთას მეჩეთი. მაგრამ რა პრიორიტეტი აქვს სტატუსის მქონეს? არანაირი, მათაც საწყობად და ბოსლად იყენებენ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჟურნალისტებისთვის სამცხე-ჯავახეთში მოაწყო მედიატური, რომლის შედეგადაც სხვადასხვა რედაქციების წარმომადგენლებმა შეძლეს საკუთარი თვალით ენახათ რამდენიმე მეჩეთი და სინაგოგა. ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ხშირად მოსახლეობაში ვრცელდება ან საგანგებოდ ავრცელებენ აზრს, თითქოს ეს მეჩეთები ეკლესიის ქვებით არის აშენებული. შედეგად, ხალხს სურვილი უჩნდება, ნაგებობები დაშალოს და მათ ადგილას ისევ ტაძრები ააშენოს:

„ავრცელებენ ჰიპოთეზას, რომ ეს მეჩეთები არის აშენებული ეკლესიის ძველი ქვებით, რაც არანაირ მეცნიერულ დასაბუთებას არ შეიცავს“.

მოსახლეობის ამგვარი განწყობა შეინიშნებოდა როგორც სოფელ ადიგენში, ასევე სოფელ ფლატეში. ადიგენის მკვიდრმა მურმან ფაილოძემ განაცხადა, რომ მეჩეთის აღდგენას ყველანაირად შეეწინააღმდეგება როგორც თვითონ, ასევე მთელი სოფელი.

მურმან ფაილოძე: რა აუცილებლობას წარმოადგენს? არის ეგერ მეჩეთები და ილოცონ, ვინ უშლით?

ალეკო ცქიტიშვილი: ესეც ხომ მეჩეთი იყო და არ შეიძლება მეჩეთად აღდგეს?

მურმან ფაილოძე: და არ შეიძლება მონასტრად აღდგეს?

ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი: მეჩეთი იყო და მონასტრად როგორ უნდა აღდგეს?

მურმან ფაილოძე: ბატონო, როგორ ამტკიცებ, რომ მეჩეთი იყო?

ალეკო ცქიტიშვილი: ეს დამტკიცებულია.

იგივე განაცხადა სოფელ ფლატეს მკვიდრმა ვაჟა ჭიტაძემაც:

„გადავხუროთ ან მოვაცალოთ (ნაშალი) ზევიდან, რომ ბავშვებს არ დაეცეს და არ დავაზიანოთ ვინმე. რად გვინდა მეჩეთი? არ დავანებებთ არავის!“

ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე მუჯირი ამბობს, რომ საქართველოში რამდენიმე მეჩეთი, მართლაც, ეკლესიის ქვებით არის აშენებული, მაგრამ არა ყველა:

„არის შემთხვევები (მაგალითად,კლდის მეჩეთი) როცა მეჩეთი აშენებეულია ეკლესიის ადგილას ან ნაეკლესიარი ქვებით, მაგრამ მართლა მითივით არის გავრცელებული, თითქმის ყველა სოფელში ამბობენ, რომ ეკლესიის ქვებით არის აშენებული, რაც დიდი შეცდომაა. ასე არ არის“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ადიგენისა და ფლატის მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ, როგორც ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, კიდევ უამრავი სალოცავია, რომელსაც ამგვარი სტატუსი ეკუთვნის, მაგრამ არა აქვს.

ქრისტინე მუჯირის თქმით კი, საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტო მეჩეთების მოვლა-პატრონობისგან, ასევე მათი აღდგენისგან თავს უსახსრობის გამო იკავებს, მაგრამ იმდენი მაინც უნდა მოახერხონ, რომ სალოცავთან ახლოს საინფორმაციო დაფები დადგან:

„მაგალითად, ზიკილიას მეჩეთშიც ადგილობრივმა, რომელიც საწყობად იყენებს ამ მეჩეთს, გვითხრა, ძალიან მალე შეიძლება ჭერი ჩამოინგრესო. მეჩეთების მთავარი ფასეულობა არის მათი შემკულობა და გუმბათი თუ ჩამოინგრა, ფასეული არაფერი დარჩება. ელემენტარულად, შეიძლება გადაიხუროს მაინც, რომ არ აწვიმდეს“.

ალეკო ცქიტიშვილი კი ამბობს, რომ კარგი იქნება გამოიყენონ კულტურული ძეგლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკაც, რათა სალოცავს კეძო პირებმა მაინც მიხედონ:

„ჩანს, რომ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა როგორც რესტავრაციის მიმართულებით, ასევე საკუთრების მიმართულებითაც. ჩვენ ვნახეთ სინაგოგა, რომელიც კერძო საკუთრებაში გადაეცა ებრაელ თემს და მას რესტავრაციაც ჩაუტარდა, მაგრამ იქვე ვნახეთ მეორე სინაგოგა, რომელსაც რესტავრაცია ჯერ არ ჩასტარებია“.

სინაგოგა, რომლისგანაც ახლა მხოლოდ კედლებია დარჩენილი, წლების განმავლობაში სხვადასხვა ფუნქციით იყო დატვირთული: აქ გახსნილი იყო კინოდარბაზი, შემდეგ კი კრივში სავარჯიშოდ იყენებდნენ. მოგვიანებით მოკრივეებმა სხვა შენობა იშოვეს, მიტოვებულ სინაგოგაში კი უსახლკარო ოჯახი შესახლდა, უფრო სწორად, შესახლდა იმ ოთახში, რომელიც, თავის დროზე, სინაგოგას მიაშენეს. შორენა კაკოშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება რამე ფართს გამოუყოფს, სინაგოგიდან გამოსახლდება:

„დამაკმაყოფილონ ერთი ოთახით, რომ ჩემი შვილით და შვილიშვილით გადავიდე. მეუბნებიან, სოფელ ვალეში მოგცემთ ბინასო, მაგრამ მე არ მაწყობს, რადგან აქ ვმუშაობ, სახლებს ვალაგებ. სოციალურად დაუცველიც ვარ“.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი მანანა ვარძელაშვილი ამბობს, რომ რადგანაც ბიუჯეტი ყველა ძეგლს არ ჰყოფნის, პრიორიტეტს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს ანიჭებენ და ასევე იმ სამუშაოებს, რომლებიც გადაუდებლად არის ჩასატარებელი.

„წელს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ხორციელდება ახალციხის წყვილი აბანოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს მის კონსერვაციას, გამაგრებას. ასევე ვაპირებთ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებასაც“.

მისივე თქმით, 2014 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შევიდა ცვლილება, რომლიც თვითმმართველობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ავალდებულებს. მანანა ვარძელაშვილი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, რაიონებში არა აქვთ საჭირო ცოდნა კულტურული მემკვიდრეობისმოვლასთან დაკავშირებით, ამიტომ 2015 წლიდან მუნიციპალიტეტებში, ამ კუთხით, სპეციალური ტრენინგები ტარდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG