Accessibility links

logo-print
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ორგანიზებით, 20 იანვარს „ევროპის სახლში“ გაიმართა კონფერენცია, რომელზეც უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა 2013 წელს საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა შეაჯამეს. ეთნიკური და რელიგიური ნიშნით არსებული დისკრიმინაციის ფაქტების, ქალთა მიმართ ძალადობის, ნარკოდამოკიდებულ ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებრივი ვითარების მიმოხილვის გარდა, კონფერენციაზე ლგბტ პირთა შესახებ გამოკვლევის შედეგებიც წარმოადგინეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ სულ 110 გეი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი კაცი გამოკითხა იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის ამ სოციალური ჯგუფის უფლებები დაცული საქართველოში. როგორც „იდენტობის“ წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე აღნიშნავს, გამოკვლევის შედეგები სავალალოა: გამოკითხულთა 85 % ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ მაინც გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი:

„ამაში იგულისხმება შანტაჟი, მუქარა ორიენტაციის გამჟღავნების გამო, იძულებითი იზოლაცია... რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, 55 % ამბობდა, რომ არასოდეს ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, დანარჩენები კი აღნიშნავდნენ, რომ ისინი სამჯერ და მეტჯერ გამხდარან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და, მიუხედავად ამისა, არ მიუმართავთ პოლიციისათვის ორი ძირითადი მიზეზის გამო - პოლიცია, მათი აზრით, მაინც არ იმუშავებდა ეფექტურად, რაც, როგორც წესი, მართლა ასე ხდება და, მეორე, მათ ჰომოფობიურად მოექცეოდა“.

ირაკლი ვაჭარაძის თქმით, გამოკითხულთა 29 %-ის შემთხევევაში, ფიზიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ცემა, პანღური, წიხლის მირტყმა - გამოკითხულთა შედარებით მცირე ნაწილი, სულ 10 ადამიანი, იარაღის დამიზნების ფაქტსაც ასახელებდა, 8 მათგანმა კი თქვა, რომ მათ გაუპატიურებით დაემუქრნენ. საინტერესოა, რომ როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ მოძალადეთა შორის ხშირად არიან ახლობლები და ნაცნობები, რომლებიც აგრესიას კონკრეტული პირის ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეტყობის შემდეგ ავლენენ. ოჯახის წევრების მხრიდან უფრო ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობა.

ამ თემის უდიდესი უმრავლესობა იმალება. არადა, ისინი არსებობენ ჩვენ შორის, ეს კი შეუსაბამობაში მოდის მათ უფლებებთან, რადგან ადამიანს აქვს ჯანსაღად განვითარების უფლება...
გამოკითხული 110 კაციდან პოლიციის მხრიდან ძალადობა დაადასტურა 3-მა ადამიანმა. ირაკლი ვაჭარაძის ინფორმაციით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა პოლიციას, მისი თმენის ვალდებულებიდან და, ზოგადად, მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ასეთი დამოკიდებულება საერთოდ არ უნდა ახასიათებდეს. რაც შეეხება იმას, თუ სად ძალადობენ ლგბტ თემის წევრებზე, ასეთ ძირითად ადგილად მაინც საჯარო სივრცე რჩება - ქუჩა, ტრანსპორტი, ღამის კლუბი.

პოლიციის მიმართ დაბალ ნდობაზე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ 15 % მიმართავს მას საჭიროების შემთხვევაში და ამას იმით ხსნის, რომ პოლიციის ეფექტური მუშაობის არ სჯერა. თუმცა ვინც პოლიციას მიმართა, სამართალდამცავების მოქცევით უკმაყოფილონი არ დარჩენილან - დასკვნა ის არის, რომ პოლიციას ამ ჯგუფის ნდობა აქვს მოსაპოვებელი. გამოკვლევის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ხშირად მალავენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას. აღმოჩნდა, რომ 61 %, როგორც წესი, თავის ნამდვილ სახეს ყველასთან მალავს: „ამ თემის უდიდესი უმრავლესობა იმალება. არადა, ისინი არსებობენ ჩვენ შორის, ეს კი შეუსაბამობაში მოდის მათ უფლებებთან, რადგან ადამიანს აქვს ჯანსაღად განვითარების უფლება, რაც იმასაც გულისხმობს, რომ სოციალურად მიღებული იყოს დანარჩენი საზოგადოების მიერ“.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების სეგრეგაცია დღემდე მიღებულია - იერარქიის მიხედვით ნაწილდებიან საკნებში. არის საკნები, მათ ეწოდებათ „საქათმეები“, სადაც მსმ პატიმრები იხდიან სასჯელს...
2013 წელს „იდენტობამ“ ციხეებში მსმ ჯგუფის (მამაკაცი, რომელსაც აქვს სექსუალური ურთიერთობა მამაკაცთან) მდგომარეობაც გამოიკვლია. როგორც ორგანიზაციის იურისტი ნინო ბოლქვაძე აცხადებს, დაუცველი სქესობრივი კავშირების გამო ამ ჯგუფში საკმაოდ დიდი რისკები არსებობს აივ ინფექციის გავრცელებისა. ამ კვლევაში მონაწილეობა 28 ყოფილმა პატიმარმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა პირმა მიიღო. გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენიმე საზოგადოებისათვის აქამდე ცნობილი ფაქტიც:

„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების სეგრეგაცია დღემდე მიღებულია - იერარქიის მიხედვით ნაწილდებიან საკნებში. არის საკნები, მათ ეწოდებათ „საქათმეები“, სადაც მსმ პატიმრები იხდიან სასჯელს“.

დისკრიმინაციის არსებობას ციხეებში ის ფაქტიც ადასტურებს, ამბობს ნინო ბოლქვაძე, რომ ყველაზე ბინძურ და შრომატევად საქმეს ე.წ. „საქათმეში“ მოხვედრილი პატიმარი აკეთებს. ფორმალურია ფსიქოლოგის მომსახურება და იშვიათად რიგდება თავდაცვის საშუალებები. დისკრიმინაციის მკაფიო მაგალითად ნინო ბოლქვაძე ასახელებს შემთხვევას, როდესაც ე.წ. „საქათმეში“ მყოფ პატიმარს სხვებისგან გამოსარჩევად ხელზე სამკლაური ეკეთა.

შესაბამისად, „იდენტობის“ მთავარი რეკომენდაციებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ კეთდება: შეწყდეს პატიმართა საკნების სეგრეგაცია, აიკრძალოს სამკლაურები, დროულად მიაწოდონ ჰიგიენური საშუალებები, ასევე რესოციალიზაციის პროგრამებში გაითვალისწინონ მსმ ჯგუფის საჭიროებებიც.

20 იანვარს გამართულ კონფერენციაზე უმცირესობათა ჯგუფების მდგომარეობის ამსახველი მოკლე მოხსენებები, „იდენტობის“ გარდა, კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ წარმოადგინა. მათ შორის იყო „ზიანის შემცირების ქსელიც“, რომლის წარმომადგენელმა, ზურაბ ტატანაშვილმა, საქართველოში ნარკოდამოკიდებულ ქალთა პრობლემებზე ილაპარაკა და კანონის ლიბერალიზაციის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემატური მოხსენებების საერთო პათოსი ის იყო, რომ საქართველოში უმცირესობათა უფლებები დღემდე ირღვევა. შესაბამისად, ხელისუფლებისადმი მიმართული ყველა რეკომენდაციის მთავარი არსი უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა და მათი უფლებების დაცვაა.
XS
SM
MD
LG