Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი
96 - მომხრე, 0 - წინააღმდეგი - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული დოკუმენტი თავდაპირველად 14-პუნქტიანი ინტერფრაქციული შეთანხმების სახით იყო ჩაფიქრებული, თუმცა ბოლოს 19-პუნქტიანი რეზოლუციის სახით ჩამოყალიბდა. როგორ მოხერხდა შეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის?

განხილვამ კამათის გარეშე ჩაიარა. აშკარად ჩანდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საფუძვლიანად იყვნენ შეთანხმებული რეზოლუციის ტექსტის გარშემო. ის კოლეგებს თავიდან ბოლომდე წაუკითხა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ. ბევრგან შეხვდებით აქცენტს, რომელიც ადასტურებს საქართველოს მტკიცე ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ასეა, მაგალითად, დოკუმენტის მე-3 მუხლშიც:

”ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს”.
ვიცით რა, რომ მიდის დასავლური ინტეგრაციის გზაზე, ამავდროულად, ვიცით საით არ წავა არასოდეს. საქართველო არასოდეს არ წავა, და ამ დოკუმენტით ჩვენ ერთად ვაცხადებთ, რომ საქართველო არ გადადგამს ნაბიჯებს დსთ-ში გაწევრიანებისაკენ...
გიორგი ბარამიძე

7 მარტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან აზრი, როგორც საკითხზე თანამომხსენებელმა, მხოლოდ დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ გამოთქვა. ის ამბობს, რომ დოკუმენტი მოიცავს ქვეყნისთვის პრინციპულ სამივე ასპექტს. ესენია: ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლის ერთგულება, ოკუპაციის დაგმობა-არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა და უარის თქმა რუსეთის ზეგავლენის ზონებში შესვლაზე:

”ვიცით რა, რომ მიდის დასავლური ინტეგრაციის გზაზე, ამავდროულად, ვიცით საით არ წავა არასოდეს. საქართველო არასოდეს არ წავა, და ამ დოკუმენტით ჩვენ ერთად ვაცხადებთ, რომ საქართველო არ გადადგამს ნაბიჯებს დსთ-ში გაწევრიანებისაკენ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართულებით, ევრაზიული კავშირის მიმართულებით და საბაჟო კავშირის მიმართულებით”.

გიორგი ბარამიძე რეზოლუციას ”წელში გამართულსა” და ”კარგ” დოკუმენტს უწოდებს და იქვე ამატებს, რომ მისი ტექსტი რადიკალურად განსხვავდება ინტერფრაქციული შეთანხმების თავდაპირველი ტექსტისგან. ის მადლობას უხდის კოლეგებს, რომ, სირთულეების მიუხედავად, კომპრომისული დოკუმენტის მიღება გახდა შესაძლებელი.

მართალია, ბევრი რამ მართლაც შეიცვალა და რეზოლუციის ტექსტში ვეღარ შეხვდებით, მაგალითად, ესოდენ სადავო მე-9 მუხლს, მაგრამ ძირითად არსს უცვლელად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ გიორგი ბარამიძის მიერ ნახსენები სიტყვა ”კომპრომისი” უადგილოდ მიაჩნია გიორგი ვოლსკის - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარესა და რეზოლუციის თანაავტორს და კიდევ ერთ თანამომხსენებელს კოალიცია ”ქართული ოცნების” მხრიდან:
შესაძლოა ამ დოკუმენტზე შეთანხმება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად და ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის მკაფიოდ გამოსაკვეთად და წარმატებების მისაღწევად, ისე შიდაპოლიტიკური საკითხების თაობაზე კონსტრუქციული მიდგომებისთვის...
დავით უსუფაშვილი

”რა კომპრომისი სჭირდება იმას, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი აქვს... თუკი რაიმე დამატება შემოგვთავაზეს კოლეგებმა იმ მიმართულებით, რომ გაგვეძლიერებინა ეს მიმართულებები, ეს კომპრომისი კი არ არის, არამედ ეს არის ელემენტარული ურთიერთგაგება”.

გიორგი ვოლსკი იმედოვნებს, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული რეზოლუციის დამტკიცებით, საბოლოოდ დაესმება წერტილი სპეკულაციებს კოალიცია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ოპონენტთა ბრალდებებს დეპუტატი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევს და შეახსენებს მათ, რომ რეზოლუციის ტექსტში ასახული დებულებები ”ქართული ოცნების” საპროგრამო დებულებებსაც წარმოადგენს:

”შესაძლოა ამ დოკუმენტზე შეთანხმება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად და ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის მკაფიოდ გამოსაკვეთად და წარმატებების მისაღწევად, ისე შიდაპოლიტიკური საკითხების თაობაზე კონსტრუქციული მიდგომებისთვის”, - განაცხადა დასკვნის სახით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და იქვე გამოთქვა იმედი, რომ იმედი არ გაუცრუვდება.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ ინტერფრაქციული შეთანხმების რეზოლუციად გადაქცევის მიზეზად საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის დაგვიანებას ასახელებს. როგორც ისინი განმარტავენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის მიერ 18 იანვარს დაგზავნილ ინტერფრაქციულ შეთანხმებას არანაირი სერიოზული გამოხმაურება არ მოჰყოლია და რადგანაც ყველანაირი ვადა ამოიწურა, 7 მარტისთვის დოკუმენტმა უკვე რეზოლუციის სახე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მუშაობა ტექსტზე მხოლოდ ბოლო საათებში გახდა შესაძლებელი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG