Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

"სამსახურის მოძებნის ალბათობა უცხოეთშიც შემცირდა"


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ნუნუ ფერიაშვილი პროფესიით პედაგოგია და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 2006 წლამდე იმუშავა სკოლაში და მისი სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად 25 ლარს შეადგენდა. სწორედ 6 წლის წინ მიხვდა, რომ 25 ლარად ორი სტუდენტის შენახვა და, ამავე დროს, ოჯახის რჩენა შეუძლებელი იყო და ამიტომ სამუშაოდ იტალიაში წასვლა გადაწყვიტა. ნუნუ ფერიაშვილი ამჟამად შვებულებაშია და ლაგოდეხში ისვენებს. როგორც სხვა ბევრი ქართველი, ის იტალიის ქალაქ ფლორენციაშია და ბუჩონების ოჯახში მუშაობს.

"ძალიან რთული საქმე იყო, რომელსაც ვეჭიდებოდი, მაგრამ მაინც გავბედე და გავაკეთე. რუსული ანდაზა მომწონს, რომელიც ესადაგება ჩემს მდგომარეობას და რაღაცნაირად ჩაჯდა გონებაში: “რისკი კეთილშობილი საქმეა”. ამიტომ გავრისკე და წავედი."

ნუნუ ფერიაშვილი ამბობს, რომ ქართველები ემიგრაციაში სასიკეთო საქმეს აკეთებენ - ეხმარებიან ოჯახებს ხანში შეული ადამიანების მოვლაში, ხოლო ანაზღაურება, რასაც ემიგრანტებს უხდიან, იტალიური ოჯახებისთვის უმნიშვნელო, ქართველებისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნუნუ ფერიაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ამ ქვეყანაზეც უარყოფითად იმოქმედა და სამსახურის მოძებნის ალბათობა შეამცირა. მაგრამ ფიქრობს, რომ მას გაუმართლა, რადგან ოჯახთან, სადაც მუშაობს, მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებს.

"ფლორენცია ჩემთვის მეორე სამშობლოა. ამ ქალაქში მე-6 წელია ვარ და მის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია. იმდენად შევეჩვიე, რომც მომცენ უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, მე სხვაგან ვერსად ვერ წავალ."

საქართველოში ჩამოსვლაზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან ზუსტად იცის, რომ აქ, მისი ასაკიდან გამომდინარე,უმუშევარი დარჩება, თუმცა ამბობს, რომ, 2006 წლის საქართველოსთან შედარებით, დღევანდელი ქვეყანა შეცვლილია.

"მერე, ალბათ, წამოვალ, მაგრამ გული დამწყდება ძალიან. მე არ ვიცი მერე რანაირად ვიქნები. ალბათ, ხან აქ ვიქნები და ხან იქ, იმიტომ რომ მიჭირს ამ ადგილის დატოვება და იქიდან წამოსვლა."

რეპორტაჟის კიდევ ერთი რესპონდენტი მაია რეხვიაშვილია. ის პროფესიით ისტორია-სამართალმცოდნეობის სპეციალისტია, თუმცა ამ მიმართულებით არ უმუშავია. ისიც, ნუნუ ფერიაშვილის მსგავსად, ახლა ლაგოდეხშია. თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მიზეზი, რის გამოც ერთი წლის წინ საქართველო დატოვა, უკიდურეს გაჭირვებას უკავშირდება. ამბობს, რომ მისი საქმიანობა არ არის ადვილი:

"იქ როცა ვმუშაობ, თითქოს კმაყოფილი ვარ, რომ ჩამოვალ და ჩამოვიტან გარკვეულ თანხას. ამით მგონია, რომ ბედნიერები იქნებიან ოჯახის წევრები, მაგრამ აქ ჩამოსულს სულ ახალ-ახალი პრობლემები მხვდება და მე ვთვლი, რომ ჩვენი ანაზღაურება არ არის საკმარისი. იმ ხელფასის ნახევარი რომ მქონდეს აქ, მე კმაყოფილი ვიქნები მაინც იმით, რომ ვიქნები ჩემს ოჯახთან."

მაია რეხვიაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან მუშაობის პერსპექტივას აქ ვერ ხედავს. თვლის, რომ თუ ფაბრიკა-ქარხნები არ გაიხსნა, ძნელია რიგით ადამიანებს მუშაობის ილუზია ჰქონდეთ.

"ჩემი აზრით, სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან მარტივია: ააშენე ის, რაც საჭიროა – ფაბრიკა-ქარხნები, რითიც არსებობდნენ ჩვენი მშობლები, რითიც ინახავდნენ ოჯახებს. შეიძლება ახლა ვინმეს ეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ეს იქნება დიდი ბედნიერება."

ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ კაკალაშვილს უჭირს იმის თქმა, თუ რამდენი ლაგოდეხელია სამუშაოდ საქართველოს საზღვრებს გარეთ გასული. კაკალაშვილი ამბობს, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელიც 4 წელზეა გაწერილი და პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდებათ. რაც შეეხება ლაგოდეხს, ის დასაქმების პერსპექტივას ტურიზმის განვითარებაში ხედავს. კაკალაშვილი აქვე ამბობს, რომ საარჩევნო დაპირება, რომელიც მან ლაგოდეხელებს 2008 წელს მისცა, ვერ შეასრულა:

"ძირითადად, ტურიზმის სფეროს უნდა მივხედოთ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ კეთდება. თითქმის ათეულობით საოჯახო სასტუმრო გვაქვს უკვე ლაგოდეხში და ყველა დატვირთულია. 2008 წელს ჩემი დაპირება იყო ამომრჩევლებისთვის საკონსერვო, გადასამუშავებელი ფაბრიკის აღდგენა, რაც ვერ შევძელი, მაგრამ ის ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც სიმინდის გადასამუშავებელი და შესანახი ქარხანაა, ჩემი ინიციატივით გაკეთდა."

იქნება თუ არა ახალი სამთავრობო პროგრამა ქართველი ემიგრანტების დაბრუნების მიზეზი, ეს მომავალში გამოჩნდება. ჩვენი რესპონდენტები კი ამბობენ, რომ თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, ისინი საქართველოში ჯერ ვერ დაბრუნდებიან.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG