Accessibility links

logo-print
ზუგდიდის მკვიდრი არჩილ თოდუა გერმანიაში დასთან ერთად 2 წელი ცხოვრობდა. ის საქართველოში მამის ავადმყოფობამ დააბრუნა და, მიუხედავად დიდი სურვილისა, გერმანიაში ჯერჯერობით ვერ მიდის. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰყვება, რომ გერმანიაში სასწავლებლად წავიდა, გაიარა მაგისტრატურა და ჰქონდა დასაქმების შესაძლებლობაც. გერმანიაში ასევე სასწავლებლად წავიდა მისი დაც. არჩილის თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში დასაქმებულებს შესაფერისი ანაზღაურება აქვთ. მისივე განმარტებით, სწორედ ეს ხდება მშობლიური ქვეყნის დატოვების მთავარი მიზეზი.

„ჩემი და სწავლობდა სამედიცინო უნივერსიტეტში და ექვსწლიანი კურსის გავლის შემდეგ მას საქართველოში უწევდა რეზიდენტურის კურსის გავლა, რაც საკმაოდ ძვირად ღირებულია ჩვენთან – შეიძლება ვიღაცისთვის არც ისე ძვირად ღირებული, მაგრამ ჩვენ ფინანსურად ვერ გავწვდებოდით ამ ხარჯებს. გარანტია იმისა, რომ მისი გავლის მერე ის საქართველოში მიიღებდა ნორმალური ანაზღაურების სამსახურს, ჩვენ არ გვქონია“, – ამბობს არჩილ თოდუა.

ქვეყნის დატოვების მთავარ მიზეზად დასაქმების პრობლემას ასახელებენ რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეებიც:

„არის უმუშევრობა, თავს ვერ ირჩენენ, ამიტომ იძულებულია ხალხი, რომ წავიდეს.“

„ოჯახის წევრები თითქმის ყველა საზღვარგარეთ მყავს და რაღაც კაპიკებით, გროშებით ბრუნდებიან აქეთ.“

„ვინც განათლებულია და სპეციალურად ბიზნესგეგმით მიდის, იმას უმართლებს,მაგრამ ჩვენისთანა ხალხი უნდა გაერკვეს ამ საკითხში“, – ამბობენ რესპონდენტები.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსი და „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი კახა ჯიქია აცხადებს, რომ კომისიამ სამეგრელოს რეგიონის ყველა საარჩევნო უბანში მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციების შეგროვება უკვე დაასრულა. მიუხედავად ამისა, კახა ჯიქიას ზუსტი ცნობები არა აქვს, თუ რამდენი მოქალაქე იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთიდან საზღვარგარეთ. ამ ეტაპზე ის ქვეყნის მასშტაბით არსებულ ციფრებს ასახელებს:

„300 ათასამდე პირი, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა, იმყოფება საზღვარგარეთ. 165 ათასზე მეტი პიროვნება დაუდგენელია. ეს არ არის პატარა ციფრი. ვინმეს პატარა ციფრად არ მოეჩვენოს, იმიტომ რომ ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები. მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, ძირითადი მიზეზი, მიუხედავად იმ სტაბილურობისა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, არის დიდი უმუშევრობა.“

კახა ჯიქიას განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ქვეყანა არალეგალურად აქვს დატოვებული და მათი აღრიცხვა რთულია. მისვე თქმით, ქვეყნიდან გასული მოქალაქეების შესახებ შედარებით სრულყოფილი ინფორმაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი, მაშინ როცა სახელმწიფო „კარდაკარის“, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს საელჩოების მიერ მიწოდებული ინფორმაციები შეჯერდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG