Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიცხვები პოლიტიკის სამსახურში?


შეკითხვაზე, შემცირდა თუ არა დასაქმებულთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, განსხვავებული პასუხი აქვთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, 2013 წლის პირველ კვარტალში სამსახური კერძო სექტორში დასაქმებულმა 42 ათასმა მოქალაქემ დაკარგა; ასევე 26 პროცენტით შემცირდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის მოცულობა. ოპოზიციის მიერ მოტანილ ამ მონაცემებს ხელისუფლება ეჭვქვეშ აყენებს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ოპოზიციის არგუმენტებს არც საქსტატის ხელმძღვანელი იზიარებს. როგორია, დასაქმების თვალსაზრისით, რეალური ვითარება საქართველოში?

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდასა და ეკონომიკის ვარდნას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 22 პროცენტითაა შემცირებული ბიზნესსექტორის ბრუნვა. ჯაფარიძის თქმითვე, არასწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ
ნეგატიური ეკონომიკის მთავარი მიზეზი მთავრობის ურთიერთგამომრიცხავი და არათანმიმდევრული პოლიტიკაა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ხელისუფლებას შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს სთავაზობს:
ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე

„უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, როგორც ეს იყო დაგეგმილი 2012 წელს დეკემბერში საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებამდე. ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ასევე გამოცხადდეს ამნისტია ეკონომიკური ხასიათის დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს დაცულობის განცდა ქართულ ბიზნესში. სასამართლოს ნებართვის გარეშე სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს არ უნდა ჰქონდეს უფლება შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს“.

ზურაბ ჯაფარიძის ამ შეთავაზებასა და წარმოდგენილ სტატისტიკურ მონაცემებს ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა. ნოდარ ხადურის თქმით, გადასახადების მობილიზების მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია წინამორბედი მთავრობის მანკიერმა პრაქტიკამ წინსწრებით აეკრიბა გადასახადები:

„დღგ-ს გარდა სხვა გადასახადებიც არის ამოღებული. მაგალითისათვის გეტყვით: ზესტაფონში მუშაობს ერთ-ერთი მსხვილი საწარმო, რომელსაც შარშან ზედმეტად გადაახდევინეს 1,2 მილიონი ლარი ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში. თანხა მოხმარდა ფასადების შეკეთებას, შეღებვასა და სხვა პროცესებს. საწარმოს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ აღარ გადაიხდის წელს, რადგანაც შარშან ზედმეტი გადაიხადა. 351, 7 ათას საწარმოს აქვს ამგვარი ზედმეტობა“.
ადამიანი მიტოვებულია ღვთის ანაბარად, დასაქმების ხელშეწყობის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. თუ გავლენიანი ჯგუფის წევრი არ ხარ და ვინმე არ გმფარველობს, ვერაფერს გააკეთებ...
დემურ გიორხელიძე

ნოდარ ხადურის თქმით, ასევე არასწორია ის მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდა დააფიქსირეს:

„ეს დაახლოებით იგივეა, ქორწილების რაოდენობა რომ შევადაროთ ერთმანეთს შაბათსა და სამშაბათს. შედარებადი სიდიდეები უნდა იყოს, ანუ შაბათი უნდა შეადარო შაბათს. პირველი კვარტალი უნდა შეადარო პირველ კვარტალს და არა მეოთხეს. თანაც, არ ვამბობთ, რომ ძალიან წარმატებული პირველი კვარტალი გვქონდა, მაგრამ ეს არის, რაც იყო. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა 160 ათასით.“

ვითარებაში გასარკვევად რადიო თავისუფლება საქსტატის ხელმძღვანელს ზაზა ჭელიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში ბრუნვამ და გამოშვებული პროდუქციის მოცულობამ შეადგინა, შესაბამისად, 8 მილიარდ 600 მილიონი და 4 მილიარდ 330 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ - 48 ათასი.

„ჩვენ თუ შევადარებთ ამ მონაცემებს 2012 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებს, მაშინ სამივე პარამეტრი შემცირებულია, მაგრამ პირველი კვარტალი, სტატისტიკურად, მეოთხე კვარტალს არ უდარდება. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ყურძნის მოსავლის მაჩვენებლები შევადაროთ შემოდგომასა და გაზაფხულზე. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე ყურძენი საერთოდ არ მოდის. ამიტომ, თუ გვსურს
ზაზა ჭელიძე
ზაზა ჭელიძე
სტატისტიკური ანალიზის ჩატარება, მაშინ კვარტალი უნდა შევადაროთ ანალოგიურ კვარტალს. თუ 2013 წლის პირველ კვარტალს შევადარებთ 2012 წლის პირველ კვარტალს, მაშინ ვნახავთ, რომ ყველა პარამეტრით არის ზრდა“, - უთხრა ზაზა ჭელიძემ რადიო თავისუფლებას.

ზაზა ჭელიძის თქმით, 2012 წლის პირველ კვარტალში დასაქმებული იყო 47 ათასი ადამიანი, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში - 48 ათას 500, ანუ 1500-ით მეტი. თუმცა ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ამგვარი მაჩვენებლებით კმაყოფილი ვერ იქნება ვერც ხელისუფლება და ვერც საზოგადოება, ამის ძირითადი მიზეზი კი მანკიერი საბანკო სისტემა და ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო პირობების არარსებობაა.

„ადამიანებს არ შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა. თუ არ შეუძლიათ მუშაობის დაწყება, მაშინ როგორ გაქრება უმუშევრობა? ხელისუფლების დონეზე, სახელმწიფო სტრუქტურებში, პირიქით, შესამცირებულია სამუშაო ადგილები, რადგანაც ეფექტურ მმართველობას ამდენი ხალხი არ სჭირდება. მოკლედ, ადამიანი მიტოვებულია ღვთის ანაბარად, დასაქმების ხელშეწყობის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. თუ გავლენიანი ჯგუფის წევრი არ ხარ და ვინმე არ გმფარველობს, ვერაფერს გააკეთებ. ჯერჯერობით ბიზნესის კეთების პირობები ძალიან ცუდია“, - უთხრა დემურ გიორხელიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG